მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით

02.10.2017 • 2580
ბათუმის მერობის კანდიდატი: ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით

ბათუმის  დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი, წინასაარჩევნო შეხვედრებს იწყებს  ბათუმის მერობის კანდიდატებთან. დღეს, 2 ოქტომბერს, პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან, პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.

კანდიდატმა მოკლედ ისაუბრა საარჩევნო პროგრამის დეტალებზე, შემდეგ კი კითხვებს უპასუხა. პირველი კითხვა ქალაქში პარკინგის პრობლემასთან და უსახურ მშენებლობებთან დაკავშირებით დაისვა.

მერობის კანდიდატის თქმით, აშენებულ უსახურ შენობებს უკვე ვერაფერს მოვუხერხებთ, რადგან ძალადობრივი მექანიზმები მიუღებელია: „თუმცა, შესაძლოა ასეთი ტიპის სახლები გავალამაზოთ. შესაძლებელია გამწვანების კერების გაჩენა ტერასებზე, სახურავი შეგვიძლია გავამწვანოთ ან ვერანდები და ამან შესაძლებელია ცოტათი იერ-სახე შეუცვალოს უსახურ სახლებს. ასევე, მშენებლობის რეგულაციები, რაც არსებობს, მომავალში მკაცრად იყოს დაცული და აღარ დავუშვათ ასეთი ტიპის სახლების აშენება“.

რაც შეეხება პარკირებას, კანდიდატის თქმით, ამ პრობლემის მოგვარება შესაძლებელია, თუკი ყველა აშენებულ სახლს ექნება პარკირების ადგილი გათვალისწინებული: „გარდა ამისა, ჩვენ შეგვიძლია შევთავაზოთ საზოგადოებას და დავაწესოთ სეირნობის დღე,  სხვადასხვა აქტივობები, სპორტული ღონისძიებები, რომ მეტი ადამიანი წავახალისოთ ფეხით სეირნობისთვის“.

პეტრე ზამბახიძის საარჩევნო ბუკლეტში აღნიშნულია, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ყოველწლიურად 2 000 ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნება. „ბათუმელების“ კითხვაზე, როგორ აპირებს სამუშაო ადგილების შექმნას და კონკრეტულად რა სფეროში? პეტრე ზამბახიძე ამბობს:

„ქალაქს არ აქვს განვითარების გეგმა, ეს არის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა და ამ გეგმის შემუშავებით მიიღწევა ახალი სამუშაო ადგილებიც. ახალი სამუშაო ადგილების შექმნა შესაძლებელია მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებით. მე ვგულისხმობ გონიოსთან დამაკავშირებელი ხიდის მშენებლობას, რაც არის აუცილებლად გასაკეთებელი, რადგან ეს არის საშუალება ბათუმის ბულვარი კიდევ უფრო დაგრძელდეს და საინტერესო გახდეს, გონიოს ტერიტორია კი კიდევ უფრო მეტად გახდეს საინტერესო ინვესტორებისთვის. ყოფილი პოლიგონის ადგილზე კი მოხდეს ახალი პროექტების განხორციელება, რომელიც ასევე შექმნის დასაქმების ადგილებს“.

პეტრე ზამბახიძის თქმით, ქალაქის გამწვანება უნდა მოხდეს დეკორატიული ქოთნებით: „ისეთი ქოთნებით, რომელიც ქალაქის კომუნიკაციას და ინფრასტრუქტურას ხელს არ შეუშლის, მაგრამ ეს იქნება პატარა ხეების დონეზე. სადაც საშულება არის, იმ წესებით გამწვანდება, რომელიც აქვს შემუშავებული გამწვანების სამსახურს“.

კითხვა დაისვა კულტურული მემკვიდრეობის პოლიტიკის შესახებ. პეტრე ზამბახიძის თქმით, მნიშვნელოვანი და აუცილებელია კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნება, თუმცა უნდა მოხდეს იმ ადამიანების ინტერესების გათვალისწინებაც, ვინც ამ სტატუსის მქონე სახლებში ცხოვრობს:

„ძველ ბათუმში ცხოვრობს ბევრი ოჯახი და მათ სურთ ინვესტორის მოყვანა – აღარ მოსწონთ მოძველებული სახლის ინფრასტრუქტურა და უნდათ პირობების გაუმჯობესება, მაგრამ ინვესტორები ვერ მიდიან ხშირ შმთხვევაში იმიტომ, რომ გარიგება არ აქვთ, რომ შეძლებენ ამ ადგილზე მრავალსართულიანი სახლის აშენებას, ამიტომ, ამ ზღვარზე უნდა გავიაროთ და მოსახლეობის ინტერესებიც მაქსიმალურად უნდა დავიცვათ“.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს. პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი ბათუმის მერობის კანდიდატებთან შეხვედრებს იწყებს.
პირველი შეხვედრა „ევროპული საქართველოს“ მერობის კანდიდატთან პეტრე ზამბახიძესთან გაიმართა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: