მთავარი,სიახლეები

4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მოათავსებენ

07.08.2018
4 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულს სავარაუდოდ ფსიქიატრიულში მოათავსებენ

საირახონ მირბობიევას საქმეზე წინასასამართლო სხდომა დღეს გაიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მას ბათუმში 4 წლის გოგოს განსაკუთრებული სისასტიკით მკვლელობა ედება ბრალად.

4 წლის ბავშვი 13 ივნისს ღამით მოკლეს. პოლიციის ცნობით, ბრალდებულმა ქალმა ბავშვის ცხედარი პოლიციის მეშვიდე განყოფილებაში საკუთარი ხელით მიიტანა და თქვა, რომ გოგო ცემით მოკლა.

“ცნობთ თუ არა თავს დამნაშავედ?”- მიმართა მოსამართლე ლევან გელოვანმა ბრალდებულს.

“ვისარგებლებ დუმილის უფლებით,”- თქვა ბრალდებულმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ.

ამ საქმეზე აღკვეთი ღონისძიების შეფარდების დროს ბრალდებულმა მოსამართლეს ჰკითხა, ხომ არ შეუფარდებდნენ მას სამუდამო პატიმრობას, “რადგან ვიცი, რომ დამნაშავე ვარ,” – ამბობდა ის.

გამოძიების ვერსიით, ბავშვი დედამ დაუტოვა ბრალდებულს, რომელიც მისი  მეგობარი იყო, ხოლო თვითონ რამდენიმე დღით თურქეთში წავიდა. ბავშვის დედას თურქეთმა დეპორტი გაუკეთა და უზბეკეთში იძულების წესით დააბრუნა. პრობლემის მოგვარებამდე ბავშვზე ზრუნვა დედის მეგობარმა აიღო.

საქმეში უკვე დევს სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემა აქვს, თუმცა დანაშაულის ჩადენის დროს იგი შერაცხადი იყო.

“ჩვენ ვითხოვთ ექსპერტების დაკითხვას, რათა უშუალოდ მოვისმინოთ პოზიცია, თუ რას დაეყრდნო მათი დასკვნა,” – ამბობს პროკურორი ფრიდონ ქარცივაძე.

ბრალის დადასტურების შემთხვევაში, ბრალდებულს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში მოათავსებენ. იგი სასჯელს გამოჯანმრთელების შემთხვევაში მოიხდის.

დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ასევე სადავოობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ პროკურატურის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება სადავოდ მიიჩნია, რაც იმას გულისხმობს, რომ სასამართლო ყველა მოწმის ჩვენებას მოისმენს, ვინც გამოძიებას ჩვენება მისცა.

სადავოდ პროკურორმა ფრიდონ ქარცივაძემ რამდენიმე თავისივე მტკიცებულებაც მიიჩნია, მათ შორის, ბრალდებულის გამოძიებისთვის მიცემული ჩვენება.

“ბრალდებულს გამოძიებისთვის აღიარებითი ჩვენება არ მიუცია, ამიტომ მოვითხოვე მისი დაკითხვა,” – უთხრა პროკურორმა “ბათუმელებს”.

4 წლის გოგოს ცხედარი რამდენიმე დღის წინ გონიოს სასაფლაოზე დაკრძალეს. ამის შესახებ სასამართლო დარბაზში მყოფმა თამარ ახალაძემ გვითხრა.

“ბავშვი ჩვენ დავკრძალეთ ოჯახის სასაფლაოზე, გონიოში… ჩემმა რძალმა გაზარდა  ეს ბავშვი, ორი თვის იყო, როცა დაგვიტოვეს. ჩემი რძალი ძიძა იყო, დედა ცალკე ცხოვრობდა,” – გვითხრა მან.

თამარ ახალაძის თქმით, ბავშვის დედამ 8 მარტს დარეკა მათთან და უთხრა, რომ ბავშვს სამი დღით წაიყვანდა ნიგარი, მისი მეგობარი.

“ბავშვი აღარ დაუბრუნებიათ. ნიგარი ის გოგოა, რომელსაც მანამდეც წაუყვანია ბავშვი სასეირნოდ. ნიგარი მკვლელობის ღამეს ბრალდებულთან ერთად იყო. ჩვენ მის დაპატიმრებასაც ვითხოვთ. იგი ბრალდებულის დეიდაშვილია.

ჩემი აზრით, ბავშვის მოშორება უნდოდათ, მაგრამ ვერ გაბედეს მოყვანა, რადგან გოგო სასტიკად ნაცემი ჰყავდათ. ბავშვს მხარი მთლიანად მოტეხილი ჰქონდა… საბოლოოდ ტელევიზიიდან გავიგეთ, რომ ბავშვი ცემით მოუკლავთ. პროზექტურაში იყო უკვე ჩვენი 4 წლის გოგო. თმები გადაუპარსავთ და სულ გაშავებულიყო, არადა ულამაზესი ბავშვი იყო,” – დაასრულა თამარ ახალაძემ და სასამართლო დარბაზი დატოვა.

 

გადაბეჭდვის წესი

25 წელია ვწერთ იმაზე, რაც შენ გაწუხებს და რასაც მთავრობა გიმალავს, თუმცა დღეს, რეპრესიული პოლიტიკის პირობებში, როდესაც დამოუკიდებელ გამოცემებს „ქართული ოცნება“ შემოსავლის წყაროს უკეტავს, ამას მარტო ვეღარ შევძლებთ. ჩვენ არ ვეკუთვნით არცერთ პოლიტიკურ ძალას და ბიზნესჯგუფს. ჩვენ ვეკუთვნით საზოგადოებას. დღეს შენი მხარდაჭერა გვჭირდება _ ამისთვის შევქმენით მარტივი და უსაფრთხო პლატფორმა: შეგიძლია აირჩიო შენთვის მისაღები თანხა, რომლის გადახდასაც შეძლებ, თუნდაც თვეში 1 ლარი, და გახდე „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მხარდამჭერი. ჩვენ არ გვინდა დამატებით ფინანსურ ტვირთად ვიქცეთ ვინმესთვის. ჩვენთვის საზოგადოების მხარდაჭერა არა თანხის ოდენობით, არამედ ჩვენი მკითხველისა და გულშემატკივრის სიმრავლით იზომება.
უფრო მეტ ინფორმაციას, ასევე, წესებსა და პირობებს შეგიძლია გაეცნო მხარდაჭერის პლატფორმაზე.

ასევე: