მთავარი,სიახლეები

ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად – კოალიცია

16.02.2025
ჟურნალისტებისთვის მუშაობაში ხელშეშლა საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად – კოალიცია

მედიის ადვოკატირების კოალიცია ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება, რა დროსაც “ოცნების ქალაქის” ტერიტორიაზე ორი მცირეწლოვანი ბავშვი დაიღუპა.

კოალიცია უსამძიმრებს ბავშვების მშობლებს, ნათესავებსა და ახლობლებს.

ასევე, მიმართავს „ქართულ ოცნებას“ და მიუთითებს, რომ მათი მხრიდან ჟურნალისტებისთვის მუშაობაში უკანონო ხელშეშლის ქმედებები ერთის მხრივ, საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების შეზღუდვას ისახავს მიზნად, მეორე მხრივ კი შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას.

„განსაკუთრებით შემაშფოთებელია “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის, სულხან მესხიძისა და “ბათუმელების” ჟურნალისტის ჯაბა ანანიძის მიმართ ზეწოლა, რაც “ქართული ოცნების” მიერ ორგანიზებულ მხარდამჭერთა მიერ განხორციელდა.

ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ “აჭარა თაიმსის” დამფუძნებლის სულხან მესხიძისათვის უკანონოდ ხელშეშლის ფაქტები მეორე დღეს 16 თებერვალსაც გრძელდება, კერძოდ მედიის ტექნიკის დაზიანება სცადეს, ჟურნალისტს კი ფიზიკური ანგარიშსწორებით დაემუქრნენ.

განსაკუთრებით შემაშფოთებელია, რომ ტრაგედიის ადგილზე ჟურნალისტებისთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელის შეშლას და მუქარას ჰქონდა ადგილი. საზოგადოებას აქვს სრული უფლება მიიღოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რამაც ორი ბავშვის გარდაცვალება გამოიწვია. “ქართული ოცნების” მხრიდან უკანონო ხელშეშლის ქმედებები კი მიზნად ისახავს საზოგადოების ინფორმირების შეზღუდვას და შესაძლო დამნაშავე პირების პასუხისმგებლობის დაფარვას,” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

მედიაკოალიციის განცხადებით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც “ქართული ოცნების” მხრიდან პოლიციის, უკანონო ფორმირებებისა თუ მხარდამჭერების დახმარებით ცდილობს ფიზიკურად იძალადოს და უკანონოდ ხელი შეუშალოს მედიის წარმომადგენლებს თავიანთი პროფესიული მოვალეობის შესრულებისას.

“აღნიშნულ დანაშაულებზე კი პასუხისგებაში არავინ არის მიცემული. 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე ასზე მეტი ფიზიკური ძალადობის, პროფესიული საქმიანობის უკანონო ხელშეშლის, ტექნიკის დაზიანებისა თუ მუქარის შემთხვევები დაფიქსირდა. თვეზე მეტია უკანონოდ დაკავებულია “ბათუმელების” და “ნეტგაზეთის” თანადამფუძნებელი და ხელმძღვანელი მზია ამაღლობელი, რომელიც არსებული რეჟიმის სინდისის პატიმარია. ქალბატონი მზია დაკავების დღიდან შიმშილობს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მედიის წინააღმდეგ მიმართული ნებისმიერი ძალადობრივ ქმედებასა თუ შეზღუდვაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილის “ქართულ ოცნებას”, რომელიც სისტემატურად ახდენს მედიაზე თავდასხმებს, დისკრედიტაციას და ქმნის მტრულ გარემოს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებისთვის,” – ნათქვამია მედიის ადვოკატირების კოალიციის განცხადებაში.

15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, ორი მცირეწლოვანი ბავშვი თხრილში ჩავარდა და დაიღუპა.  პირველადი ცნობებით, ბავშვები იმ ტერიტორიაზე ჩავარდნენ ორმოში, სადაც სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და მათ რამდენიმე საათის განმავლობაში ეძებდნენ.

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: