ქედაში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ძენწმანის მეჩეთი დაშალეს. ეს მეჩეთის რეაბილიტაციის პირველი ეტაპის ნაწილია.
ზვარესა და ძენწმანის მეჩეთების სარეაბილიტაციო პროექტები გაძვირდა. მეჩეთების რეაბილიტაციის სატენდერო თანხა 650 ათას ლარს შეადგენს.
„ბათუმელები“ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის სააგენტოს დირექტორის მოადგილეს, სოფიო სანიკიძეს ესაუბრა. მას ვკითხეთ, ძეგლის სრული დემონტაჟი იყო თუ არა შეთანხმებული სააგენტოსთან, როგორ მოხერხდება ძეგლის ავთენტური სახით შენარჩუნება, დაახლოებით რა ვადაში უნდა აღადგინონ ძეგლი, როგორ არის შესაძლებელი ძეგლის ორნამენტების, მოჩუქურთმებული მოაჯირისა და სვეტების შენარჩუნება და ა.შ.
სოფიო სანიკიძე ამბობს, რომ ადგილზე მიმდინარე სამუშოები ტენდერით გათვალისწინებულ სამუშაოებს შეესაბამება.
„ძენწმანისა და ზვარეს მეჩეთების სრული რესტავრაცია იგეგმება პირვანდელი სახით.
მე-19 საუკუნის ბოლოსაა ეს მეჩეთები აშენებული და დამპალია ფაქტობრივად. ვიყავით და ყველაფერი ვნახეთ. ინტერიერის რაღაც ნაწილები დაკარგულია, ჩამოცვენილი, ჩამოშლილი, რაღაც ნაწილები არის საღი.
დაშლილი ნაწილები დაინომრა, რა თქმა უნდა, რესტავრატორების მეთვალყურეობით. გადატანილია ეს ნაწილები გურიაში, სოფელ ზოდში, სადაც გაიწმინდება, დაზიანებული ნაწილები აღდგება და დამუშავდება სპეციალური ხსნარით… გაცილებით ადრე, წლების წინ უნდა მომხდარიყო ამ მეჩეთების რესტავრირება. ძალიან დაზიანებულია“ – ამბობს სოფიო სანიკიძე.
მისი თქმით, რესტავრაციის პროცესში ჩართულები არიან სპეციალისტები და მეჩეთის დაკარგული ნაწილები ნიმუშის მიხედვით აღდგება. სოფიო სანიკიძის თქმით, მეჩეთი პირვანდელ სახეს შეინარჩუნებს:
„თუ პირვანდელი სახე არ ექნა, მაშინ ის დაკარგავს ძეგლის ღირებულებებს. გარანტირებულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ასე არ იქნება. პროექტის მიხედვით რესტავრირდება და შესაბამისად, მონიტორინგის სამსახური პერიოდულად განახორციელებს ზედამხედველობას. როგორც კი დაიწყება დეკორატიული ელემენტების რესტავრირება, იქ უკვე ჩაერთვება ჩვენი რესტავრატორი და თავიდან ბოლომდე გააკონტროლებს ყველაფერს“.
სოფიო სანიკიძეს ვკითხეთ, დაშლილი მეჩეთის კიდევ უფრო დაზიანების საფრთხე ხომ არ არის, რადგან ხის ფიცრები ღია ცის ქვეშ სველდება.
„ნელ-ნელა ხდება ამ ნაწილების გადატანა. ყველა ნაწილი უნდა იყოს გადატანილი. …იმ დღესაც წვიმდა სხვათა შორის და შევწუხდით, რადგან [წვიმა] ესხმებოდა და მართალი ხართ, ისედაც დამპალს რომ დაასხამ წყალს, ხომ სულ გაფუჭდება. ამიტომ მოვითხოვეთ, რაც შეიძლება სწრაფად, მნიშვნელოვანი, ფასეული ნაწილები გადაიტანონ პირველ რიგში”.
ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია ხელშეკრულების მიხედვით 2025 წლის 15 ოქტომბერს უნდა დასრულდეს, თვითმმართველობის არჩევნების წინ.
სპეციალისტების შეფასებით, ძენწმანის მეჩეთი განსაკუთრებულ ყურადღებას თავისი ავთენტურობის ხარისხით იქცევს. ის მე-19 საუკუნეში, სავარაუდოდ, პირველ ნახევარშია აგებული და უცვლელი სახითაა შემორჩენილი. მეჩეთს აქვს უნიკალური მხატვრული გაფორმება.
შენობისთვის გამოყენებულია ხე და ქვა, სახურავად კი – კრამიტი.