მთავარი,სიახლეები

6 მაისი “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნა

06.05.2017 • 2197
6 მაისი “ნაციონალურმა მოძრაობამ” აღნიშნა

6 მაისი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პარტიულ ოფისში აღნიშნეს. 13 წლის წინ აჭარა ასლან აბაშიძის ავტორიტარული რეჟიმისგან გათავისუფლდა. მმართველი პოლიტიკური პარტია, “ბათუმელების” ინფორმაციით, ამ თარიღის აღნიშვნას არ აპირებს.

“ზოგიერთს, როგორც ჩანს, მეხსიერება ღალატობს, ან ისტორიის გადაწერა უნდა. 13 წლის წინ ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო აჭარა, ქუჩაში გასვლისაც კი გვეშინოდა…”- მიმართა პარტიის ოფისში შეკრებილ მხარდამჭერებს მიხეილ მახარაძემ, “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ.

6 მაისის მოვლენების ცნობილმა სახემ, კობა ხაბაზმა ამ დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა: “შეიძლებოდა, ყველაფერი ძალიან ცუდად დასრულებულიყო. მოსალოდნელი იყო სისხლისღვრაც… ჩვენ უშეცდომოდ უნდა გაგვევლო ეს გზა და ყველამ ერთად ეს მოვახერხეთ,”- აღნიშნა კობა ხაბაზმა.

შეკრებილებს ლევან ვარშალომიძემ ცნობილი ფრაზა გაახსენა: “ასლანი გაიქცა, აჭარა თავისუფალია” და ხაზი გაუსვა იმას, რომ 6 მაისის აღსანიშნავად, მის გვერდით სხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებიც იდგნენ, ვინც “ნაციონალური მოძრაობის” მიწვევა მიიღო. “ერთად უნდა ვიფიქროთ მომავალზე. გასაყოფი აჭარა არ გვაქვს”, – შენიშნა ლევან ვარშალომიძემ.

მედეა ვასაძე, პარტიის “ემსახურე საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი: “მე ალბათ მარტო ვიქნებოდი დღეს ჩემს მოგონებებთან, რომ არა თქვენი მოწვევა… ინტერესით თვალს ვადევნებ, აღნიშნავს თუ არა ამ თარიღს “ქართული ოცნება”. ალბათ არ აღნიშნავს, რადგან მათ რიგებში ბევრია ისეთი, ვინც ჩოლოქს ამაგრებდა იარაღით”.

შეკრებილებს ასევე მიმართა ჯელალ ქიქავამ, “ლეიბორისტული პარტიის” აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა. თქვა, რომ ხელისუფლება ასლან აბაშიძის აჭარაში დაბრუნებას აპირებს, მაგრამ ეს არ მოხდება.

აჭარის უმაღლესი საბჭოს პრესსამსახურში “ბათუმელებს” უთხრეს, რომ 6 მაისის აღსანიშნავად დღეს დეპუტატებს არაფერი აქვთ დაგეგმილი.

IMG_20170506_130457

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: