შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაიწყო ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვის დაღუპვის ფაქტზე.
„ოცნების ქალაქში“ ორი ბავშვი 15 თებერვალს წყლით სავსე თხრილში ჩავარდა. პირველადი ინფორმაციით, ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ექიმებმა ვეღარ შეძლეს.
შს სამინისტროს ცნობით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის 116-ე მუხლით – სიცოცხლის მოსპობა გაუფრთხილებლობით [ისჯება შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე. იგივე ქმედება, ჩადენილი ორი ან მეტი პირის მიმართ, – ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ხუთ წლამდე].
„ოცნების ქალაქში“ ტრაგედიის შემდეგ დღეს გამოჩნდა აჭარის არალეგიტიმური მთავრობის ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძე. კითხვაზე, რატომ არ იყო ტერიტორიაზე დაცული უსაფრთხოების ზომები, მან თქვა, რომ ეს არ არის სამშენებლო არეალი და ეს ტერიტორია მდებარეობს მოშორებით იმ ადგილიდან, სადაც მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოები უნდა განხორციელდეს, თუმცა მან მოქალაქის კითხვაზე, მაშინ რატომ მუშაობდა ტრაქტორები შემოუღობავ ტერიტორიაზე, მან უპასუხა, რომ „მიმდინარეობს წინა მოსამზადებელი სამუშაოები“.
„ოცნების ქალაქში“ მშენებლობის მეორე ეტაპის „მშენებლობის საფუძვლის ჩაყრასთან დაკავშირებით სიმბოლური კაფსულის ჩაგდების ღონისძიება“ 8 თებერვალს გაიმართა. ღონისძიებაში, რომელსაც არალეგიტიმური პრემიერი ირაკლი კობახიძე და აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ესწრებოდნენ, აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
_____________
ფოტოზე: ლენტით შემოსაზღვრული შემთხვევის ადგილი
ამავე თემაზე:
„ოცნების ქალაქში“ 2 ბავშვი წყლით სავსე თხრილში ჩავარდა და დაიღუპა