მთავარი,სიახლეები

ქალებზე მოძალადე კაცები საპატიმროებში ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს ამბობენ

12.10.2022
ქალებზე მოძალადე კაცები საპატიმროებში ფსიქოლოგის დახმარებაზე უარს ამბობენ

ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა არ სარგებლობს პროგრამით, რაც ძალადობრივი ქცევის შეცვლას ითვალისწინებს – ეს ირკვევა პარლამენტის თემატური მოკვლევის ანგარიშით, სადაც განხილულია, როგორ ასრულებს საქართველო „სტამბოლის კონვენციით“ ნაკისრ ვალდებულებებს.

„სტამბოლის კონვენცია“ ითვალისწინებს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. მათ შორისაა მოძალადე კაცებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების არსებობა, რაც საქართველოში 2019 წლიდან ამოქმედდა.

პარლამენტის თემატური ანგარიშის მიხედვით, ამ მიმართულების პროგრამები რომ ეფექტური არ არის, ამაზე პარლამენტიც კი, ღიად საუბრობს და ასევე იუსტიციის სამინისტრო, რომელიც პროგრამების განხორციელებაზეა პასუხისმგებელი.

როცა ძალადობრივი ქცევის შეცვლისკენ მიმართული პირველი საპილოტე პროგრამა ამოქმედდა 2019 წელს, მასში 10 კაცი მონაწილეობდა, შემდეგ წლებში კი, პროგრამა კოვიდრეგულაციებმა შეაფერხა. იუსტიციის სამინისტროდან პარლამენტისთვის მიწერილი წერილებიდან ირკვევა, რომ ოჯახში ძალადობისთვის გასამართლებული კაცების უმრავლესობა ამ პროგრამებით სარგებლობაზე უარს ამბობს.

აქ არ არის მოცემული კონკრეტული სტატისტიკა, თუმცა წერია, რომ „ოჯახში ძალადობაში მსჯავრდებულ პირთა უმრავლესობა ამ პროგრამით ვერ სარგებლობს“.

პარლამენტის თემატური ჯგუფის ანგარიშის მიხედვით, პატიმრებისთვის ქცევის კორექციის პროგრამა გათვალისწინებულია ძალადობის განმეორების მაღალი რისკის მქონე მსჯავრდებულებისთვის. „თუმცა სპეციალური პენიტენციური სამსახურის განმარტებით, მოძალადეთა ქცევის კორექციის ჯგუფის დაკომპლექტებისას პროგრამის შეთავაზება ხდება ყველა მეუღლეზე/პარტნიორზე მოძალადე პირისთვის,“ – აღნიშნულია ანგარიშში.

„..სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებული მსჯავრდებულების კურსებში ჩართვა ნებაყოფლობითია, რაც არის ერთ-ერთი დამაბრკოლებელი გარემოება, რადგან მსჯავრდებულები თავს იკავებენ აღნიშნულ პროგრამებში მონაწილეობისგან, ამ გამოწვევის აღმოსაფხვრელად, მიმდინარეობს მუშაობა მოძალადეთა ქცევის კორექციის ღონისძიებებში მსჯავრდებულთა სავალდებულო მონაწილეობის აღსრულების წესის დასამტკიცებლად,“ – მიუწერია პარლამენტისთვის იუსტიციის სამინისტროს.

პარლამენტის თემატური ჯგუფი რეკომენდაციით მიმართავს იუსტიციის სამინისტროს: 2022 წლის 31 დეკემბრამდე პარლამენტს წარუდგინოს გეგმა იმის თაობაზე, რომ მოძალადეთა ქცევის კორექციის პროგრამები გავრცელდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ჩამდენ ყველა პირზე, როგორც პენიტენციურ, ისე პრობაციის სისტემაში.

ძალადობრივი ქცევის კორექციისკენ მიმართული პროგრამები ხორციელდება, როგორც საპატიმრო დაწესებულებებში, ისე პრობაციაში ჩართული პირებისთვის, მაგალითად, კაცისთვის, ვისაც პირობითი მსჯავრი აქვს.

„ძალადობრივი დამოკიდებულებებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სასწავლო კურსი“ აქვს პრობაციის სამსახურს, რაშიც, ოფიციალური სტატისტიკით, 2018 წელს 212 ბენეფიციარი მონაწილეობდა, 2019 წელს – 151, ხოლო 2020 წელს – 99 პირი. თუმცა არ არის შეფასებული, რამდენად ეფექტურია ეს სწავლება.

„შეაფასოს მოძალადეთა ქცევის კორექციის არსებული პროგრამების ეფექტიანობა, რომელიც საფუძვლად დაედება არსებული პროგრამების გადახედვასა და დახვეწას და უზრუნველყოს მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა [2023 წლის 28 თებერვალი]“, – ეს პარლამენტის თემატური ჯგუფის კიდევ ერთი რეკომენდაციაა.

ამ თემაზე:

მოძალადეს არავინ აჩერებს

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: