საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს, 31 მარტს, მოსამართლე შალვა თადუმაძის განცხადებაზე ვეტინგთან დაკავშირებით, პასუხად ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ვეტინგის [მექანიზმი, რომელიც სასამართლო სისტემაში თანამდებობის მქონე მოსამართლეების კეთილსინდისიერების შეფასებას ითვალისწინებს] შესახებ კამპანია საბჭოური სტილია.
„როდესაც საუბარია სასამართლო სისტემაზე, ყველამ კეთილი უნდა ინებოს და ისაუბროს ფაქტებით.
დღემდე ჩვენ ვერ ვისმენთ ფატებს და ამიტომ უწევთ საბჭოური სტილის კამპანიის წარმოება სასამართლოს წინააღმდეგ ყოველგვარი ფაქტების, ყოველგვარი არგუმენტების გარეშე.
ეს არის სწორედ საბჭოთა სტილი და სამწუხაროა, რომ ასეთი საბჭოთა სტილის კამპანიები წარმოებს იმ ადამიანების მხრიდან, რომლებმაც 2012 წლამდე სასამართლო აქციეს ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთ ინსტრუმენტად.
რა თქმა უნდა, ამას არ უნდა შეეგუოს საზოგადოება და ჩვენ ყოველთვის ხმას ავიმაღლებთ ამ უცხოური გავლენის აგენტების წინააღმდეგ. ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი,“ – განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან.
პრემიერმა ჟურნალისტების კითხვებს ანტიკორუფციული ბიუროს წლიური ანგარიშის პრეზენტაციის შემდეგ უპასუხა.
გახდა თუ არა ჯანდაცვის სისტემაში გამოვლენილი კორუფცია ზურაბ აზარაშვილის თანამდებობიდან წასვლის საფუძველი? – ამ კითხვაზე პრემიერმა უპასუხა, რომ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის მიერ თანამდებობის დატოვებას კორუფციასთან არავითარი კავშირი არ ჰქონია.
პრემიერი ამბობს, რომ საქართველოს კორუფციასთან ბრძოლის კუთხით კარგი მონაცემები აქვს და უსწრებს ევროკავშირის ათამდე ქვეყანას:
„ყველა საერთაშორისო რეიტინგის მიხედვით გვაქვს კარგი მონაცემები კორუფციის სიმცირის თვალსაზრისით. ვუსწრებთ ევროკავშირის წევრობის ყველა კანდიდატ ქვეყანას და ევროკავშირის წევრ 10-მდე ქვეყანას. თუმცა, თავისთავად, ის ფაქტი, რომ ევროკავშირის წევრი დაახლოებით 20 ქვეყანა გვისწრებს, მეტყველებს იმაზე, რომ კიდევ ბევრია გასაკეთებელი, რათა ვებრძოლოთ და შევამციროთ კორუფცია ჩვენს ქვეყანაში.“
ამ თემაზე საუბრისას ჟურნალისტებთან მან ასევე განმარტა, რომ საბჭოურ კამპანიას „უცხოური გავლენის აგენტები“ აწარმოებენ:
„რაც შეეხება კორუფციას, კორუფციის ერთ-ერთი მთავარი წყარო არის ბუნდოვანება, გაუმჭვირვალობა და სამწუხაროა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საბჭოური სტილის კამპანიას აწარმოებენ, არიან აბსოლუტურად გაუმჭვირვალე საკუთარ საქმიანობაში, არავინ იცის ვისგან ფინანსდება ამ ორგანიზაციების საქმიანობა, რა მიზნებს ემსახურება მათი დაფინანსება და ასე შემდეგ, სწორედ გაუმჭვირვალობა არის კორუფციის მთავარი წყარო.
სწორედ ის სუბიექტები, რომლებიც აწარმოებენ კამპანიებს სასამართლოს წინააღმდეგ გამოირჩევიან გაუმჭვირვალობით და სწორედ ეს არის კორუფციის საფუძველი“.
კობახიძემ ასევე „უცხოური გავლენის აგენტების“ აქტივობით ახსნა, ქალაქში გავრცელებული წარწერები – „იძებნება სასამართლო“.
„რაც შეეხება წარწერებს, ეს არის საბჭოური სტილის კამპანია, რომელსაც აწარმოებენ უცხოური გავლენის აგენტები საქართველოში, რაც ძალიან სამწუხაროა.
თქვენ გახსოვთ, რომ სტიგმატიზაცია ხდებოდა წელების განმავლობაში სასამართლო სისტემის, მოსამართლეების. თქვენ გახსოვთ, რომ ტერმინი მოიფიქრეს ამ მიზნით, ეს იყო კლანი და ასე შემდეგ. ეს არის ჩვეულებრივი, საბჭოური სტილის პროპაგანდა, რასაც, სამწუხაროდ, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ საქართველოში.
რა თქმა უნდა საზოგადოება უნდა დაუპირისპირდეს ამ ყველაფერს და უნდა დაუპირისპირდეს სიმართლით.
სიმართლე არის ის, რომ სასამართლო იყო სწორედ ამ უცხოური გავლენის აგენტების ხელში მაშინ, როცა ეს ინსტიტუტი გამოიყენებოდა, როგორც ადამიანების ჩაგვრის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტი, დღეს ეს ადამიანები, უცხოური გავლენის აგენტები აწარმოებენ კამპანიას რომელიც ფუნდამენტურად გარდაიქმნა 2012 წლის შემდეგ ეს საბჭოური სტილის პროპაგანდა არის მიუღებელი პირადად ჩემთვის“ – განაცხადა კობახიძემ.