ავტობანი: გრიგოლეთი-ქობულეთის შემოვლითი საავტომობილო გზის მშენებლობა იწყება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გრიგოლეთი [ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი]-ქობულეთის შემოვლითი გზის მონაკვეთის მშენებლობისთვის გამოცხადებული საერთაშორისო ტენდერის ტექნიკური და ფინანსური წინადადებები გაიხსნა. ტექნიკური წინადადება სულ 8 კომპანიამ წარმოადგინა.

„გრიგოლეთი-ქობულეთის გზის 14.4კმ-იანი მონაკვეთის (ლოტი I)  მშენებლობას ევროპის საინვესტიციო ბანკი აფინანსებს. მშენებლობის პროექტი, 4-ზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზის, 22 სახიდე გადასასვლელის, 4 სატრანსპორტო კვანძის, წყალგამტარი მილებისა და  მიწისქვეშა გასასვლელების მშენებლობას ითვალისწინებს,“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

გრიგოლეთი-ფოთისა და გრიგოლეთი-ქობულეთის მონაკვეთების საშუალებით სამტრედია-გრიგოლეთის გზა, ქობულეთის შემოვლით გზას გრიგოლეთიდან ორი მიმართულებით დაუკავშირდება. შესაბამისად ავტოტრანსპორტი, ჩქაროსნული ავტომაგისტრალით იმოძრავებს როგორც ფოთის გავლით, ასევე პირდაპირ გრიგოლეთი-ქობულეთის მიმართულებით.

პროექტის განხორციელების ვადები 2018-2020 წლებია.

გრიგოლეთი-ქობულეთის გზა ქობულეთის შემოვლით გზას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შეკვეთილთან შეუერთდება.

ქობულეთის შემოვლითი გზა კი, რომელიც სრულად 2018 წლის გაზაფხულზე უნდა გაიხსნას, თავის მხრივ ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას, რომლის მშენებლობა ახლა იწყება. გვირაბიდან ბათუმის შემოვლითი გზა ხელვაჩაურამდე [ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე] აშენდება.

რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

ქობულეთის შემოვლით გზაზე ე.წ. ახალ ავტობანზე სოფელ საჩინოსთან საქართველოში ყველაზე გრძელი ხიდი შენდება. ხიდის მშენებლობა ახალი ტექნოლოგიით მიმდინარეობს და მისი სიგრძე 1 180 მეტრი იქნება.

ქობულეთის შემოვლითი გზა

ქობულეთის შემოვლითი გზა

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com