მთავარი,სიახლეები

„შვილი მეუბნება, მეშინია, წავიდეთო, მაგრამ სად?“ – 2 ოჯახი წაბლანაში კვლავ მეწყერსაშიშ ზონაშია

28.02.2023 • 2289
„შვილი მეუბნება, მეშინია, წავიდეთო, მაგრამ სად?“ – 2 ოჯახი წაბლანაში კვლავ მეწყერსაშიშ ზონაშია

ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ წაბლანაში რამდენიმე ოჯახი კვლავ მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობს.

სამხარაულის ბიუროს დასკვნაში, რომელიც 2022 წლის მაისის ბოლოს მოამზადეს სპეციალისტებმა, ვკითხულობთ, რომ 7 ოჯახის საცხოვრებელი სახლი მეწყრული პროცესების გააქტიურების ზონაში დგას და აქ მეწყერსაწინააღმდეგო ღონისძიებების გატარება ვერ იქნება ეფექტური, რადგან გრძელვადიან პერიოდში შესაძლოა ისევ ჩამოყალიბდეს და განვითარდეს მეწყრული პროცესები, რის გამოც გამოკვლეული ტერიტორიისა და მისი მიმდებარე არეალის საცხოვრებელი დანიშნულებით გამოყენება მიზანშეწონილი არ არის.

გასული წლის ზამთარში, როცა ჯერ კიდევ არ ჰქონდა აღნიშნული ტერიტორია შესწავლილი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიამ, აჭარის გეოლოგიური სამსახურის დასკვნაზე დაყრდნობით, 5 ოჯახი ალტერნატიულ, უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში გადაიყვანა ქირით, 4 თვით.

წელს კი, როცა უკვე არსებობს სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნა, სადაც ვკითხულობთ, რომ საცხოვრებელ სახლებში დარჩენა საფრთხეს უქმნის 7 ოჯახს, ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას არც ერთი ოჯახი არ გაუყვანია უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში.

ამ ოჯახების ნაწილმა სოფელი უსაფრთხოების მიზნით დატოვა ზამთრის პერიოდში, თუმცა რამდენიმე ოჯახი კვლავ სოფელში, მეწყერსაშიშ ზონაში რჩება და აგრძელებს ცხოვრებას.

როლანდ შაინიძის 8-სულიანი ოჯახი ერთ-ერთია იმ ოჯახებს შორის, რომლებიც მეწყერსაშიშ ზონაში ცხოვრობენ ამ დრომდე.

„4 შვილის მამა ვარ, 2 მათგანი მცირეწლოვანია. დიდთოვლობა კიდევ უფრო ზრდის [მეწყრის] საშიშროებას. მე არ ვარ გეოლოგი, მაგრამ ლოგიკურია, რომ საშიშია აქ გაჩერება.

2 მეტრომდე თოვლი მოვიდა. თოვლი რომ დნობას დაიწყებს, რა თქმა უნდა, საშიშია. მითუმეტეს, ნალექი იყო წვიმის სახითაც. თოვლზე წვიმა კიდევ უფრო სავალალოს ხდის მდგომარეობას.

გასულ წელს 4 თვით ვიყავით გასულები ქირით. ქირას ადგილობრივი მერია იხდიდა, წელს კი მერიამ განაცხადა, ვერ გაგიყვანთ ქირით, არ გვაქვს მაგის ბიუჯეტიო და იძულებულები ვართ, გავჩერდეთ ჩვენს სახლებში“, – გვითხრა მან.

კაცის თქმით, როცა უამინდობაა და რამდენიმე დღე გადაუღებლად წვიმს, ღამეს ნათესავების სახლებში ათევენ.

„მოდის გეოლოგი და გეუბნება, რომ აქ არ იცხოვრება. ეს ტერიტორია საფრთხის შემცველია და არ ვიცით, თუ რა დროს განვითარდება მეწყრული პროცესები.

გეუბნება შვილიც – მეშინია, მოდი გადავიდეთ სადმე, არ მძინავს, მაგრამ სად უნდა წავიდეთ?“, – კითხულობს როლანდი.

7-სულიანი ოჯახი ჰყავს წაბლანელ ბეგლარ შაინიძესაც. მათი სახლიც მეწყერსაშიშ ზონაშია.

ბეგლარს აინტერესებს, თუ გასულ წელს საჭირო გახდა მათი ქირით გაყვანა უსაფრთხო საცხოვრებელ სახლებში, წელს რატომ არ გაიყვანეს, თუმცა, მისივე თქმით, ახლა ყველაზე მეტად სხვა რამ აფიქრებს:

„მეწყრის ჩამოწოლის შემდეგ რელიეფი ისეა, რომ მთელი სოფლის წყალი ამ ხევში ჩაედინება. პრევენციული ღონისძიებებისას პლასტმასის მილები მოგვცეს და ჩვენი ძალებით, წყლისთვის სხვა მიმართულების მიცემა მოვახერხეთ.

ახლა ეს მილი გასკდა და წყალი იღვრება, მეწყრულ ნაპრალებში მიედინება და შემდეგ ცენტრალურ გზაში ჩაედინება. ცენტრალურ გზაზე ყოველდღიური შეფერხებაა. ხომ იციან, ეს წყალი საიდან მოდის, არა?!“, – ამბობს ბეგლარ შაინიძე. იგი ვარაუდობს, რომ ამ მიზეზით მოსალოდნელია მეწყრული პროცესების გააქტიურების დაჩქარებაც.

„მეწყერსაშიშ ზონაში ვაგრძელებთ ცხოვრებას. ყოველდღიური საფრთხის ქვეშ ხარ ადამიანი და რამდენ ხანს გაუძლებ? ღამე გამოიღვიძებს ოჯახის წევრი და გეუბნება – „წავიდეთ“, სად უნდა წახვიდე?!

გულგრილად არიან ჩვენ მიმართ განწყობილები. ცუდი ამინდი გავიდა, მუნიციპალიტეტის მერი ხარ თუ წარმომადგენელი, ხომ შეიძლება დაურეკო ადამიანს და ელემენტარულად მოიკითხო მაინც – მანდ ხართ ისევ, რას აკეთებთ, რა მდგომარეობა გაქვთ, მოდით, გადადით, მანდ არ იცხოვრება… არანაირი მოკითხვა, არაფერი. რას აკეთებენ, ვერ ვხვდები.

ჯერჯერობით, მართალია, ეს საცხოვრებელი სახლები არ გაფუჭებულა, არ გადაბრუნებულა, მაგრამ ეს მეწყერი ჩვენგან სულ რაღაც 50 მეტრშია.

სამხარაულის დასკვნაც გვაქვს, რომ აქ აღარ იცხოვრება. არ ფუნქციონირებს სკოლაც და ვართ ასე დარჩენილები.

წელს მკაცრი ზამთარი გვაქვს, არ ვიცით, რა მოხდება გაზაფხულზე“, – გვითხრა ბეგლარ შაინიძემ.

„ბათუმელები“ ხულოს მუნიციპალიტეტის მერიას დაუკავშირდა.

მერიას ვკითხეთ, რას აპირებენ მეწყერსაშიშ ზონაში მცხოვრებ ოჯახებთან დაკავშირებით, აქვთ თუ არა ინფორმაცია რესპონდენტის მიერ ნახსენები დაზიანებული მილის შესახებ და რატომ ვერ მოხერხდა ამ ოჯახების ალტერნატიულ, უსაფრთხო საცხოვრებელ გარემოში გადაყვანა წელსაც.

ხულოს მუნიციპალიტეტის მერიიდან წერილობით გვიპასუხეს, რომ მაშინ, როცა წაბლანაში მეწყრული პროცესების განვითარების შემდგომ მეწყრული კერის არეალში მცხოვრები ოჯახები გაიყვანეს, გათვალისწინებული იქნა ფორსმაჟორული სიტუაცია – მოსახლეობა აბინავებდა მოსავალს.

„აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალიტეტის მერიამ გაითვალისწინა მათი მდგომარეობა და დროებით მოახდინა იქ მცხოვრები ოჯახებისთვის, მერის სარეზერვო ფონდიდან დროებით ქირის ფულით დაფინანსება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ აღნიშნულ ოჯახებს საკუთრებაში გააჩნიათ ქალაქ ბათუმში ალტერნატიული საცხოვრებელი ბინები.

რაც შეეხება მეწყრული კერის მიმდებარედ ჩამდინარე წყლებს, თავის დროზე მოხდა მისი დროებით სხვა ადგილას გადაყვანა.

ასევე, სამომავლოდ გეოლოგების რეკომენდაციის საფუძველზე, სოფელ წაბლანაში მისასვლელი გზის რეაბილიტაციასთან ერთად მოხდება სხვა საჭირო პრევენციული ღონისძიებების გატარება,“ – მოგვწერეს ხულოს მერიიდან.
___________________

ამავე თემაზე:

„ტერიტორია საფრთხის შემცვლელია“ – რა წერია სამხარაულის დასკვნაში წაბლანის მეწყერზე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: