კომპანია NEXT-მა ბათუმში მოდერნისტული, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის შეღებვასთან დაკავშირებით მოკლე კომენტარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
NEXT-ი წერს, რომ „ამჟამინდელი ფასადი არ წარმოადგენს საბოლოო იერსახეს“.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის აღდგენის სამუშაოებთან დაკავშირებით გაჩენილ საზოგადოებრივ ინტერესს და მადლობა გადავუხადოთ მედიას მაღალი ჩართულობისთვის.
NEXT-ი ყოველთვის იყო და რჩება კულტურული მემკვიდრეობისა და ისტორიის გაფრთხილების სადარაჯოზე.
გვინდა განვმარტოთ, რომ შენობაზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები. ცხადია, ამჟამინდელი ფასადი არ წარმოადგენს საბოლოო იერსახეს. დასრულებული სახით აღდგენილ ფასადს საზოგადოება მალე იხილავს. ძეგლის რეაბილიტაცია მოხდება სათანადო ნებართვებით განსაზღვრული პროექტის სრული დაცვით“-წერს კომპანია ფეისბუქზე.
6 სექტემბერს „ბათუმელებმა“ გამოაქვეყნა სტატია იმის შესახებ, თუ როგორ გადაღება შენობის მფლობელმა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ღია – ფირუზისფერ და ფორთოხლისფერ ფერებში, რაც არ არის დამახასიათებელი აღნიშნული ძეგლისთვის.
რადგან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს კანონი იცავს და მათი აღდგენა-რესტავრაცია რეგულირდება, ამიტომ ვკითხეთ აჭარაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს, ჰქონდა თუ არა ძეგლზე ამ ფორმით ჩარევის უფლება მეპატრონეს?
სააგენტოში გვითხრეს, რომ ძეგლზე ამ ფორმით ჩარევა არ ყოფილა სააგენტოსთან შეთანხმებული.
საჯარო რეესტრის ჩანაწერების მიხედვით, მოდერნის სტილის შენობის მეპატრონე ისევ შპს „სოდი ინვესტმენტია“, რომლის დირექტორი ამ დრომდე, ირაკლი ალასანიაა. მეპატრონესთან დაკავშირებული რაიმე ცვლილება ჯერჯერობით რეესტრში არ იძებნება.
შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია NEXT-ი ასრულებს.
ძველი მოდერნის სტილის შენობა, რომელიც XIX საუკუნეშია აშენებული, ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია საქართველოში ამ სტილის ნაგებობებიდან.
შენობას აქვს მკაფიოდ ინდივიდუალური გეგმარება და მხატვრული კომპოზიცია, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო შენობაა ბათუმში და, ბუნებრივია, მისი იერსახის შეცვლა, მცირე ჩარევაც კი დაუშვებელია.
ვიდეო:
![ბათუმის ბულვართან ისტორიული სახლი დაანგრიეს და კორპუსს აშენებენ [ფოტო]](https://batumelebi.netgazeti.ge/wp-content/uploads/2026/03/gumbati-kaveriiiiiiii.jpg)





