ბათუმში 13 მუნიციპალურ საბავშვო ბაღს ციფრულ ფორტეპიანოებს გადასცემენ

13 ციფრულ ფორტეპიანოს ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანება შეისყიდის, რისთვისაც 34 190 ლარია გათვალიწინებული. გაერთიანების ინფორმაციით, ახალ პიანინოს ბათუმში მოქმედი 32-ივე ბაღი ითხოვდა, თუმცა მათგან, ამ ეტაპზე, შეაჩიეს მხოლოდ 13.

„საბავშვო ბაღებში არსებული პიანინოები მოძველებულია, თუმცა ამ 13 ბაღში იმდენად, რომ რეაბილიტაცია-შეკეთებას აღარ ექვემდებარება, ამიტომ მათთვის ახალ პიანინოებს შევიძენთ. რაც შეეხება დანარჩენ ბაღებს, იქ არსებული ინსტრუმენტები ექვემდებარება შეკეთება-აწყობას“ – გვითხრა ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, ნატალია ზაქარეიშვილმა.

თითო ცალი ციფრული ფორტეპიანო გადაეცემა გაერთიანების შემდეგ საბავშვო ბაღებს: N1, N3, N4, N5, N8, N12, N16, N17, N19, N23, N30, N32 და N33 საბავშვო ბაღს.

ფორტეპიანოებზე საგარანტიო პერიოდი არანაკლებ 1 წელი უნდა იყოს. ტენდერში წინადადებების მიღება 11 ოქტომბერს დასრულდება, ბაღებს კი ფორტეპიანოები ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 20 დღეში უნდა მიაწოდოს.

მიმწოდებელი, რომელსაც გაერთიანება ტენდერით შეარჩევს, ვალდებული იქნება საქონლის მიწოდების დროს 13 მუსიკის მასწავლებელს გააცნოს ციფრული ფორტეპიანოს გამოყენების სრული წესები.

„ეს არის ე.წ. მძიმე პიანინო, არის ელექტრო, რომელსაც ძალიან ბევრი ფუნქცია აქვს და ამასთან ის ორ ადამიანს შეუძლია, საჭიროებისამებრ, თავისუფლად გადააადგილოს“ – ამბობს გაერთიანების დირექტორი.

forte

სატენდერო დოკუმენტაციიდან

ბათუმის საბავშვო ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, ბათუმში არის 32 საბავშვო ბაღი. ამ წდროისთვის კი ფუნქციონირებს 31, ვინაიდან, N21-ე საბავშვო ბაღი [ჯავახიშვილის ქუჩის ბოლში] მესამე წელია გაჩერებულია და არ ფუნქციონირებს [მიმდინარეობს სასამართლო დავა], ახალი, N33 საბავშვო ბაღის გახსნა კი, ურეხის დასახლებაში, მიმდინარე თვეშია დაგეგმილი.

გაერთიანების ხელმძღვანელის, ნატალია ზაქარეიშვილის თქმით, მუნიციპალურ საბავშვო ბაღებში დღეს 3-დან 6 წლამდე ასაკის 7510 ბავშვი ირიცხება. მისივე ინფორმაციით, ბაღებს გარეთ წელს 1098 ბავშვი დარჩა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com