მთავარი,სიახლეები

რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ

14.01.2023 • 8784
რა ხდება აჭარის ენმ-ში? – ვარშალომიძესთან ერთად და მის წინააღმდეგ

„რატომ ნიკა მელია? – მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იქნება და უნდა იყოს ის მთავარი ძალა, რომელიც შეძლებს ავტოკრატიული რეჟიმის ჩამოშლას და ამ ქვეყანაში პოლიტიკური მართლმსაჯულების დასრულებას, რასაც მარტო ვერ შეძლებ. საჭიროა ერთი დიდი პოლიტიკური ერთობის გაკეთება“, – ასე ახსნა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობს“ ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარემ, გიორგი კირთაძემ, პარტიის მოქმედი თავმჯდომარისთვის ღიად გამოცხადებული მხარდაჭერა.

ენმ-ის თავმჯდომარის არჩევნებში ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, გიორგი მუმლაძე და ნონა მამულაშვილი მონაწილეობენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის არჩევნებზე უშუალოდ ხმის მიცემა 28 იანვრის 10:00 სთ-ზე დაიწყება და 30 იანვრის 10:00 სთ-ზე დასრულდება.

პარტიის ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარე და ისინიც, ვინც დღეს მასთან ერთად ნიკა მელიას მხარდაჭერა ღიად დააფიქსირა, მიიჩნევენ, რომ ის „ყველაზე მეტად ასხივებს, რომ შეუძლია დიდი ოპოზიციური ერთობის ორგანიზება.“

გიორგი კირთაძე 15 წელზე მეტია, რაც ამ პარტიის წევრია, 10 წელზე მეტი, რაც პარტიის ბათუმის ორგანიზაციას ხელმძღვანელობს, იყო საკრებულოს წევრი, შემდეგ კი მისი თავმჯდომარე და უმაღლესი საბჭოს მოქმედი წევრია. მას, როგორც ერთ-ერთ ლიდერს, წლები აკავშირებს პარტიის იმ წევრებთან, რომლებიც სხვაგვარად ფიქრობენ და აცხადებენ, რომ პარტიაში „ცვლილებების დრო“ სწორედ ახლაა.

„წარმოდგენილი კანდიდატებიდან ყველას ვუდასტურებ პატივისცემას. მიმაჩნია, რომ ისინი აბსოლუტურად  მნიშვნელოვანი ადამიანები არიან „ნაციონალური მოძრაობისა“ და ქვეყნისთვის“, – ამბობს კირთაძე და გვარწმუნებს, რომ სჯერა – პარტია არჩევნების შემდეგ არ გაიყოფა.

მაგრამ ამბობს, რომ თუ ნიკა მელია გაიმარჯვებს, დარჩება და „ბრძოლას გააგრძელებს“, თუ სხვა „დარჩება და ბრძოლას გააგრძელებს ავტოკრატიის წინააღმდეგ, მაგრამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი არ იქნება. ახალი თავმჯდომარე მოვა თავისი გუნდით“.

გიორგი კირთაძე

მისი თანაპარტიელები, რომლებიც ნიკა მელიას მხარს არ უჭერენ, სოციალურ ქსელებში კრიტიკულად შეაფასეს ბათუმის ორგანიზაციის თავმჯდომარის დღევანდელი ბრიფინგი. გიორგი კირთაძემ კი არც ამჯერად უღალატა ჩვეულ თავშეკავებას, რასაც ვერ ვიტყვით მირდატ ქამადაძეზე. ბათუმში მელიას მხარდამჭერთა ახლადშექმნილი შტაბის ხელმძღვანელმა, გაცილებით ღიად და რადიკალურადაც კი შეაფასა ვითარება. ის არც პარტიის აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელის, ლევან ვარშალომიძის კრიტიკას მორიდებია.

„ნიკა მელია იმიტომ, რომ ამ ქვეყანაში გაგრძელდეს თავისუფალი პოლიტიკა და ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს პოლიტიკური პროცესების კულისებიდან მართვა. ეს, სამწუხაროდ, შეინიშნება ჩვენ პარტიაში სხვადასხვა კანდიდატებთან… დღეს ქვეყანაში საჯარო, თავისუფალი პოლიტიკის დროა, რომელსაც წარმატებით ახორციელებს ნიკა მელია. არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავუშვათ, რომ პარტიაში არაფორმალური მმართველობა იყოს, რის წინააღმდეგაც ვიბრძვით ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ.“

  • გავრცელებულ ჩანაწერებზე 

„ყველაფერი საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს“, – ნიკა მელიას ფარული ჩანაწერების გავრცელებას ასე აფასებს მირდატ ქამადაძე, თუმცა ასევე აცხადებს, რომ არ იცის, ვინ დგას ამის უკან:

„ვინ დგას ამის უკან ამაზე კონკრეტული მტკიცებულება ჯერჯერობით არ გამაჩნია. მე მაქვს პრეტენზია, რომ ქართულ პოლიტიკაში ეს სტანდარტიც უნდა დამკვიდრდეს, ხელი უაპელაციოდ არ გავიშვიროთ ერთმანეთის წინააღმდეგ თუ მტკიცებულებები არ გვაქვს. საზოგადოების გონიერ ნაწილს შეუძლია დასვას კითხვა და პასუხი იქნება მარტივი, ყველაფერი ძალიან საეჭვოდ დაემთხვა ერთმანეთს. ეს ეჭვები უნდა გაქარწყლდეს. ჩვენი მთავარი ამოცანაა, რომ ქართულ პოლიტიკაში ფარული ჩანაწერების პოლიტიკა დასრულდეს, ეს იქნება შიდაპარტიული თუ საჯარო პოლიტიკა. თუ ჩვენ პრეტენზია გვაქვს და სწორად და სამართლიანად გვაქვს პრეტენზია ბიძინა ივანიშვილის მმართველობის წინააღმდეგ, ერთ-ერთი პრეტენზიაა, რომ არაფორმალურად მართავს ის ქვეყანას და ჩანაწერებით ებრძვის პოლიტიკურ ოპონენტებს.“

მირდატ ქამადაძე

მირდატ ქამადაძე დარწმუნებულია, რომ „ჩანაწერები მოპოვებული და ფაბრიცირებულია სუსის მიერ“. თუმცა ასევე ფიქრობს, რომ „მისი გამოყენება შიდაპარტიულად ვიღაცას დასჭირდა ძალაუფლების მოპოვებისთვის: „ნაციონალური მოძრაობის“ წევრია თუ სხვა, ნებისმიერი საშიშია, თუ ფაბრიცირებული ჩანაწერებით იბრძვის.“

  • ლევან ვარშალომიძე –  „მმართველი კულისებიდან“

დღევანდელ ბრიფინგზე ბათუმის ორგანიზაციაში პირველად გაისმა ხმამაღალი საყვედურები ლევან ვარშალომიძის მიმართ. ამ დრომდე ის, ყოველ შემთხვევაში ჟურნალისტებთან, აჭარაში უპირობო ლიდერად სახელდებოდა. მირდატ ქამადაძემ ლევან ვარშალომიძე მათ შორის მოიხსენია, ვისაც წარმოუდგენია, რომ პარტიაში დემოკრატიული პროცესები არის პარტიისთვის დამღუპველი:

„ჩვენ პერსონალური დაპირისპირება არავისთან გაგვაჩნია, ჩვენ გვაქვს იდეური და ღირებულებითი განსხვავება. ჩვენ მიგვაჩნია, რომ შეუძლებელია მთავარი ოპოზიციური პარტია განვითარდეს და ძალა მოიკრიბოს, თუ პარტიაში არ იქნება დემოკრატიული პროცესები. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ზემოთ, ვერტიკალი რასაც გადაწყვეტს, იმას ასრულებ“.

მირდატ ქამადაძის თქმით, ლევან ვარშალომიძის ეს პოზიცია საჯარო შეხვედრაზე აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრმა ენმ-დან ელგუჯა ბაგრატიონმა გააჟღერა: „მან პირდაპირ თქვა, რომ ახმოვანებდა ლევან ვარშალომიძეს და პარტიაში დემოკრატიული პროცესები არის მიუღებელი.“

მირდატ ქამადაძეს დღეს ჰკითხეს, თუ გადაამოწმა მან ეს ინფორმაცია ლევან ვარშალომიძესთან, რაზეც მან განაცხადა:

„საუბარი რომ შევძლოთ, ეს ადამიანები, ვისაც პოლიტიკა აინტერესებს, უნდა გამოვიდნენ კულისებიდან. თუ გამოვა ეს ხალხი გარეთ, მოვახერხებთ საუბარს. თუ დარჩებიან კულისებში კანდიდატები და ჩვენ, საზოგადოებას შეეცდებიან თვალი აგვიხვიონ თითქოს უკან არავინ არ დგას, საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს თურმე… საჯარო პოლიტიკა არ აინტერესებს ბიძინა ივანიშვილსაც“.

დღესვე, ბრიფინგზე ითქვა, რომ ლევან ვარშალომიძე, ვანო მერაბიშვილთან და დავით კეზერაშვილთან ერთად ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატის – ლევან ხაბეიშვილის უკან დგას.

  • „შტაბის გახსნა გავიგე, მაგრამ ლევან ვარშალომიძეზე ისრების გადატანა ვერ“ – ლევან ანთაძე

აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრი ლევან ანთაძე ამბობს, რომ მისთვის გასაგებია ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბის გახსნა, მაგრამ გაუგებარია, რატომ გადაიტანეს პარტიის წევრებმა ისრები პარტიის აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარეზე:

„იმის გამო, რომ ხაბეიშვილს უჭერს მხარს? კანდიდატების შტაბის გახსნაში ვერ ვხედავ პრობლემას, მაგრამ არ ვიცი, რატომ დაიწყო მცდელობით, რომ ლევან ვარშალომიძეს ჩრდილი მიაყენოს, ეს არის ჩემთვის გაუგებარი. ნამდვილად არ ვიცი, რატომ გადაწყვიტეს ასე ემოქმედათ მეგობრებს. მე ნამდვილად არ მომისმენია და პირველად მესმის ლევან ვარშალომიძეზე მსგავსი მოსაზრებები. მირდატ ქამადაძის გამოსვლებში იყო რაღაც ტონები, მაგრამ პირდაპირ არავის ულაპარაკია ჩემთან და არც სხვასთან. სასაცილო მგონია იმის თქმა, რომ ლევან ვარშალომიძე კულისებიდან მართავს. ჩვენ ხომ აჭარაში ვცხოვრობთ და ვიცით ვინ რა გააკეთა, თუნდაც იგივე ლევან ვარშალომიძემ“.

ლევან ანთაძის ინფორმაციით, ვარშალომიძეს 30 დეკემბერს ჰქონდა შეხვედრა აჭარის ორგანიზაციის წევრებთან, 31 დეკემბერს კი  თათბირი ბათუმის აქტივთან:

„რა არაფორმალურ მმართველობაზე ვსაუბრობთ. არჩევნებში თუ აჭარის ორგანიზაციის მმართველი არ არის ჩართული, აბა ვინ არის? – ეს ყველაზე მსხვილი ორგანიზაციაა საქართველოს მასშტაბით. შტაბის დაფუძნებაზე რომ ცდილობ ლევან ვარშალომიძე გააშავო, ეს გაუგებარია ჩემთვის. ან მელიას რაში აწყობს ლევან ვარშალომიძის გაშავება. ლევან ვაშალომიძე შეიძლება ერთს უჭერდეს მხარს, ან მეორეს. ამაში რა არის გასაკვირი. გიორგი კირთაძე თუ მელიას უჭერს მხარს, რატომ არ შეიძლება სხვამ მეორეს დაუჭიროს მხარი. ან ვანო მერაბიშვილს მისი შეხედულება რომ ჰქონდეს გასამტყუნია?“

გიორგი კირთაძე და ლევან ანთაძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში საპროტესტო აქციაზე დაკავების შემდეგ

რაც შეეხება ჩანაწერების გავრცელებას, ლევან ანთაძის თქმით, მას ეჭვი აქვს, რომ ჩანაწერები სუსმა გაავრცელა. მან ასვე დაგვიდასტურა, რომ 30-31 დეკემბერს ლევან ვარშალომიძესთან გამართულ შეხვედრებს გიორგი კირთაძე არ ესწრებოდა.

  • საკრებულოს წევრები გაუგებრობაში არიან – რეზო ხარაზი

ბრიფინგს ბათუმის საკრებულოს წევრებიც ესწრებოდნენ. საკრებულოს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის, ნოდარ დუმბაძის განცხადებით, ფრაქცია ნიკა მელიას უჭერს მხარს. ფრაქციის ყველა წევრი ბრიფინგს არ დასწრებია, მათ შორის იყო რეზო ხარაზიც. ის ნიკა მელიას მხარდამჭერი არ არის და მიიჩნევს, რომ ფრაქციაში „ცვლილებების დროა“.

„კიდევ ერთხელ დარწმუნდა ჩვენი საზოგადოება და თითოეული ჩვენგანი ვრწმუნდებით, რომ ეს არჩევნები იყო აუცილებელი. პარტიაში მთავარი მუშაობაა, თუ შეგიძლია საქმე აკეთო, იმის დრო არ დაგრჩება, რომ ჭორაობას აჰყვე, რაღაცები გამოიგონო, დადგე და ილაპარაკო. პარტიამ რომ გამართულად იმუშაოს, სტრუქტურა და გამოცდილი ადამიანებია საჭირო. სამწუხაროდ, ბოლო წლებში ვნახეთ უმოქმედობა და ეს აისახება არჩევნებზეც. დღეს ვნახეთ, რომ პარტიის მცირე ჯგუფმა გააკეთა განცხადება, ჩემთვის პატივსაცემია ნებისმიერი, ვინც მხარს უჭერს ნიკა მელიას, მაგრამ ვფიქრობ, რომ მელიამ ამოწურა ყველა შესაძლებლობა. დღეს სხვა რესურსი სჭირდება „ნაციონალურ მოძრაობას“.

2016 წელს პარტიის გაყოფამ ვერაფერი დააკლო „ნაციონალურ მოძრაობას“, კიდევ უფრო გაიზარდა და გაძლიერდა… დღეს ვხედავთ ვარშალომიძეზე აქცენტირებულ თავდასხმას, ახლა ვიღაცებს ეს დასჭირდათ, საზოგადოების უმრავლესობა გასცემს ამას პასუხს ამ არჩევნებზე. რაც შეეხება „თავისუფლების კვარტალს“, მის სულისჩამდგმელი თავიდან ბოლომდე ლევან ვარშალომიძე იყო თავისი რესურსით. ვისაც თითი თითზე არ დაუკარებია ამ წლების განმავლობაში და სატელევიზიო ინტერვიუებით შემოიფარგლებოდა, მათ მინდა მოვუწოდო თავი დაანებონ ლაფის სროლას“, – ამბობს რეზო ხარაზი.

  • ხვალ აჭარაში მხარდამჭერები ლევან ხაბეიშვილს ხვდებიან

ლევან ანთაძის ინფორმაციით, ხვალ, 15 იანვარს, მხარდამჭერებს ბათუმში ლევან ხაბეიშვილი შეხვდება.

___

ამავე თემაზე:

ბათუმში ნიკა მელიას მხარდამჭერი შტაბი შეიქმნა

გადაბეჭდვის წესი


ასევე: