პატიმრები ცოტნე ანანიძეზე: კომისიის თავმჯდომარე არასდროს ამოდის ჩვენთან

პატიმრები ბათუმის ციხიდან გამოგზავნილი წერილით დახმარებას ითხოვენ. მათი თქმით, ბათუმის მე-3 დაწესებულებაში არსებობს სამედიცინო მომსახურების, ასევე ბრალდებულების შემთხვევაში – თარჯიმნისა და უფასო იურიდიული დახმარების მიღების პრობლემები. წერილში აღნიშნულია ისიც, რომ ისინი ვერ ახერხებენ ცოტნე ანანიძესთან შეხვედრას. ცოტნე ანანიძე ყოფილი პოლიტიკური პატიმარი, ამჟამად კი აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარეა.

„აჭარის უზენაესი საბჭოს ადამიანის უფლებების კომიტეტის თავმჯდომარე არასდროს ამოდის. კიდევ ერთხელ ვთხოვ ბატონ ცოტნე ანანიძეს, ამოვიდეს და შეისწავლოს, მოგვისმინოს პატიმრებს და თუ ვიტყუებით, დადოს დასკვნა, რომ ვიტყუებით…“ – ვკითხულობთ პატიმრის წერილში.

ცოტნე ანანიძე „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ პატიმრების წერილი უკვე წაიკითხა, თუმცა უმაღლესი საბჭოს წევრებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლის უფლებამოსილება არ აქვთ. დეპუტატი ირწმუნება, რომ სპეციალური ნებართვის მისაღებად, რამდენიმე დღის წინ უმაღლესმა საბჭომ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მიმართა.

„ველოდები, როგორც კი ნებართვას მივიღებ, შევალ და ვნახავ პატიმრებს. ჩვენ ამ პატიმრებისგან აქამდეც მიგვიღია წერილი და სრული დოკუმენტაცია გამოვითხოვეთ სასჯელაღსრულების სამინისტროდან. სამინისტრომ მოგვწერა, რომ ამ პატიმრებს, ვისაც სამედიცინო მომსახურების ხარისხზე აქვთ პრეტენზია, შესაბამისი სამედიცინო მომსახურება უტარდება,“ – გვითხრა უმაღლესი საბჭოს ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ.

რა ბერკეტები აქვს უმაღლესი საბჭოს კომისიის თავმჯდომარეს რეალურად გაარკვიოს სიტუაცია და მოახდინოს რეაგირება დარღვევის არსებობის შემთხვევაში – ცოტნე ანანიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე მხოლოდ სხვადასხვა უწყებიდან ინფორმაციის მიღების უფლება აქვს: „უმაღლესი საბჭოს წევრებს უნდა გვქონდეს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლის უფლებამოსილება. ამის შესახებ ინიციატივა წინა მოწვევის საბჭომ მოამზადა და პარლამენტს მიმართა, თუმცა ჯერ ეს არ განუხილავთ. როდის განიხილება, არ ვიცი“.

ციხიდან გამოგზავნილი წერილის ერთ-ერთი ავტორი კახა მეცხვარიშვილია, რომელიც ხშირად უჩივის სამედიცინო პერსონალს. სასჯელაღსრულების სამინისტრო პატიმრის პრეტენზიას კატეგორიულად უარყოფდა, თუმცა გასული წლის ბოლოს სამედიცინო რეგულირების სახელმწიფო სააგენტომ კონკრეტულად კახა მეცხვარიშვილთან მიმართებით უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტი დაადასტურა და ერთ-ერთ ექიმს პროფესიული ლიცენზია შეუჩერა. ადამიანის უფლებების დაცვის კომისიის თავმჯდომარემ, ცოტნე ანანიძემ გვითხრა, რომ ამ შემთხვევის შესახებ არაფერი იცის.

„უკვე მთავარი ექიმიც უდარდელად ზის. იცის, საჩივრებს ძალა აღარ აქვს…“ – ასე სრულდება ციხიდან გამოგზავნილი წერილი.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი