მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას

10.11.2017 • 2079
აითვისებენ თუ არა აჭარის მაღალმთიანი მუნიციპალიტეტები თანხას

აჭარის ბიუჯეტის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან აჭარის მაღალმთიანმა მუნიციპალიტეტებმა წელს 5 მილიონ 054 ათას 492 ლარი მიიღეს, რითაც მთლიანობაში 11 პროექტი დაფინანსდა. ხუთი მილიონიდან ყველაზე მეტი თანხა, 2 054 717 ლარი, შუახევის მუნიციპალიტეტმა მიიღო.

აჭარის მთავრობის მუნიციპალური ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებს შორის შუახევში, ყველაზე ძვირადღირებული პროექტი ჩანჩხალოსა და ნიგაზეულის სოფლების წყალმომარაგების სისტემების მოწყობაა, რაც 1,5 მილიონი ლარითაა დაფინასებული. წყლის სისტემის მოწყობის გარდა შუახევის გამგეობამ, შშმ პირებისთვის, დღის სარეაბილიტაციო ცენტრის მოსაწყობად 194  717 ლარი და კლდისუბანში ხიდისა და  მისასვლელი გზის რეაბილიტაციისთვის 360 000 ლარი მიიღო.

აჭარის მუნიციპალური ფონდიდან ხულოს მუნიციპალიტეტში ოთხი პროექტი დაფინანსდა.

ხულოს მუნიციპალიტეტმა  354 550 ლარი კვატია – ბარდნალის საავტომობილო გზის რეაბილიტაციისთვის მიიღო,  293 706 ლარი – კურორტ ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზების რეაბილიტაციისთვის, 330 839 ლარი – სოფელ ტუნაძეებში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის  და 204 694 ლარი – სოფელ კორტოხის სასმელი წყლის შიდა ქსელის რეაბილიტაციისთვის.

ქედის მუნიციპალიტეტში 1 809 986 ლარით ოთხი პროექტი დაფინანსდა, მუნიციპალიტეტმა მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად – 593 940 ლარი,  ყოფილი „ადგილმრწეველობის კომბინატის“ სოციალურ სახლად გადასაკეთებლად – 436 046 ლარი, ზუნდაგის ბაგა-ბაღის რეკონსტრუქციისთვის 400 000 და ნაგავმზიდის შესაძენად 280 000 ლარი მიიღო.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, 8 ნოემბრის მდგომარეობით, ქედის მუნიციპალიტეტმა 1 809 986 ლარიდან 618 051 ლარი და 25 თეთრი აითვისა, შუახევის გამგეობამ – 2 054 717 ლარიდან მხოლოდ 15 000 ლარის ათვისება მოახერხა, რაც შეეხება ხულოს მუნიციპალიტეტს, აქ 1 189 789 ლარიდან ათვისებულმა თანხამ 259 215 ლარი შეადგინა.

პროცენტულად ყველაზე ნაკლები თანხა შუახევის გამგეობამ აითვისა. შუახევის გამგეობის ეკონომიკის, არქიტექტურისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსი ედნარ შარაშიძე განმარტავს, რომ ჩანჩხალო – ნიგაზეულის წყალმომარაგების სისტემის პროექტში მთავარ მოთხოვნად საექსპერტო დასკვნა ჰქონდათ ჩადებული, პროექტის შესწავლას კი დიდი დრო დასჭირდა. იგი ასევე ამბობს, რომ რომ კლდისუბანში ხიდის მოწყობითი სამუშაოები სანიაღვრე არხში ბოლო დროს წყლის მასის მატებამ შეაფერხა, ხოლო რაც შეეხება დღის სარეაბილიტაციო ცენტრს, სამსახურის უფროსი ამბობს, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს და ათვისებული 15 000 ლარიც ამ ობიექტზე მოდის.

„როცა ჩანჩხალო – ნიგაზეულის წყალსადენის პრექტს ექსპერტიზა ჩაუტარდა, ცდომილება გამოვლინდა, პროექტი დაბრუნდა გასასწორებლად, გასწორების შემდეგ კი ისევ ჩატარდა პროექტის ექსპერტიზა, რასაც დიდი დრო დასჭირდა. წყალსადენის მშენებლობაზე ელექტრონული შესყიდვა უკვე განხორციელდა და მალე დაიწყება მშენებლობა, ამ პროექტის განხორციელება 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემას უგვარებს. რაც შეეხება შშმ პირებისთვის დღის სარეაბილიტაციო ცენტრის და კლდისუბნის ხიდის მოწყობას – მისასველილი გზის რეაბილიტაცია ერთწლიანი პროექტია და წლის ბოლომდე დასრულდება სამუშაოები, კლდისუბანში ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს, ამ ხიდის მშენებლობა წყალდიდობამ შეაფერხა“ – ამბობს ედნარ შარაშიძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში დაფინანსებული სამი პროექტიდან, მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის, ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით კვატია – ბარდნალის საავტომობილო გზის მოწყობის პროექტი აღარ განხორციელდება, რადგანაც, გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის თქმით, სამხარაულის დასკვნით ამ სოფლებში გზის დახრილობა – რელიეფი არ პასუხობს საგზაო სტანდარტებს. რაც შეეხება სოფელ ტუნაძეებში სასმელი წყლის სისტემის პროექტის მშენებლობას, ლაშა ბოლქვაძის თქმით, სახელმწიფო შესყიდვა ვერ განხორციელდა, რადგან ტენდერის შედეგები ორჯერ გასაჩივრდა.

„გასაჩივრების პროცედურები არ დასრულებულა. რაც შეეხება დარჩენილ ორ პროექტს –  ბეშუმში ელექტროგადამცემი ხაზებისა და სოფელ კვატიაში სასმელი წყლის შიდა ქსელის მოწყობას – ეს პროექტები დასრულდა, მშენებლობის დასრულებაზე წერილი მშენებელმა კომპანიამ სამი დღის წინ წარმოადგინა, რითაც სრულად ათვისებული იქნება ორივე პროექტი“ – ამბობს ლაშა ბოლქვაძე.

ქედაში კი აცხადებენ, რომ ფონდიდან გამოყოფილ თანხას წლის ბოლომდე სრულად აითვისებენ.

„ავტომობილის შესყიდვაზე ტენდერი შედგა, მომწოდებელთან ხელშეკრულება გაფორმებულია, რაც შეეხება სარეაბილიტაციო სამუშაოებს – აქტიურად მიმდინარეობს“ – ამბობს ჯემალ ტაკიძე, ქედის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: