„თუ დაზიანდება, ახალს ავაშენებთ“, – ასე გვიპასუხეს ბათუმში, ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79 – ში მშენებლებმა, როცა მათ სამშენებლო ტერიტორიის მიჯნაზე მდებარე სახლების უსაფრთხოებაზე ვკითხეთ. „ბათუმელებს“ იგივე უთხრა მშენებელი კომპანიის, შპს „ჯეო 2020“-ის ერთ-ერთმა მფლობელმა და დირექტორმა, ბეგლარ ბოლქვაძემ ერთი თვის წინაც.
ამ ქუჩაზე მოქალაქეებმა საკუთარი უსაფრთხოების დასაცავად სასამართლოსაც მიმართეს, თუმცა მათი თხოვნა არც მოსამართლე მარინა ფომაევამ გაითვალისწინა – მოსამართლემ მშენებლობა არ შეაჩერა.
ამავე თემაზე: ზიანი თუ მიადგებათ, ჩვენ ავანაზღაურებთო
მშენებლობის ასეთ სტანდარტს ბათუმში მერია ამკვიდრებს იმით, რომ მსგავსი ფაქტების შემდეგ დღის წესრიგში არ დგება საკითხი – რატომ იწვევს მშენებლობა ხშირად მეზობლად არსებული სახლების დაზიანებას. ამას კანონი არ უშვებს. სხვა მსგავს შემთხვევაზე მოქალაქემ „ბათუმელებს“ აჩვენა ბათუმის მერიის ოფიციალური პასუხი, სადაც ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახური მოქალაქეს წერს, რომ თუ რაიმე ზიანი მიადგება, მშენებელი აანაზღაურებს.
არადა მოქალაქეს კითხვები ჰქონდა საცხოვრებლის უსაფრთხოებაზე, სადაც მცირეწლოვანი ბავშვები ცხოვრობენ.
„კომპანია აანაზღაურებს“ – ბათუმის მერიის პასუხი მოქალაქეს, რომელიც სახლის ჩამონგრევის რისკებზე წერს
ასე გამოიყენა შპს „ჯეო 2020“-ის დირექტორმაც მერიის დამკვიდრებული პრაქტიკა.
შპს „ჯეო 2020“ ბესიკის ქუჩაზე, #75, 77 და 79-ში 26-სართულიან კორპუსს აშენებს. ამ მასშტაბის შენობას შესაბამისი საძირკველიც სჭირდება, მისი მომზადებისთვის მიმდინარე სამუშაოების სიმძლავრემ და რყევებმა მეზობლად საცხოვრებელი გარემო – ეზო, სახლები დააზიანა. სამშენებლო მიწის ნაკვეთის ფართობი 1294 კვ.მეტრია და კომპანია სრულად იყენებს მას.
აქ მცხოვრებმა ადამიანებმა მშენებლობასთან დაკავშირებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში არაერთ უწყებას შეატყობინეს, რომ მათი სახლების და ეზოების უსაფრთხოება რისკის ქვეშაა. ადგილზე არაერთხელ მივიდნენ მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები, პოლიციაც გამოიძახეს, თუმცა, როგორც თავად გვიყვებიან, არაფერი შეცვლილა და ისინი ახლა გაცილებით უფრო საშიშ გარემოში ცხოვრობენ:
„ბზარები კიდევ გაჩნდა, ზოგი უფრო გაღრმავდა, ეზო დაწეულია. კედელი ყანყალებს“, – გვიყვება თემურ ჯიჯავაძე, მოქალაქე, რომელიც აქ ცხოვრობს.
სამშენებლო დოკუმენტების მიხედვით, ნებართვა შპს „ჯეო 2020“-მა ბესიკის ქუჩაზე 2024 წლის ოქტომბერში ავარიული სახლების ჩანაცვლების პროგრამის ფარგლებში მიიღო.
პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, კომპანიას განაშენიანების ინტენსივობის კოეფიციენტი [კ2] 3,5 დან 14,2-მდე გაუზარდეს. საპროექტო შენობა 25-სართულიანია, დამატებით ერთ, ტექნიკურ მიწისქვეშა სართულზე კი პარკინგის მოწყობას გეგმავენ.
შენობის სიმაღლე 83,30 მეტრი უნდა იყოს.

პროექტის რენდერი

მონიშნულია მშენებლობის ადგილი
„პოლიცია რომ მოვიდა, მოვიდა კომპანიის დირექტორიც. ისე ცინიკურად იქცეოდა, პოლიციელი ძალიან გაღიზიანდა ბოლოს, უთხრა, ბიჭო შენ რა გაცინებსო – გვიყვება ერთ-ერთი სახლის მფლობელი.
„საბოლოოდ პოლიციელმა, მოურიგდითო გვირჩია“, – გვითხრა თემურ ჯიჯავაძემ.
მუნიციპალურმა ინსპექციამ „ბათუმელების“ კითხვებს არ უპასუხა.ინფორმაცია გამოითხოვეთ და მოგაწვდითო – გვითხრეს ინსპექციაში. პასუხის მოწოდებას ეს უწყება მინიმუმ 10 სამუშაო დღეს ანდომებს.
თუმცა მოქალაქეებმა მოგვაწოდეს მუნიციპალური ინსპექციის მიერ ადგილზე დათვალიერების შემდეგ შედგენილი დოკუმენტი, ე.წ. მითითება, რომლითაც ვიგებთ, რომ კომპანიამ სანებართვო პირობები დაარღვია.
იმავე დოკუმენტის მიხედვით, შპს „ჯეო 2020“-ს პირობების გამოსასწორებლად გონივრული ვადა, 7 დღე მისცეს, თუმცა მომიჯნავედ მცხოვრებთა ინფორმაციით, კომპანიას სამუშაოები არ შეუჩერებია.

ამონარიდი მუნიციპალური ინსპექციის მითითებიდან
საძირკვლის მომზადების სამუშაოებს შპს „ჯეო 2020“ ახლაც აგრძელებს [13 ოქტომბერს]. ბზარები კი სამშენებლო ტერიტორიის მომიჯნავე მიწის ნაკვეთებსა და მასზე არსებულ შენობებზე „ბათუმელებს“ კიდევ უფრო გაღრმავებული დახვდა.
მოსახლეობა ითხოვს, სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ შეისწავლოს ვითარება და მერია, როგორც ნებართვის გამცემი ორგანო, გახდეს იმის გარანტი, რომ მათ საკუთრებას ზიანი არ მიადგება.
სამშენებლო ტერიტორიის მომიჯნავედ მცხოვრები თემურ ჯიჯავაძის თქმით, კომპანიის მფლობელი სთხოვს დაუმტკიცოს, რომ ზიანი მის სახლსა და ეზოს სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ მიადგა.
ამავე დროს, მშენებელს ნებართვის მიღებამდე მომიჯნავე ტერიტორიებზე არსებული შენობების კონსტრუქციული მდგრადობის კვლევა ჩატარებული და მერიისთვის წარდგენილი აქვს და ნაკლებად სავარაუდოა კომპანიის დირექტორს არ ახსოვდეს რა წერია ამ დოკუმენტში.
ის, რომ ამ სახლებს ბზარები არ ჰქონდა, კარგად იციან მერიაშიც, რაც დოკუმენტითაც დადასტურებულია:
მერიაში წარდგენილ დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ 40-წლიანი გამოცდილების ექსპერტმა, ლევან იმედაძემ გამოიკვლია საპროექტო შენობიდან 20 მეტრამდე მანძილით დაშორებული შენობა-ნაგებობები და დაადგინა, რომ თითოეული მათგანი იყო ექსპლუატაციისათვის ვარგისი. არცერთ შემთხვევაში სპეციალისტს არ დაუწერია, რომ შენობას ჰქონდა ბზარები, არცერთ შემთხვევაში მას ამ შენობების მდგრადობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, სხვაგვარად მერია აქ მშენებლობის ნებართვას ვერ გასცემდა.

ამონარიდი დოკუმენტიდან
მოქალაქეების თქმით, მათ მაინც მოუწიათ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროსათვის მიმართვა შესაბამისი კვლევების ჩასატარებლად, მიუხედავად იმისა, რომ ეს დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ექსპერტს შესწავლა ჯერ არ დაუწყია.
კიდევ ერთო საინტერესო დეტალი დოკუმენტებიდან:
სამშენებლო დოკუმენტებს შორის არის არქიტექტორის საექსპერტო დასკვნა, სადაც ექსპერტი ბესიკის ქუჩაზე დაგეგმილი კორპუსის პარამეტრებს მიმოიხილავს მთავრობის N41 დადგენილების მოთხოვნებთან შესაბამისობის დასადგენად. დასკვნაში კი წერს, რომ ლუკა ასათიანის ქუჩაზე დაგეგმილი პროექტი შესაბამისობაშია ტექნიკურ რეგლამენტთან, ანუ შენობის მისამართი არასწორადაა მითითებული.

ამონარიდი დოკუმენტიდან
ვისია „ჯეო 2020“ და რა გავლენებით სარგებლობენ მისი მფლობელები?
შპს „ჯეო 2020“ 2020 წელს დაფუძნებული კომპანიაა, მის 30 პროცენტს დავით შამილაძე ფლობს, 70 პროცენტს კი – შპს „აბ დეველოპმენტი“, რომლის 100 პროცენტს ბეგლარ ბოლქვაძე და ბეგლარ ქედელიძე თანაბრად ინაწილებენ. ისინი წილებს ფლობენ სხვა სამშენებლო კომპანიებშიც, მათი ბიზნეს პარტნიორია ასევე დავით ბედინაძე.
ბეგლარ ბოლქვაძე იყო ბათუმის საკრებულოს წევრის, მამუკა კაკაბაძის ბიზნესპარტნიორი. ისინი ერთობლივად ფლობდნენ შპს „ველ ბილდინგის“.
შპს „ველ ბილდინგი“ ბათუმის საკრებულოს წევრმა, მამუკა კაკაბაძემ 2023 წლის ივნისში დააფუძნა. მაშინ ის აჭარის უმაღლეს საბჭოში მუშაობდა. ძველ ბათუმში კორპუსის მშენებლობის ნებართვის პარალელურად ბათუმის საკრებულოს წევრის კომპანიამ 12-სართულიანი სასტუმროს მშენებლობის ნებართვა მიიღო გონიოს სანაპიროზე.
შპს „ველ ბილდინგის“ დაფუძნებიდან მალევე, 2 თვეში, აჭარის უმაღლესი საბჭოს მოხელემ კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტს“ გადაუფორმა კონკრეტული ვალდებულებით, 45% კი საკუთრებაში დაიტოვა. მაშინ „აბ დეველოპმენტის“ წილებს ბეგლარ ბოლქვაძე და ირაკლი ანანიძე ფლობდნენ.
„ბათუმელებმა“ კომპანიის დირექტორთან დაკავშირება ამჯერად ვერ შეძლო. კომენტარის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.






