მთავარი,სიახლეები

როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს

07.04.2026
როგორ ანაცვლებს თამაზაშვილის ხალხი რიჟვაძის ხალხს

მთავრობის ყოფილი თავმჯდომარის, თორნიკე რიჟვაძის კადრების ჩანაცვლების პროცესი აჭარაში ჯერ არ დასრულებულა – ისევ აქტიურ ფაზაშია.

ახალი ხალხი თითქმის ყველა უწყებაში მიიღეს, მას შემდეგ, რაც ძველი თანამშრომლების ნაწილი, რეორგანიზაციის საბაბით, სამსახურიდან გაუშვეს. 

ოფიციალური უწყებების მიერ დაანონსებული რეორგანიზაციის პროცესები ჯერ კიდევ მიმდინარებს.

ამ სტატიაში მიმოვიხილავთ იმ უწყებებს, სადაც თანამდებობის პირები უკვე ჩაანაცვლეს.

  • თორნიკე რიჟვაძის ხალხი

2025 წლის 4 აპრილის დილას, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა და დაწერა, რომ „მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ“.

2025 წლის 4 აპრილის საღამოს აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დიდი ბრიტანეთის მიერ სანქცირებული სულხან თამაზაშვილი დანიშნეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.

სულხან თამაზაშვილს დიდი ბრიტანეთის და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები 2024 წლის 19 დეკემბერს დაუწესა, როგორც ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივი თავდასხმების ერთ-ერთ პასუხისმგებელ პირს.

თამაზაშვილთან ერთად მაშინ დაასანქცირეს შინაგან საქმეთა სამინისტროს რამდენიმე მაღალჩინოსანი, მათ შორის ყოფილი მინისტრი ვახტანგ გომელაური.

სულხან თამაზაშვილის აჭარაში გადმოსვლისთანავე გაჩნდა მოსაზრება, რომ ის თავის კადრებს მოიყვანდა ყველა საკვანძო თანამდებობაზე.

საკადრო ცვლილებების პროცესი ხანგრძლივი აღმოჩნდა და ამ ეტაპზე ჯერ კიდევ არ დასრულებულა.

ერთ-ერთი პირველი, ვინც სულხან თამაზაშვილის აჭარაში ჩამოსვლის შემდეგ თანამდებობა დატოვა, აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი, თინა ზოიძე იყო.

თინა ზოიძე თორნიკე რიჟვაძის ერთგულ კადრად მიიჩნეოდა.

თამაზაშვილის დანიშვნიდან მალევე, 2025 წლის 13 მაისს, თანამდებობიდან გადადგა ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი.

ხოლო მეორე დღეს, 14 მაისს, თანამდებობა დატოვა ქობულეთის არჩეულმა მერმა ლევან ზოიძემ.

ორივე მათგანი აჭარაში თორნიკე რიჟვაძის გარემოცვის წევრი იყო და ორივეს კარიერული დაწინაურება თორნიკე რიჟვაძის სახელს უკავშირდებოდა.

თანამდებობიდან გაუშვეს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ჯაბა ფუტკარაძეც, თუმცა სისტემაში დატოვეს, მთავრობის აპარატში სპეციალური შტატი შეუქმნეს და დაასაქმეს.

თანამდებობა დატოვა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა შავაძემაც.

ჯერჯერობით ბოლო ცვლილება დავით გაბაიძეს შეეხო. სადავო არჩევნებით არჩეული აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე მიმდინარე წლის 30 მარტს გადადგა.

ის ჟურნალისტებთან ამტკიცებდა, რომ თავისი ნებით დატოვა თანამდებობა და „უკვე დრო იყო“ წასვლის.

გარდა ამ სახელებისა, თანამდებობების დატოვება ან ჩამოქვეითება მოუწია ათობით საჯარო მოხელეს, ვინც ირიბად ან პირდაპირ იყო დაკავშირებული თორნიკე რიჟვაძესთან.

ფოტოზე: თორნიკე რიჟვაძე, არჩილ ჩიქოვანი, ლევან ზოიძე, თინა ზოიძე, დავით გაბაიძე და ჯაბა ფუტკარაძე

  • ვინ ჩაანაცვლა ე.წ. რიჟვაძის ხალხი

სულხან თამაზაშვილი წარმოშობით ქობულეთიდანაა.

გასული წლის 4 აპრილს ის აჭარის მთავრობის თავმჯდომარედ დანიშნეს.

მისი მოსვლიდან ერთ თვეში გადადგა ორი ქალაქის მერი – ბათუმის არჩეული მერი არჩილ ჩიქოვანი და ქობულეთის არჩეული მერი ლევან ზოიძე.

კანონის მიხედვით, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს არ აქვს უფლება რაიმე ფორმით ჩაერიოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში.

თუმცა პრაქტიკაში სულხან თამაზაშვილის გარეშე არც ერთი მნიშვნელოვანი საკადრო ცვლილება არ ხორციელდება.

თამაზაშვილის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ბათუმის მერი, გიორგი ცინცაძეა.

ის აჭარაში სულხან თამაზაშვილთან ერთად ჩამოვიდა.

2025 წლის 13 აპრილს აჭარის მთავრობის აპარატის უფროსად დანიშნეს, მას შემდეგ, რაც თორნიკე რიჟვაძის კადრმა, თინა ზოიძემ თანამდებობა დატოვა.

მოგვიანებით, გიორგი ცინცაძე მერობის კანდიდატად დაასახელეს. ის 2025 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ბათუმელ ამომრჩეველთა 27 %-მა მერად აირჩია.

გიორგი ცინცაძე სულხან თამაზაშვილის ნდობით აღჭურვილი პირია.

აჭარაში სოფლის მეურნეობის მინისტრად დანიშნეს დენის სალუქვაძე, რომელიც პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის აპარატიდან გადმოიყვანეს.

ის გიორგი ცინცაძესთანაც მეგობრობს.

ფოტოზე: სულხან თამაზაშვილი, გიორგი ცინცაძე, დენის სალუქვაძე, ცოტნე ანანიძე და ირაკლი ცეცხლაძე

დენის სალუქვაძის მინისტრად დანიშვნიდან რამდენიმე თვეში, ბათუმის მერიის ადმინისტრაციის უფროსად დანიშნეს მისი ცოლი, მარიამ ხაზარაძე.

ამ თანამდებობაზე დანიშვნამდე მარიამ ხაზარაძე „ინვეტ ჯგუფში“ იურიდიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ამ ორგანიზაციის საქმიანობის სფეროა ვეტერინარული მედიკამენტების, ვაქცინების, საკვების, ინვენტარის, მომსახურება და კონსულტირება.

მარიამ ხაზარაძემ ბათუმის მერიაში რეორგანიზაცია ჩაატარა.

რეორგანიზაციის შედეგად მერიიდან 35 საჯარო მოხელე გაუშვეს. მათგან 24 საჯარო მოხელე  ევროკავშირის მხარდამჭერი პეტიციის ხელმომწერი იყო.

ამავდროულად მერიის ყველა მნიშვნელოვან სამსახურში განხორციელდა ცვლილება.

მაგალითად, შეიცვალა ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი. ამ თანამდებობაზე არჩილ გირკელიძე დანიშნეს.

ბათუმის ურბანული განვითარება სწორედ მთავარი არქიტექტორის ხელშია.

ბათუმის მერიაში ასევე შეცვალეს მუნიციპალური ორგანიზაციების ხელმძღვანელები.

ბოლო ცვლილება აჭარის უმაღლეს საბჭოში განხორციელდა.

დავით გაბაიძე თანამდებობიდან გადადგა და ის ცოტნე ანანიძემ ჩაანაცვლა.

ვინ არიან ბათუმის მერიის ორგანიზაციების ახალი უფროსები და ვინ ელოდება შეთავაზებას

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: