მთავარი,სიახლეები

მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

03.07.2017 • 2052
მერაბ ღოღობერიძის პროცესზე მოწმეების დაკითხვა დაიწყო

დღეს, 3 ივლისს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში მერაბ ღოღობერიძის პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე, ვიდრე მოსამართლე სასამართლო დარბაზში შემოვიდოდა, მერაბ ღოღობერიძემ მისთვის განკუთვნილი გისოსებიანი ადგილიდან დარბაზს მიმართა:

„ხდება იგივე, რაც ცოტნე ანანიძის შემთხვევაში მოხდა. მე ვაპირებ ბათუმის მერობას…” – თქვა მერაბ ღოღობერიძემ. მას ირაკლი ჩხვირკიასთან ერთად სახელმწიფოს წინააღმდეგ მასობრივი ძალადობის ორგანიზება ედება ბრალად. საუბარია ბათუმის 11-12 მარტის აქციაზე, რომლის შემდეგაც პროკურატურამ 21 პირი დააკავა (ამ დროისთვის 4 მათგანი არის გათავისუფლებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე).

„ჩემი პოზიცია დაემთხვევა ობიექტური პირის პოზიციას… ამ პროცესს არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრება. მათ იგივე პიზიცია ექნებათ, რაც მე,” – მიმართა ბრალდებულებს მოსამართლე დავით მამისეიშვილმა. მან ამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება უნდა მიიღოს.

მოსამართლემ საპროტესტო აქციებიც ახსენა, რასაც პერიოდულად აწყობენ „ბათუმის აქციის საქმეზე” დაკავებულების ახლობლები. მოსამართლემ აღნიშნა, რომ პროტესტი მასზე გავლენას ვერ მოახდენს.

„გავლენას ვერც მოწმეები მოახდენენ. 200-ვე მოწმემ თქვენ წინააღმდეგ რომ ისაუბროს, მხოლოდ ეს ვერ გახდება გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველი,”- დასძინა მოსამართლემ.

„ბატონო მოსამართლევ, თქვენ შენიშვნას აძლევთ ჟურნალისტებს, მაგრამ არა პროკურორს, რომელიც თქვენი საუბრის დროს ჩატაობს…” – უთხრა მოსამართლეს მერაბ ღოღობერიძემ.

მოსამართლემ ბრალდებულს ზეპირი შენიშვნა მისცა. მას პროკურორის მიმართ არაფერი უთქვამს: „აზრი გამექცა, რა უნდა მეთქვა…” –  ჩაილაპარაკა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

დღევანდელ პროცესზე მოწმეების დაკითხვა უნდა დაიწყოს. საქმეში სულ 301 მოწმეა, თუმცა სასამართლო ამ საქმის განხილვას დაჩქარებული წესით აპირებს.

„კუთვნილი შვებულებაც კი გადავდე, რადგან საქმე ძალიან სენსიტიურია და არსებობს საზოგადიების მაღალი ინტერესი. კვირაში რამდენიმე პროცესის გამართვას ვაპირებ,” – აღნიშნა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: