მთავარი,სიახლეები

სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება

11.02.2019
სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები მარტის ნაცვლად სექტემბრიდან ამოქმედდება

საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის განცხადებით, დღეს, 11 თებერვალს, სურსათის ეტიკეტირების ახალ წესთან დაკავშირებით საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გამართული კონსულტაციების შედეგად მიღწეულია შეთანხმება გარდამავალი პერიოდის რეგულაციაზე.

სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები 2019 წლის პირველი მარტიდან შედის ძალაში, თუმცა, ბიზნესასოციაციაში ამბობენ, რომ სამინისტროსთან მიღწეული შეთანხმებით, პროდუქციაზე გარდამავალი პერიოდის რეგულაცია გავრცელდება და კომპანიებს მიეცემათ საშუალება, პროდუქციის რეალიზება [გარდამავალ პერიოდში] ძველი ფორმით მოახდინონ.

რას გულისხმობს კონკრეტულად გარდამავალი რეგულაცია და რა პერიოდით განისაზღვრა გარდამავალი პერიოდი? – პასუხის მისაღებად „ბათუმელები“ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაუკავშირდა, თუმცა სამინისტროდან დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციაში გადაგვამისამართეს.

„გარდამავალ პერიოდში ზოგიერთი გაიდლაინი [მითითებები] დაზუსტდება, კომპანიები კი მოახდენენ ძველი ფორმით იმ პროდუქციის რეალიზებას, რაც აქვთ. ამით მიეცათ საშუალება, კარგად მოემზადონ ახალი რეგულაციისთვის – მიიღონ კონკრეტული მითითებები და ოფიციალური დასტური ექნებათ სამინისტროსგან, რათა გაუადვილდეთ საქმიანობა. ბევრი კითხვა იყო დაგროვილი, რაზედაც ვერ იღებდნენ პასუხს და კომპანიები ამ კითხვებზეც მიიღებენ პასუხებს ისე, რომ პროდუქტის რეალიზების კუთხით პრობლემა არ შეიქმნას“, – გვითხრეს ბიზნესასოციაციაში.

ბიზნესოპერატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებები [გაიდლაინი] – მომხმარებლისთვის სურსათის შესახებ ინფორმაციის მიწოდების შესახებ – სამინისტროს უკვე შემუშავებული და გამოქვეყნებულიც აქვს.

დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის ინფორმაციით, გარდამავალი პერიოდი 2019 წლის სექტემბრამდე გაგრძელდება: „ამ პერიოდში კი კომპანიები უნდა მოემზადონ, რათა სექტემბრიდან მთლიანად დააკმაყოფილონ ტექნიკური რეგლამენტის ყველა მოთხოვნა და დაიწყება შესაბამისი ღონისძიებების გატარებაც“.

ამ თემაზე: 2019 წლის პირველი მარტიდან სურსათის ეტიკეტირების ახალი რეგულაციები ამოქმედდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებით, ახალი რეგულაციით, ეტიკეტზე დასატანი სავალდებულო ინფორმაციის ჩამონათვალი გაზრდილია: „მათ შორის, სავალდებულოა ეტიკეტზე განთავსდეს ინფორმაცია სურსათის უვნებელ მოხმარებასთან დაკავშირებით, რადგან გარკვეულ შემთხვევაში, სურსათის შემადგენლობა შესაძლებელია საზიანო იყოს მომხმარებელთა გარკვეული ჯგუფებისათვის; ეტიკეტზე, ასევე, განთავსებული იქნება ინფორმაცია კვებითი ღირებულების შესახებ, რომელიც მომხმარებელს, მათ შორის განსაკუთრებული კვებითი მოთხოვნების მქონე მომხმარებელს, ინფორმირებული არჩევანის შესაძლებლობას მისცემს“.

ახალი რეგულაციით განისაზღვრა ეტიკეტზე განთავსებული ინფორმაციის შრიფტის ზომა და სურსათის შესახებ ინფორმაციის ფორმა [ზუსტი, მკაფიო, მომხმარებლისათვის ადვილად გასაგები] და ადგილი [თვალსაჩინო].

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: