მთავარი,სიახლეები • • • •

ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

06.10.2026
ბათუმის მერიის „დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს“ – რატომ არ ჩანიშნეს გენგეგმის საჯარო განხილვა

ბათუმის გენგეგმის პროექტის სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების [სგშ-ს] ანგარიშის განხილვის პროცედურას გარემოს ეროვნული სააგენტო შეწყვეტს. მიზეზი, როგორც სააგენტოში „ბათუმელებს“ უთხრეს, ისაა, რომ ქალაქის მერიისგან წარმოდგენილ დოკუმენტაციაში მნიშვნელოვანი ხარვეზებია.

ამასთან, სააგენტოში აცხადებენ, რომ „მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებაც“.

თუმცა, ბათუმის მერის მიერ სააგენტში გაგზავნილ წერილში ეწერა, რომ „საჯარო განხილვის სავარაუდო ვადად განისაზღვრა მიმდინარე წლის 18 სექტემბერი“.

ამონარიდი ბათუმის მერის წერილიდან

„როგორც მოგეხსენებათ, ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ წარმოდგენილი განცხადება არ მოიცავდა კანონმდებლობით გათვალისწინებულ ინფორმაციას საჯარო განხილვის ჩატარების ადგილისა და სავარაუდო დროის შესახებ.

მუნიციპალიტეტის მიერ დროულად ვერ მოხერხდა აღნიშნული ინფორმაციის დაზუსტება, ხოლო მოგვიანებით მისი გასაჯაროვება ეწინააღმდეგება „საჯარო განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ მინისტრის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განსაზღვრულ მოთხოვნებს. 

აღნიშნულ პროცედურულ შეუსაბამობასთან ერთად, მუნიციპალიტეტის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია მოიცავს მნიშვნელოვან ხარვეზებს, რასთან დაკავშირებითაც სააგენტოში მიმდინარეობს ადმინისტრაციული წარმოება.

ხარვეზების სრულად იდენტიფიცერების შემდგომ აღნიშნულის თაობაზე მუნიციპალიტეტს ეცნობება წერილობით ადმინისტრაციული წარმოების შეწყვეტის შესახებ. აღნიშნული კორესპონდენცია ასევე გასაჯაროვდება გარემოსდაცვითი საინფორმაციო პორტალის მეშვეობით“, – მოგვწერეს „ბათუმელებს“ გარემოს ეროვნული სააგენტოდან 2026 წლის 6 ოქტომბერს.

  • რა ხდება

სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტზე რეკომენდაციების მიღების მიზნით განცხადება გარემოსდაცვით საინფორმაციო პორტალზე 2026 წლის 11 აგვისტოს გამოქვეყნდა.

კანონმდებლობის შესაბამისად, ასევე გამოქვეყნდა სგშ-ს ანგარიშის საჯარო განხილვის დროის შესახებ განცხადებაც, თუმცა ეს განცხადება პორტალიდან მალევე აიღეს და ის აღარ გამოუქვეყნებიათ.

„ბათუმელები“ აგვისტოს შუა რიცხვებშივე დაუკავშირდა სააგენტოს, სადაც განაცხადეს, რომ თარიღი მერიისგან დადასტურებული არ იყო, ამიტომ განცხადება აიღეს და მერიისგან პასუხს ელოდებოდნენ.

მოგვიანებით ბათუმის მერიაში გვითხრეს, რომ გარკვეული დოკუმენტაცია სააგენტოს დამატებით გადაუგზავნეს და საჯარო განხილვის თარიღიც ჩაინიშნებოდა.

კიდევ უფრო მოგვიანებით, არც მერიაში და არც სააგენტოში ამ საკითხზე აღარ გვიპასუხეს.

სააგენტოდან 6 ოქტომბერს მიღებული ინფორმაციით კი ირკვევა, რომ საჯარო განხილვა ამჯერად აღარ ჩაინიშნება, ვინაიდან მერიამ ხარვეზები უნდა გამოასწოროს.

„საჯარო განხილვა ჩატარდება სააგენტოს მიერ გამოვლენილი ხარვეზების გამოსწორებისა და დოკუმენტაციის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ, რომლის მიხედვითაც მოხდება საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის საზოგადოებისთვის მიწოდება“, – მოგვწერეს სააგენტოდან.

„ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის სივრცითი განვითარებისა და განაშენიანების მართვის დოკუმენტის“ [გენგეგმის] შემუშავებაზე ბათუმის მერიას ხელშეკრულება „სითი ინსტიტუტი საქართველოსთან“ 2021 წლის 16 აგვისტოს აქვს გაფორმებული 2 495 700 ლარზე.

ეს ხელშეკრულება რამდენჯერმე შეცვალეს. გაიზარდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაც [ბოლო ცვლილებით 2027 წლის 20 აპრილამდე].

„რიგ შემთხვევებში დაგვიანდა კანონით გათვალისწინებული „სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან“ მოსაზრებების წარმოდგენის ვადა, რის გამოც შეფერხდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში შესყიდვის საგნის მიღება-ჩაბარება.“ – წერია ერთ-ერთ შეთანხმებაში, რომელიც მერიასა და კომპანიას შორის შედგა.

ამჯერად, როგორც ჩანს, გენგეგმის პროექტის სგშ-ს განხილვაც „დაგვიანდება“, ვინაიდან სააგენტო პროცედურის შეწყვეტას გეგმავს და საკითხს მხოლოდ მაშინ დაუბრუნდება, როცა ბათუმის მერია „ხარვეზებს გამოასწორებს“. დაგვიანებული პროცედურების გამო კი „გვიანდება“ გენგეგმის დამტკიცებაც, რისი ბერკეტიც ბათუმის მერიის ხელშია, თუმცა არ ან ვერ იყენებს.

ამ თემაზე ვრცლად:

რატომ არ აქვეყნებენ ბათუმის გენგეგმის სგშ-ს საჯარო განხილვის თარიღს – მერია და სააგენტო კანონს არღვევს

 

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: