essssssssss

ბათუმის შემოვლითი გზის აშენებისთვის 329 მილიონი ლარი დაიხარჯება

ბათუმის შემოვლით გზას თურქული კომპანია ააშენებს. სამშენებლო სამუშაოების ვადა 2017-2020 წლებია. მახინჯაურის გვირაბიდან ფრიდონ ხალვაშის გამზირამდე, ახალი გზა გაივლის: მახინჯაურს, განთიადს, კაპრეშუმს, სალიბაურს, ფერიას, მახვილაურსა და ხელვაჩაურს. რაც შეეხება ხელვაჩაურიდან სარფამდე მონაკვეთს, თუ სად გაივლის ავტობანი, გადაწყვეტილი ამ დრომდე არ არის.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმის შემოვლითი გზის 13 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის დაწყებაზე დეპარტამენტსა და  ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას შორის ხელშეკრულება უკვე გაფორმდა. ხელშეკრულებას საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ ალექსანდრე თევდორაძემ და თურქული სამშენებლო კომპანია [ერთობლივი საწარმო] „POLAT YOL & MAPA“  წარმომადგენელმა ემრე პოლატმა მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში აშენდება 2 ზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი.

სამინისტროს ინფორმაციით, პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობის გამო ბათუმსა და ხელვაჩაურში 19 მისამართზე მოქალაქეებსა და რამდენიმე კომპანიას უძრავ ქონებას [მიწა, შენობა, ნარგავები] ექსპროპრიაციის გზით ჩამოართმევენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com