მომხმარებელთა უფლებების დაცვის ახალი წესები ბანკების გარდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზეც გავრცელდება

საქართველოს ეროვნულ ბანკში [სები] მომზადდა „ფინანსური ორგანიზაციების მიერ მომსახურების გაწევისას მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესი“, რომელიც სების ინფორმაციით, 2017 წლის პირველი ივნისიდან ამოქმედდება.

„თუ აქამდე მოქმედი რეგულაციები მხოლოდ კომერციულ ბანკებს ავალდებულებდა მომხმარებლებთან ურთიერთობის სპეციალური წესების დაცვას, ამიერიდან ეს ვალდებულება დაეკისრება მიკროსაფინანსო ორგანიზაციებსa და არასაბანკო სადეპოზიტო დაწესებულებებს [საკრედიტო კავშირებს და კვალიფიციურ საკრედიტო ინსტიტუტებს]“ – აცხადებს სები.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, წესი არაერთ სიახლეს სთავაზობს საფინანსო სექტორის მომხმარებლებს: „დაკონკრეტდა და დაზუსტდა სარეკლამო მასალების შემუშავების წესები, რომლებითაც საფინანსო ორგანიზაცია ვალდებულია უზრუნველყოს ფინანსური პროდუქტის პირობების, განსაკუთრებით კი, პროდუქტის ფასზე ინფორმაციის მაქსიმალური გამჭვირვალობა. დადგინდა შრიფტის მინიმალური ზომები [თავსართი 12 ზომა, ხელშეკრულების ძირითადი პირობები 10], რათა უფრო ადვილი გახდეს ხელშეკრულების წაკითხვა და გამოირიცხოს მისი გაცნობისთვის ხელისშემშლელი დამატებითი ბარიერები“.

ეროვნული ბანკის განცხადებით:

  • დადგინდა არააქტიურ პროდუქტებზე საკომისიოს შეწყვეტის წესიც. კერძოდ, ფინანსურ ორგანიზაციებს ამ წესების მოქმედების არეალში აღარ ექნებათ უფლება მომხმარებლებს დააკისრონ საკომისიო 12 თვეზე მეტი პერიოდის განმავლობაში იმ პროდუქტებზე, რომლებსაც მომხმარებლები აღარ იყენებენ.
  • ხელშეკრულების ცვლილებების შემთხვევაში ფინანსურ ორგანიზაციას ეკისრება ვალდებულება ცვლილების შესახებ ინფორმირებისათვის მომხმარებელს შესთავაზოს მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო პერსონალური შეტყობინების არხი. ამასთან, საჯარო სივრცეში [მაგალითად ვებგვერდსა და ფილიალებში] განცხადების განთავსება არ ჩაითვლება სათანადო წესით ინფორმაციის მიწოდებად. გარდა ამისა, მომხმარებლის უკეთ ინფორმირების მიზნით კომერციულ ბანკებს დაეკისრათ ვალდებულება უზრუნველყონ მომხმარებლის წვდომა ბანკში არსებულ პროდუქტებზე მინიმუმ ერთი, მომხმარებლისათვის უფასო დისტანციური არხით [მაგალითად, ინტერნეტი, მობილური სატელეფონო კავშირი].
  • ფინანსურ ორგანიზაციებს დაეკისრათ ვალდებულება, შეიმუშაონ სესხის ამოღების ეთიკის კოდექსი და მომხმარებლებთან ურთიერთობისას დაიცვან ზნეობისა და საქმიანი ურთიერთობების საუკეთესო პრაქტიკით მიღებული ნორმები და იმოქმედონ კეთილსინდისიერების, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპებიდან გამომდინარე.

სები აცხადებს, რომ „ახალი წესი საფინანსო ბაზარზე მომხმარებლების უფლებების დაცვის საჭიროებების ანალიზზე დაყრდნობით შემუშავდა და ის ჩაანაცვლებს მოქმედ „კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების“ წესს“.

დეტალურად, ახალი და ძველი წესების შედარება იხილეთ ამ ბმულზე.

Untitled

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com