მთავარი,სიახლეები

ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

02.08.2017 • 6095
ვიდეოკამერის ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ

ქუჩებსა და კერძო ობიექტებში განთავსებული ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერის ამოღება ადვოკატებსაც შეუძლიათ. აქამდე ვიდეოჩანაწერის ამოღების უფლებას კანონი, ექსკლუზიურად, მხოლოდ პროკურორებს აძლევდა. 2017 წლის 27 იანვარს საკონსტიტუციო სასამართლომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ის ნორმატიული შინაარსი გააუქმა, რომლის მიხედვითაც ვიდეოკამერის მფლობელი ვალდებული იყო, პროკურორისთვის ჩანაწერი გადაეცა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ ძალადაკარგული ნორმა პარლამენტს უნდა შეეცვალა, მაგრამ პარლამენტარებს ამ დროისთვის პროექტიც კი არ მოუმზადებიათ, რა ფორმით უნდა შეიცვალოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე მუხლი. პარლამენტის იურიდული კომიტეტის აპარატში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ საკანონმდებლო ინიციატივა ამ კუთხით მზად არ არის.

გიორგი ხიმშიაშვილი, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი: „პარლამენტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა უნდა ემყარებოდეს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებათა შინაარსა თუ განმარტებებს. ამ შემთხვევაში იქმნება სტაბილური სამართლებრივი სივრცე, სადაც ადამიანის უფლებები და თავისუფლებები უფრო დაცული და გარანტირებულია“.

ადვოკატების თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე მათ შუამდგომლობას ვიდეოჩანაწერების ამოღებაზე უკვე აკმაყოფილებს სასამართლო.

„უკეთესია კანონში იყოს დაზუსტებული, რომ ადვოკატებსაც გვაქვს იგივე უფლება, რაც პროკურორს ჩანაწერის ამოღების დროს, მაგრამ საერთო სასამართლოებს შეუძლიათ იხელმძღვანელონ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით და ასეც ხდება უკვე. თუ დასაბუთებული შუამდგომლობით მიმართავს ადვოკატი სასამართლოს, რომ ვიდეოჩანაწერი შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი მტკიცებულება, მოსამართლე მის დაკმაყოფილებაზე უარს არ ამბობს,“ – გვითხრა ადვოკატმა ზაზა პაპიძემ.

აქამდე ადვოკატებს შეეძლოთ მხოლოდ ვიდეოსათვალთვალო მფლობელის თანხმობის შემთხვევაში მოეპოვებინათ კამერის ჩანაწერი. პროკურატურის მიმართვის შემთხვევაში კი, ჩანაწერის განმხორციელებელი ობიექტის მფლობელი ვალდებული იყო, ჩანაწერი მისთვის გადაეცა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: