15 თებერვალს ბათუმში, „ოცნების ქალაქის“ ტერიტორიაზე, თხრილში ორი ბავშვი – 4 და 6 წლის ბიჭი ჩავარდა. ბავშვები რამდენიმე საათიანი ძებნის შემდეგ იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი გადარჩენა ვერ მოხერხდა. ორივე მათგანი დაიღუპა.
ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ მცირე მანძილით არის დაშორებული იმ ადგილიდან, სადაც 8 თებერვალს, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ „ოცნების ქალაქის“ მშენებლობის მეორე ეტაპის დაწყებასთან დაკავშირებით, სიმბოლური კაფსულა ჩააგდო. ამ ღონისძიებისთვის აჭარის ბიუჯეტიდან 209 ათასი ლარი დაიხარჯა.
„ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ადგილი, სადაც ბავშვები დაიღუპნენ, არ არის სამშენებლო ტერიტორიის შემადგენელი ნაწილი.

დღეს, 16 თებერვლის დილიდან „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნები სამძიმრის წერილებს ავრცელებენ და თანაგრძნობას უცხადებენ დაღუპული ბავშვების ოჯახებს.
არცერთ წერილში არაფერი არაა ნათქვამი პასუხისმგებლობაზე და პასუხისმგებელ პირებზე.
„ბათუმელები“ გთავაზობთ „ქართული ოცნების“ გამოხმაურებას ბავშვების დაღუპვაზე.
ბიძინა და ეკატერინე ივანიშვილები: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ დროს განსაკუთრებით რთულია სიტყვების პოვნა ოჯახების სანუგეშოდ, ვინაიდან ენით აღუწერელია ტკივილი, რასაც ისინი განიცდიან.
მთელი გულით ვუსამძიმრებთ და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებთ უბედური შემთხვევის შედეგად დაღუპული პატარების ოჯახებს, ახლობლებს, მთლიანად აჭარის რეგიონს და ამ დიდი ტრაგედიით შეძრულ ჩვენს საზოგადოებას“.
ირაკლი კობახიძე, „ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრი: „უდიდეს მწუხარებას გამოვთქვამ ბათუმში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა. ძნელია, იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს.
საქართველოს მთავრობისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ და თანავუგრძნობ დაღუპული ბავშვების ოჯახებს, ახლობლებს, ყველას, ვინც ამ უსაზღვრო ტკივილს განიცდის“.
მიხეილ ყაველაშვილი, „ქართული ოცნების“ პრეზიდენტი: „ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქალაქ ბათუმში მომხდარი ტრაგედიის გამო, რომელსაც ორი არასრულწლოვანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
ამ უმძიმეს წუთებში გულითად სამძიმარსა და გულწრფელ თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილთა ოჯახებს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“.
შალვა პაპუაშვილი, „ქართული ოცნების“ პარლამენტის თავმჯდომარე: „სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თითოეულ ჩვენგანში გამოიწვია.
ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას“.
თორნიკე რიჟვაძე, აჭარის არალეგიტიმური მთავრობის თავმჯდომარე: „უმძიმესი ღამეა. სიტყვებით რთულია გადმოსცე ის ტრაგედია, რომელიც „ოცნების ქალაქში“ დატრიალდა. დაიღუპა ორი არასრულწლოვანი. უბედური შემთხვევის დეტალებს გამოძიება სწავლობს.
ვუსამძიმრებ ოჯახებს, შეუძლებელია სანუგეშო სიტყვების პოვნა ასეთ დროს. ჩვენ მათ გვერდით ვართ“.
არჩილ ჩიქოვანი, ბათუმის მერი: „ენით აღუწერელი ტრაგედია დატრიალდა ჩვენს ქალაქში, უმძიმესი ღამე გამოვიარეთ. შეუძლებელია იპოვო სიტყვები ოჯახების სანუგეშოდ, რომელთაც უბედური შემთხვევის შედეგად მცირეწლოვანი შვილები დაკარგეს. გულწრფელ სამძიმარს და თანადგომას ვუცხადებ გარდაცვლილი ბავშვების ოჯახებსა და ახლობლებს“.






