ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტის 20-მილიონიანი პროექტი

ბათუმის რუსთაველის უნივერსიტეტი ბათუმში, ლეონიძის ქუჩაზე, დაახლოებით 65 ათას კვადრატულ მეტრზე ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. კომპლექსში უნდა განთავსდეს სპორტული მოედანი, რამდენიმე საერთო საცხოვრებელი, სასწავლო კორპუსი, საუნივერსიტეტო სკოლა და საბავშვო ბაღი. პროექტის ღირებულება დაახლოებით 20 მილიონი ლარია, თუმცა უნივერსიტეტს მიმდინარე წელს მხოლოდ საერთო საცხოვრებლის და გარკვეული ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქვს დაგეგმილი.

უნივერსიტეტის კანცლერის, ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, საერთო საცხოვრებლის მშენებლობისთვის 3 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომელიც უნივერსიტეტმა, მწვანე კონცხზე არსებული აგრარული ფაკულტეტის სასწავლო კორპუსის და საერთო საცხოვრებლის გასხვისებით, კერძო კომპანიისგან მიიღო.

„ჩვენ ამ დღეებში დავამუშავეთ საპროექტო დოკუმენტაცია და კონკურსის გამოცხადებას ვაპირებთ, რომელიც ლეონიძის ქუჩაზე არსებული ფართობის  საპროექტო განაშენიანებას ეხება. პროექტი ივნისში უნდა იყოს დასრულებული და  წელსვე დავიწყებთ საერთო საცხოვრებლის მშენებლობას.  მშენებლობის ღირებულება  განსაზღვრული იქნება  კონკურსის შემდეგ,“- გვეუბნება ჯემალ ანანიძე.

მისივე ინფორმაციით, რადგან მთლიანი კომპლექსის აშენებას სოლიდური თანხა  სჭირდება, ფინანსებს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ეტაპობრივად მოიძიებს.

რაც შეეხება აგრარულ ფაკულტეტს, რომელიც მწვანე კონცხის სასწავლო კორპუსში იყო განთავსებული, შენობის გასხვისების შემდეგ, თამარის დასახლებაში არსებულ კვლევითი ინსტიტუტის შენობაში განთავსდა.  ახალი კომპლექსის აშენებამდე ფაკულტეტი ინსტიტუტის შენობაში დარჩება.

„იქ ეწყობა ინფრასტრუტურა, სასათბურე მეურნეობასაც ვაკეთებთ და ახალ ფართობში კომპლექსის დასრულების შემდეგ გადმოვლენ. უნივერსიტეტი ასევე გადაწყვეტს ახალ ფართობში  სწავლების კიდევ რა მიმართულებები დანერგოს. შეიძლება თავი მოვუყაროთ  პროფესიული სწავლების მიმართულებებს, რომლებიც ამაჟამად სხვადასხვა ობიექტშია გაფანტული“.

ჯემალ ანანიძის ინფორმაციით, მიმდინარე წელს საცხოვრებელი და სასწავლო კორპუსის მშენებლობა ქობულეთშიც იგეგმება.

„ნაწილი თანხისა გვაქვს, ნაწილის მოძიებაზე კი მთავრობასთან გვექნება მოლაპარაკება,  როგორც კი რეალური, კონკრეტული პროექტები გაჩნდება, თანხაც იმის მიხედვით გამოიყოფა,“-ამბობს ანანიძე.

მისივე ინფორმაციით, ქობულეთში საერთო საცხოვრებელი 2000 კმ.მეტრზე განთავსდება, სასწავლო კორპუსი კი – 800 კვ.მეტრზე.

მშენებლობისთვის დაახლოებით 700 ათასი ლარი იქნება საჭირო.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ლელა დუმბაძე, ჟურნალისტი. ტელ: [0042] 27 45 12. lelabatumelebi@gmail.com