750 000 ლარი – ხულოში სტიქიითა და ხანძრით დაზარალებული 33 ოჯახისთვის

აჭარის მთავრობა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ეკომიგრანტ ოჯახს უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით 25,000- 25,000 ლარს გამოუყოფს. ეს გადაწყვეტილება, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში სტიქიური მოვლენების შედეგად მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო შერეული სამთავრობო კომისიის 12 აპრილის სხდომაზე მიიღეს.
კომისიის სარეკომენდაციო გადაწყვეტილებით, დახმარება ჯამში სტიქიისა და ხანძრის შედეგად დაზარალებულ 33 ოჯახს გაეწევა, რისთვისაც 750 000 ლარი გამოიყოფა, კერძოდ:
– ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გაიცემა თითოეულზე 25,000 ლარი უსაფრთხო საცხოვრისის შეძენის მიზნით.
– გეოლოგიურად უსაფრთხო ტერიტორიაზე სახლის მშენებლობისთვის სოფელ ახალშენში 1 ოჯახს გამოეყოფა 15,000 ლარი.
– ხანძრის შედეგად დაზარალებული 4 ოჯახის დახმარების მიზნით გამოიყოფა 35,000 ლარი.
 კომისიის გადაწყვეტილებით, ხულოს მუნიციპალიტეტის გამგეობას დაევალა, დააწესოს მკაცრი კონტროლი სოფელ ქვედა თხილვანაში მცხოვრებ 28 ოჯახზე გამოყოფილი თანხის მიზნობრივ ხარჯვაზე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, სოფელ თხილვანის მოსახლეობა კიდევ ერთხელ გააფრთხილეს იმის შესახებ, რომ ადგილზე მათი ცხოვრება ყოველდღიური საფრთხის შემცველია და საცხოვრისით გრძელვადიან უზრუნველყოფამდე, სახელმწიფომ მათ ქირის თანხა შესთავაზა ტერიტორიის სასწრაფოდ დატოვების მიზნით.
 მიმდინარე წელს, აჭარის ჯანდაცვის სამინისტრომ – „ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის“ ფარგლებში, თანადაფინანსებით საცხოვრებელი ფართობი შეუძინა 20 ეკომიგრანტ ოჯახს, გახარჯულმა თანხამ 500,913 ლარი შეადგინა.
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან