ბსუ 2,3 მილიონ ლარად სტუდენტთა ახალ საცხოვრებელს აშენებს

ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, N15-ში, სტუდენტთა საცხოვრებლის მშენებლობისთვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტს [ბსუ] 2 მილიონ 394 ათასი ლარი აქვს გათვალისწინებული.

ბსუ-მ საერთო საცხოვრებლის შენობების მშენებლობაზე ტენდერი უკვე გამოაცხადა, რომელიც მიმდინარე წლის 28 აგვისტოს დასრულდება. რაც შეეხება მშენებლობას, ის შესაბამისი ხელშეკრულების გაფორმებიდან 250 დღეში უნდა დასრულდეს.

უნივერსიტეტის კანცლერმა, ჯემალ ანანიძემ, სამი თვის წინ „ბათუმელებთან“ განაცხადა, რომ საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარი უნივერსიტეტმა მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსისა და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

საერთო საცხოვრებელი იმ პროექტის ნაწილია [სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა, საბავშვო ბაღი], რომლის განხორციელებისთვისაც დაახლოებით 20 მილიონი ლარია საჭირო.

ჯემალ ანანიძის ინფორმაციითვე, რადგან მთლიანი კომპლექსის აშენებას სოლიდური თანხა  სჭირდება, ფინანსებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეტაპობრივად მოიძიებს.

საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, საერთო საცხოვრებელი არის სამსართულიანი შენობა, რომელსაც გააჩნია სარდაფის სართულიც [მიწის დონის ქვემოთ]. სარდაფი გამოყენებული იქნება მხოლოდ საინჟინრო კომუნიკაციებისთვის.

შენობის მიწისზედა სამ სართულზე კი განთავსდება როგორც საქმიანი ნაწილი – დაცვის ოთახი, ადმინისტრაცია, სამრეცხაო-საშრობი, საკონფერენციო დარბაზი, ასევე საცხოვრებლის ბლოკები: ძირითადი, 5 სტუდენტზე გათვლილი ბლოკური პრინციპით, რომელსაც გააჩნია თავისი სველი წერტილი [2 უნიტაზი, 2 ხელსაბანი, 1 საშხაპე] და სამზარეულო; ასევე 3 სტუდენტზე, 2 სტუდენტზე და შშმ პირებისთვის ადაპტირებული 3 ბლოკი – თითო თითოეულ სართულზე; შენობაში განთავსდება ლიფტი შშმ პირებისთვის. შენობა 137 მობინადრეზეა გათვლილი.

საერთო საცხოვრებლის საგარანტიო ვადები:

  • სახურავზე – 10 წელი;
  • კარ-ფანჯარაზე -5 წელი;
  • შენობის შიდა მოპირკეთებაზე – 5 წელი;
  • ფასადისა და სარინელის მოწყობის სამუშაოებზე – 5 წელი;
  • სამღებრო სამუშაოებზე – 3 წელი;
  • სანტექნიკისა და ელექტროობის მოწყობის სამუშაოებზე – 3 წელი;
  • გათბობის სისტემაზე – 5 წელი;
  • იატაკზე – 3 წელი;
  • წყალსადენისა და კანალიზაციის გარე ქსელზე – 10 წელი;
  • ხანძარქრობის შიგა ქსელის სისტემებზე – 5 წელი;
  • სხვა დანარჩენ სამუშაოებსა და მოწყობილობებზე 3 (სამი) წელი.

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი - ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან

ბსუ-ს საერთო საცხოვრებელი – ფოტოები საპროექტო დოკუმენტაციიდან

31

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com