„მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები 2016 წლიდან, პრაქტიკულად, უწყვეტ რეჟიმში უარყოფენ საქართველოს მოქმედი ხელისუფლებისა და მმართველი პოლიტიკური პარტიის, როგორც საშინაოპოლიტიკურ, ისე საგარეოპოლიტიკურ ლეგიტიმაციას და შესაბამისად, მის კონსტიტუციურობას.
ამით, აღნიშნული პარტიები აღიარებენ, რომ მათსა და მმართველ პარტიას შორის ერთ-ერთი მხარე უსათუოდ არაკონსტიტუციურად უნდა შეირაცხოს,“ – ეს ერთ-ერთი არგუმენტია „ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელიდან, რომლითაც იგი ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს.
ივანიშვილის დაჯგუფების მტკიცებით, დღევანდელი ოპოზიციის მხრიდან ხელისუფლების არალეგიტიმურად მიჩნევა და ბოიკოტის გამოცხადება უსაფუძვლოა, რაც სინამდვილეში კონსტიტუციური წყობილების დამხობისკენ მიმართული ქმედებაა.
საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს: კონკრეტულად რა შემთხვევაშია შესაძლებელი პარტიის აკრძალვა. „დაუშვებელია ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნა და საქმიანობა, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, ეთნიკურ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს. დაუშვებელია პოლიტიკური პარტიის შექმნა ტერიტორიული ნიშნით“, – წერია კონსტიტუციის 23-ე მუხლში.
მარტივ მამრავლებად რომ დავშალოთ „ოცნების“ ლოგიკა, შემდეგი არგუმენტები არსებობს ოპოზიციის წინააღმდეგ:
- 5 ოპოზიციური ძალა მოქმედებს, როგორც „ერთიანი ორგანიზმი“ და არ აღიარებს ლეგიტიმურად ხელისუფლებას, ბოიკოტის რეჟიმში არიან მუდმივად და ძალადობრივ აქციებს აწყობენ – ეს „ოცნების“ მტკიცებით, კონსტიტუციურ წყობილების დამხობისკენ მიმართული ქმედებაა.
- „დამოუკიდებლობის ხელყოფის“ ნაწილში „ოცნების“ არგუმენტი ისაა, რომ ოპოზიცია ივანიშვილის და „ოცნების“ სხვა წარმომადგენლების დასანქცირებას ევროპას სთხოვს.
- რაც შეეხება ტერიტორიული მთლიანობის დარღვევას და ომის პროპაგანდას – კონსტიტუციონალისტები მიიჩნევენ, რომ ყველაზე დიდ საფრთხეს ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის ეს ჩანაწერი შექმნის, თუ ამ სარჩელს საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს. „ოცნება“ სარჩელში აცხადებს, რომ 2008 წელს „საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლება შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“
კონსტიტუციონალისტები და დამოუკიდებელი ექსპერტების შეფასება ცალსახაა: „ოცნების“ სარჩელი იმდენად დაუსაბუთებელია, არსებითად განსახილველად არც უნდა მიეღო სასამართლოს.
- ვის აკრძალვას ითხოვს „ოცნება“?
„ოცნება“ ითხოვს პოლიტიკური ძალების: „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობა“, „კოალიცია ცვლილებისთვის, გვარამია, მელია, გირჩი,დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის!“, „ფედერალისტური პარტია“ და „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის არაკონსტიტუციურად ცნობას და მათ აკრძალვას.
იგივე სარჩელში „ოცნებამ“ ჩაწერა კიდევ 7 პარტია [„ელენე ხოშტარია – დროა“, „კი ევროპას – სტრატეგია აღმაშენებელი“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“, „თავისუფლების მოედანი“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „გირჩი – მეტი თავისუფლება“] შემდეგი დათქმით:
„მათ ამჟამად პოლიტიკაზე არსებითი გავლენა და საარჩევნო ბარიერის გადალახვის რეალური პერსპექტივა არ გააჩნიათ, ამასთანავე, მათი ნაწილი ფაქტობრივად ამ კონსტიტუციურ სარჩელში მითითებული ზოგიერთი პოლიტიკური პარტიის შემადგენლობაშია, ამ ეტაპზე მათი აკრძალვის აუცილებლობა არ იკვეთება. მათი არაკონსტიტუციურობის საკითხი დღის წესრიგში შეიძლება დადგეს მოგვიანებით, იმ შემთხვევაში, თუ ისინი პოლიტიკურ პროცესზე არსებით გავლენას შეიძენენ,“ – აღნიშნულია სარჩელში.
გარდა ამისა, „ოცნებამ“ შეცვალა კანონმდებლობა: სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, ივანიშვილმა ნებისმიერი პირი შეიძლება მიიჩნიოს „დაკავშირებულად“ რომელიმე აკრძალულ პარტიასთან და მისთვის პოლიტიკური საქმიანობის ჩამორთმევა მოითხოვოს.
- რა წერია „ოცნების“ სარჩელში მოკლედ?
სარჩელი ერთობლიობაში განიხილავს 5 ოპოზიციური პოლიტიკური ძალის სხვადასხვა მოქმედებას – ხუთივე პარტიას წარმოაჩენს ისე, თითქოს მართლაც „ერთიანი ორგანიზმია“, თუმცა პროცესებზე ოპოზიციონერების მთავარი საყვედური ეხებოდა იმას, რომ გაურკვეველია, რას სთხოვდნენ კონკრეტულ პარტიას? მაგალითად, 2021 წელს დარეგისტრირებული გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ რანაირად არის პასუხისმგებელი იმ ამბებზე, რაც საქართველოში 2012 წლამდე ხდებოდა?
სხვათა შორის, მოსამართლე ევა გოცირიძემაც მიმართა „ოცნების“ დეპუტატებს: გაგვაგებინეთ, რომელ პარტიასთან რა „სამდურავი“ გაქვთო.
სარჩელში „ოცნება“ ცდილობს დაასაბუთოს, რატომ არის ოპოზიციური პარტიების აქტივობების მიზანი „კონსტიტუციური წყობილების დამხობა“ – ანუ ის მიზანი, რის გამოც, კონსტიტუცია პარტიის აკრძალვას დასაშვებად მიიჩნევს.
ამის არგუმენტად „ოცნება“, პირველ რიგში, ასახელებს „ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული ხელისუფლების არალეგიტიმურად გამოცხადებას“:
„ოცნების“ მტკიცებით, ოპოზიცია ხელისუფლების ლეგიტიმაციას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს 2016 წლიდან, როცა, მაგალითად, 2016 წლის არჩევნები ეუთომ შეაფასა, როგორც „კონკურენტული და კარგად ადმინისტრირებული არჩევნები“.
„არჩევნების არალეგიტიმურობის ყალბი საბაბით, „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ არჩევნების მეორე ტურს ბოიკოტიც კი გამოუცხადა, თუმცა, მალევე აღიარა პარლამენტის და შესაბამისად, არჩევნების ლეგიტიმურობა, რაც უტყუარად ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ქართველი ხალხის მიერ დემოკრატიული წესით არჩეული პარლამენტის არალეგიტიმურად გამოცხადებას და საბოტაჟის მცდელობას არავითარი საფუძველი არ ჰქონია და ის მთლიანად ანტისახელმწიფოებრივი და არაკონსტიტუციური პოლიტიკური მოტივით იყო ნაკარნახევი…“ – ვკითხულობთ სარჩელში.
„ოცნების“ სარჩელში კიდევ ეს არგუმენტები ვიპოვეთ:
„2022 წლის ივნისში, არაკონსტიტუციური პოლიტიკური პარტიები ღიად შეუერთდნენ საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობის მცდელობას, როდესაც არაპარტიულმა პოლიტიკურმა აქტივისტებმა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საქართველოსთვის მინიჭებაზე უარის თქმის ხელოვნური საბაბით, საქართველოს მთავრობის გადადგომა და ე. წ. ტექნიკური მთავრობის შექმნა მოითხოვეს…“
„ეს პოლიტიკური პარტიები ისწრაფვიან, სხვადასხვა საკითხთან მიმართებით უცხოეთიდან „დაისაჯოს“ საქართველოს სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლება, რათა საქართველოს მოქალაქეებში უკმაყოფილება დაგროვდეს, ისინი მათ მიერ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას დაუპირისპირდნენ და ეს პროცესები საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ საბოტაჟის მექანიზმად და საქართველოს ხელისუფლებაზე ზეწოლის ბერკეტად იქნეს გამოყენებული…“
„საქართველოს პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნებში არჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმით საქართველოს სახელმწიფოს და საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ წარმოებული საბოტაჟი შემდგომ პერიოდშიც გაგრძელდა. მეტიც, პარლამენტის 2024 წლის 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ არაკონსტიტუციურმა პოლიტიკურმა პარტიებმა ხელი შეუწყვეს და განახორციელეს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც მოიცავდა საქართველოს პარლამენტის სასახლეში ძალის გამოყენებით შეჭრისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის განხორციელების წახალისებას, საქართველოს ახალარჩეული პარლამენტის ლეგიტიმურობის აღიარებაზე უარის თქმას, სხვა დესტრუქციულ ქმედებებს და რომლებსაც წინ უძღოდა მათი მოსამზადებელი პერიოდი…“
ოპოზიციის მტკიცებით კი, მინიმუმ არასერიოზულია ეს აქტივობები არათუ დამხობის მცდელობად შეფასდეს, არამედ ზოგადად კანონდარღვევად.
მაგალითად, ენმ-ს წარმომადგენლებმა მოსამართლეებს უთხრეს, რომ ოპოზიციაში ყოფნის დროს არასოდეს არ დაუორგანიზებიათ ძალადობრივი აქცია, ცალკეული ინციდენტების, თუ „ძალადობრივი გამოვლინებების“ შემთხვევების გამო კი, არ შეიძლება რომელიმე აქცია ძალადობრივად შეფასდეს.
საპროტესტო აქციების ნაწილში, „ოცნების“ სარჩელის მთავარი აქცენტი 2025 წლის 4 ოქტომბრის აქციაა, სადაც რამდენიმე ადამიანი დააკავეს ძალადობრივი აქციის ორგანიზების ბრალდებით – დააკავეს ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრი, ლევან ხაბეიშვილიც, რომელიც „მშვიდობიან დამხობას“ აანონსებდა.
„…მართალია, ზემოაღნიშნული მოწოდებების ავტორები თავიანთ განცხადებებში სიტყვა „დამხობის“ მსაზღვრელად ხშირად სიტყვა „მშვიდობიანს“ იყენებდნენ, მაგრამ ეს ამ მოწოდებების ძალადობრივ და უკანონო შინაარსს არ ცვლის, რადგან „ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა“ ერთმანეთის გამომრიცხავი სიტყვების შეხამებაა [ოქსიმორონია], რაც უტყუარად მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების მხოლოდ უკანონო გზით შეცვლის შინაარსსა და ძალადობაზე,“ – ვკითხულობთ სარცელში.
„დამხობა ის იყო, რაც 1992 წელს მოხდა,“ – უთხრა მოსამართლეებს ნიკა გვარამიამ, პარტია „ახლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პროცესზე. ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა კი განმარტა, რომ „დამხობაში“ იგულისხმება ხელისუფლების ჩამოშორება და ტერმინში „მშვიდობიანი დამხობა“ ძალადობრივი, ან უკანონო არაფერი არ არის.
„ოცნების“ კიდევ ერთი არგუმენტი ოპოზიციის წინააღმდეგ „ალეკო ელისაშვილის საქმეა“. ელისაშვილი „ლელოს“ საარჩევნო სიაში იყო 2024 წლის არჩევნების დროს. რატომ არ გაემიჯნეთ, როგორც ამას ითხოვს ევროსასამართლო? – ამას ედავება „ოცნება“ ოპოზიციურ ძალებს, მათ შორის, „ლელოს“.
„აი, „ლელოს“ მიერ გამოქვეყნებული განცხადება, რომელიც იწყება ამ სიტყვით „დღეს“ – მოსამართლეებს მიმართა 29 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე თორნიკე ართმელაძემ და ამით ხაზი გაუსვა იმას, რომ „ლელო“ ალეკო ელისაშვილის ქმედებას, რასაც სისხლის სამართლებრივი დევნა მოჰყვა, იმავე დღეს გაემიჯნა და პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მომხდარს „მიუღებელი“ და „გაუმართლებელი“ უწოდა.
ამავდროულად, „ლელო“ არ დაეთანხმა ალეკო ელისაშვილის ტერორიზმის მუხლით გასამართლებას. „ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ გამოძიება ამ ფაქტზე დაიწყო სხვისი ქონების დაზიანების მუხლით, შემდეგ შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა საჯაროდ, ეს ტერორისტული აქტიაო და მეორე დღეს საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალეს…“ – ელისაშვილის საქმის პოლიტიკურ მოტივზე მიუთითა მოსამართლეებს „ლელოს“ წარმომადგენელმა.
ყველაზე ვრცელი კონსტიტუციური ბრალდება „ოცნებას“ მაინც ენმ-ს წინააღმდეგ აქვს: ადამიანის უფლებების სისტემატურად ირღვეოდა მაშინ, როცა ენმ ხელისუფლებაში იყო. „ოცნების“ მტკიცებით, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიამ, ანუ ე.წ. წულუკიანის კომისიამ შეისწავლა 2004-2012 წლების ფაქტები. „ოცნების“ კონსტიტუციური სარჩელის მთავარი მტკიცებულება სწორედ „წულუკიანის კომისიის“ დასკვნაა.
თუმცა ეს დასკვნა პოლიტიკური შეფასების დოკუმენტია და არა სამართლებრივი. იქ მოყვანილი ფაქტები რომ მტკიცებულებად მივიჩნიოთ, ფაქტების გამოკვლევაა საჭირო. ამიტომაც, მოითხოვეს ოპოზიციონერებმა პროცესებზე მოწმეების წარმოდგენა, თუმცა სასამართლომ ოპოზიციის 14 შუამდგომლობიდან მხოლოდ ერთი დააკმაყოფილა, ისიც ნაწილობრივ და იმ ნაწილში, რაც „ოცნებისთვის“ მისაღები იყო: გახარიას პარტიას უარი უთხრეს ივანიშვილის წარმოდგენაზე, მაგრამ დაეთანხმნენ საქმეს მტკიცებულების სახით დაერთოს სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერის მიერ საჯაროდ გაკეთებული განცხადებები.
რა დგინდება „წულუკიანის კომისიის“ დასკვნით, მაგალითად, საკუთრების უფლების ხელყოფაზე? – „წულუკიანის კომისია“ ენმ-ს ხელისუფლებაში ყოფნის დროს მთავრობის მხრიდან საკუთრების ხელყოფის 70 ფაქტს განიხილავს, თუმცა ამათგან მხოლოდ 11 შემთხვევაზე არსებობს სასამართლოს გადაწყვეტილება.
სისხლის სამართლის საქმეებიდან „ოცნების“ სარჩელის, შეიძლება ითქვა, ძირითადი „გირგვლიანის საქმეა“, სადაც ევროსასამართლომაც დაადგინა არაერთი დარღვევა სახელმწიფოს ინსტიტუციების მხრიდან.
„მაგრამ სად არის გირგვლიანი საქმის განმხილველი მოსამართლე მურუსიძე?“ – მიმართა ერთ-ერთ პროცესზე ანა წითლიძემ, ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა მოსამართლეებს. ლევან მურუსიძე „ოცნების“ ხელისუფლებამ უვადო მოსამართლედ გაამწესა.
- რა გამოტოვა „ოცნებამ“ სარჩელში განზრახ?
ორ გარემოებაზე გიყვებით, რაც ნათლად აჩვენებს იმას, რომ „ოცნებამ“ განზრახ აურა გვერდი მნიშვნელოვან ფაქტებს.
ოპოზიციური პარტიების, მათ შორის, „ნაციონალური მოძრაობის“ აკრძალვის საქმე განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების დროს აჭარის პროკურორი იყო. უფრო მეტიც, სარჩელში, რომლითაც „ოცნება“ ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ითხოვს, ერთ-ერთ მტკიცებულებად მოყვანილია „სერჟანტ როინ შავაძის საქმე“ – „ოცნება მიიჩნევს, რომ ეს საქმე აჩვენებს, როგორ შექმნა ძალადობრივი სისტემა „ნაციონალურმა მოძრაობამ“.
სერჟანტ როინ შავაძის მკვლელობის გამოძიების დროს აჭარის პროკურორი სწორედ ვასილ როინიშვილი იყო, შემდეგ იგი გენპროკურორის მოადგილე გახდა. მან გამოძიებას ჩვენებაც კი მისცა ამ საქმესთან დაკავშირებით – მას შემდეგ, როცა სტრასბურგის სასამართლომ 2020 წელს დაადგინა ამ საქმეზე არაერთი მუხლის დარღვევა.
სარჩელში კი, რომლითაც პარტიების აკრძალვას აპირებს „ოცნება“, ეს წერია „როინ შავაძის საქმის“ შესახებ: „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში (2004-2012 წლებში) შექმნა და განავითარა მკვლელობებისა და სხვაგვარი ძალადობის სისტემა, იმავე პერიოდში ჩაიდინა ძალადობრივი, წამების შემცველი ან/და ადამიანის სიცოცხლის ხელმყოფი მრავალი ქმედება და ამ მხრივ აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რაც გასცილდა ერთეული შემთხვევების ფარგლებს და რამაც სისტემური და სისტემატური ხასიათი მიიღო.
ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით,“ – აღნიშნულია სარჩელში და აქვე ჩამოთვლილია რამდენიმე საქმე, რომლებზეც ე.წ. წულუკიანის კომისიამ უკვე იმსჯელა. ამ ჩამონათვალშია „როინ შავაძის საქმე“.
მეორე გარემობა „ბათუმელებია“ – „ოცნების“ სარჩელის მიხედვით, ენმ-ს ხელისუფლება ავიწროვებდა მედიას და ამის მაგალითად, მოყვანილია ჟურნალისტ ნათია როყვას საქმე. ნათია როყვა „ბათუმელების“ ჟურნალისტი იყო, მაგრამ „ოცნება“ სარჩელში სხვა შემთხვევებისგან განსხვავებით მედიასაშუალება „ბათუმელებს“ არ ასახელებს. „ბათუმელების“ დამფუძნებელი და დირექტორი, ჟურნალისტი მზია ამაღლობელი სწორედ „ოცნების“ მთავრობას პირობებშია უკვე მეორე წელია უკანონო პატიმრობაში.
წულუკიანის კომისიას ნათია როყვას შესახებ ეს უწერია: „2009 წელსაც ჟურნალისტებზე ზეწოლის, მათთვის პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლისა და სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი მოხდა. ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება სირთულეებთან იყო დაკავშირებული რეგიონებშიც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მედიის წარმომადგენლები რეჟიმის ძალადობრივი პოლიტიკის ამსახველი ფაქტების გაშუქებას ცდილობდნენ.
მაგალითად, ჟურნალისტი ნათია როყვა შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) რეგიონული განყოფილების თანამშრომლებმა 23 იანვარს მხოლოდ იმის გამო დააკავეს, რომ იგი ამავე დეპარტამენტის მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციას ფოტოკამერით იღებდა.“
„მოვიწვიოთ მოწმეები და განვიხილოთ თითოეული შემთხვევა ცალ-ცალკე. ჩვენ ამას ვითხოვდით… რაშიც აღმოჩნდება, რომ არ ვართ მართლები, ვიტყვით, რომ არ ვართ მართლები,“ – მოსამართლეებს უთხრა 14 ნოემბრის პროცესზე ენმ-ს ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა წითლიძემ.
- „ოცნება“ ენმ-ს ხელისუფლებას აგვისტოს ომის დაწყებასაც აბრალებს
„…საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ შექმნა ნიადაგი ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ძალის შესაჭრელად…“ – ეს ჩანაწერიც გვხდება „ოცნების“ სარჩელში ენმ-ს წინააღმდეგ.
კონსტიტუციონალისტების შეფასებით, თუკი სასარჩელო მოთხოვნას დააკმაყოფილებს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არა მხოლოდ პარტიებს გააუქმებს, არამედ საფრთხეს შეუქმნის საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ასეთია, მაგალითად, მიხეილ შარაშიძის შეფასება.
„ოცნების“ სარჩელის მტკიცებულება აქაც ე.წ. წულუკიანის კომისიის დასკვნაა:
„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ხელისუფლების ფლობის პერიოდში [2004-2012 წლებში] საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ ჩაიდინა არაერთი ქმედება და ამ მხრივ, აშკარა არაკონსტიტუციური საქმიანობა განახორციელა, რამაც დააზიანა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის პერსპექტივა და ხელი შეუწყო საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასა და საოკუპაციო ძალის მიერ ოკუპაციასთან მიმართებით პოლიტიკური პოზიციების გამყარებას. ყოველივე ეს დასტურდება დროებითი საგამოძიებო კომისიის დასკვნაში ასახული ფაქტებითა და მტკიცებულებებით, აგრეთვე სხვა სათანადო წყაროებით.
2004-2008 წლებში საქართველოს იმდროინდელი ხელისუფლება სისტემატურად აწარმოებდა საომარ რიტორიკას, ავლენდა მილიტარისტულ მისწრაფებებს და ახორციელებდა კონფრონტაციულ ქმედებებსა და კონფლიქტის გაღვივებისკენ მიმართულ ღონისძიებებს.
2007 წელს საქართველოს იმდროინდელმა ხელისუფლებამ ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შექმნა დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული, შემოიღო სახელმწიფო მმართველობა და დააფუძნა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაცია. ამით საქართველოს იმჟამინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის 1990 წელს გაუქმებული საზღვრები, რომლის ფარგლებშიც შეიყვანა საქართველოს დე ფაქტო იურისდიქციას დაქვემდებარებული ტერიტორიაც, ახალგორის მუნიციპალიტეტის ჩათვლით, რაც ასევე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების ღია და უხეში ღალატი იყო.
„სასამართლო თუ გაიზიარებს ამ შეფასებას, პრაქტიკულად ის სასამართლო წესით დაადგენს, რომ საქართველოს მაშინდელმა ხელისუფლებამ სამართლებრივად აღადგინა გაუქმებული ავტონომიური ოლქის საზღვრები და, შესაბამისად, გადადგა ნაბიჯი ამ ოლქის აღდგენის მიმართულებით,“ – ამბობს მიხეილ შარაშიძე.
ენმ-ს შეპასუხება კი ამ ნაწილში მოკლეა: „გადახედეთ სტრასბურგის და ჰააგის სისხლის სამართლის სასამართლოების გადაწყვეტილებებს“. ანა წითლიძე როცა ამ თემაზე ესაუბრებოდა მოსამართლეებს, აღნიშნა ისიც, რომ თავად „ოცნებამ“ სხვა პოზიციები წარადგინა ამ სასამართლოებში აგვისტოს ომის შესახებ?
შემდეგ რა მოხდა? რატომ დასჭირდა „ოცნებას“ აგვისტოს ომში საქართველოს დადანაშაულება და ახალი სამართლებრივი მოცემულობის შექმნა? – საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, მაია კოპალეიშვილი იმედოვნებს, რომ პარტიების აკრძალვის შემთხვევაშიც, იმედია, სასამართლო „ოცნების“ ამ ჩანაწერს არ დაეყრდნობა და „ქვეყნის ეროვნულ ინტერესს არ დააზიანებს“.
მაია კოპალეიშვილმა მოსამართლეებს უკვე უთხრა, რომ ისინი რეალურად „ქართული ოცნების“ დაკვეთით მოქმედებენ. მაია კოპალეიშვილი ნოემბერს სასამართლო სხდომიდან გააძევეს.
- რატომ ახსენებს ხშირად „ოცნება“ სარჩელშიც და სასამართლო პროცესებზეც ევროსასამართლოს?
„ოცნების“ სარჩელს თუ წაიკითხავთ, ნახავთ, რომ „ოცნება“ ხშირად ახსენებს ევროსასამართლოს გადაწყვეტილებებს. სასამართლო პროცესებზეც „ოცნების“ პარლამენტის დეპუტატები სტრასბურგის სასამართლოს პრაქტიკას იშველიებენ.
მაგალითად, „ოცნების“ სარჩელში ვკითხულობთ:
„ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, „დემოკრატიას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და უნარი, საკუთარი თავი დაიცვას“. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში სწორედ თავდაცვისუნარიანი დემოკრატიის კონცეფციაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ სახელმწიფოს არ მოეთხოვება პოლიტიკური პარტიის მიერ კონვენციასა და დემოკრატიასთან შეუსაბამო პოლიტიკის გასატარებელი კონკრეტული ნაბიჯის გადადგმას დაელოდოს; კერძოდ, თუ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანომ პოლიტიკური პარტიის მიერ დემოკრატიისთვის საფრთხის შემცველი პოლიტიკის გატარების რისკი სათანადოდ დაადასტურა, სახელმწიფო უფლებამოსილია აღკვეთოს ასეთი პოლიტიკის გატარება.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით არ არის დაცული იმ პოლიტიკური პარტიის საქმიანობა, რომელიც აქეზებს ძალადობას ანდა ატარებს ისეთ პოლიტიკას, რომელიც პატივს არ სცემს დემოკრატიას, ან რომლის მიზანი დემოკრატიისა და დემოკრატიულ საზოგადოებაში აღიარებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების უგულებელყოფაა.
მეტიც, თუ პოლიტიკური პარტიის წევრი თავისივე პოლიტიკური პარტიის ლიდერის განცხადებებსა და ქმედებებს მყისიერად საჯაროდ არ ემიჯნება, ეს განცხადებები და ქმედებები, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტების მიხედვით, პოლიტიკური პარტიის აღნიშნულ წევრსაც შეერაცხება,“ – ვკითხულობთ „ოცნების“ სარჩელში.
გამიჯვნის ვალდებულებაზე „ოცნება“ პროცესებზეც საუბრობდა: მაგალითად, რატომ არ ემიჯნება გახარია, ან „ლელო“ ენმ-ს თუ მათთან ერთად შექმნეს „ოპოზიციის ალიანსი“ და ერთად ითხოვენ „ოცნების“ დასანქცირებას?
რეალურად კი, ევროსასამართლოს მართლაც აქვს მიღებული გადაწყვეტილებები პარტიების აკრძალვის საქმეებზე. სტრასბურგის სასამართლომ დასაშვებად მიიჩნია იმ პოლიტიკური ძალების აკრძალვა, რომლებსაც დაუდასტურეს ტერორისტულ ორგანიზაციასთან კავშირი [ესპანეთი, Herri Batasuna and Batasuna v. Spain]
თურქეთში კი, აკრძალეს, მაგალითად, პარტია Refah Partisi, რომელიც რელიგიურ ექსტრემიზს ქადაგებდა და შარიათის დამკვიდრებას ითხოვდა.
რაც უმთავრესია: ევროსასამართლო მხოლოდ იმ შემთხვევაში მიიჩნევს დასაშვებად პარტიის აკრძალვას, თუ იგი საფრთხეს უქმნის დემოკრატიას და ადამიანის უფლებებს.
რატომაა შეუსაბამო „ოცნების“ მიერ ევროსასამართლოს პრაქტიკის დასახელება ოპოზიციის წინააღმდეგ? – ნახეთ „ბათუმელების“ ინტერვიუ ევროსასამართლოს ყოფილ მოსამართლესთან, ნონა წოწორიასთან.
ამ ინტერვიუში ევროსასამართლოს ყოფილი მოსამართლე სტრასბურგის სასამართლოს მიდგომაზე ამას ამბობს:
„ევროპული კონვენციიდან გამომდინარე ევროსასამართლოსთვის პოლიტიკური პარტიები არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი ელემენტი, რომლის გარეშეც დემოკრატიის ნორმალური ფუნქციონირება შეუძლებელია. მიიჩნევა, რომ პოლიტიკური პარტიები არიან მნიშვნელოვანი აქტორები დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებისთვის. ეს იმას ნიშნავს, რომ, პირველ რიგში, კონვენცია აღიარებს დემოკრატიას, როგორც მმართველობის ერთადერთ ფორმას. დემოკრატია ეფუძნება კანონის უზენაესობას და, ზოგადად, ევროპულ ღირებულებებს.
თუმცა, ზოგჯერ პოლიტიკური პარტიები შეიძლება ფუნქციონირებდნენ ისე, რომ საფრთხეს უქმნიდნენ დემოკრატიას. ამ შემთხვევაში, ცხადია, კონკრეტული წინაპირობების არსებობისას, ევროსასამართლო შესაძლებლად მიიჩნევს პოლიტიკური პარტიების გაუქმებას. ევროსასამართლო ამასთანავე ამბობს, რომ იმის გამო, რომ მათ განსაკუთრებული როლი აქვთ დემოკრატიულ პროცესებში, პარტიების აკრძალვა უნდა იყოს უკიდურესი ზომა, რომელსაც ხელისუფლება მიმართავს,“ – აღნიშნა ნონა წოწორიამ „ბათუმელებთან“.
ამავე თემაზე:
- როგორი კითხვები დაუსვეს მოსამართლეებმა ენმ-ს – ოპოზიციის აკრძალვის საქმის მე-12 პროცესი
- „ოპოზიციაში ყოფნა არ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებას“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-11 დღე
- „რატომ გეცინებათ, წინასწარ გაქვთ გადაწყვეტილება მიღებული?!“ – ოპოზიციის აკრძალვის საქმის განხილვის მე-10 დღე
- „გაუგებრობას აქვს ადგილი“ – მოსამართლე პარტიების აკრძალვის საქმის მე-9 დღის განხილვაზე
- რა ხდებოდა „ოპოზიციის აკრძალვის საქმის“ განხილვის მე-8 დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში – რეპორტაჟი
- „ჩვენთვის პოლიტიკაზე საუბარს აზრი არ აქვს“ – მოსამართლის რეპლიკა ოპოზიციის გაუქმების საქმის მე-7 დღეს
- „ეს არის კომუნიზმის რევანში 36 წლის შემდეგ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-6 დღე
- „მოსამართლეები მორჩილებაში იყვნენო… თქვენ ისინი უვადოდ დანიშნეთ“ – პარტიების აკრძალვის საქმის მე-5 დღე
- „ამ შენობაში თქვენამდე იჯდა ასლან აბაშიძე“ – ოპოზიციის გაუქმების საქმის განხილვის მე-4 დღის ქრონიკა
- მოწმეები არ იქნებიან – „პლენუმმა პლენუმის მიერვე მიღებული რეგლამენტი დახია და გადაყარა სანაგვეში“
- ოპოზიციის 11 შუამდგომლობიდან საკონსტიტუციომ არც ერთი არ დააკმაყოფილა – პარტიების აკრძალვის საქმე
- რა ხდებოდა პარტიების აკრძალვის პროცესზე – რეპორტაჟი საკონსტიტუციო სასამართლოდან





