სიახლეები

ბათუმის მერი გადადგომის მიზეზს განმარტავს

04.02.2014 • 1949
ბათუმის მერი გადადგომის მიზეზს განმარტავს

ჯემალ ანანიძე ბათუმის მერად „ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის დროს დაინიშნა.

ჯემალ ანანიძე ამბობს, რომ მის გადადგომას კავშირი არ აქვს გიორგი ერმაკოვის ვიცე-მერად დანიშვნასთან. ის ასევე ირწმუნება, რომ არაფერი სმენია ირაკლი ღარიბაშვილის მიერ მისი გადაყენების მოთხოვნის შესახებ.

ჯემალ ანანიძემ ორი კვირის წინ „ბათუმელებს“ უთხრა – „გადადგომას არ ვაპირებ“. მაშინ ის ამბობდა, რომ სიმართლეს არ შეესაბამებოდა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოითხოვა მისი ჩანაცვლება ფინანსთა და შს სამინისტროების ყოფილი თანამშრომლით, გიორგი ერმაკოვით.

გიორგი ერმაკოვის დანიშვნას ვიცე-მერის თანამდებობაზე ჯემალ ანანიძემ გასულ კვირას მოაწერა ხელი. გიორგი ერმაკოვმა „ბათუმელებს“ თავისი დანიშვნის მიზეზი ასე აუხსნა: „ვაკანტური იყო ადგილი, დავწერე განცხადება მერის სახელზე, რომ დავენიშნე ამ თანამდებობაზე“.

„ვაკანტურ თანამდებობაზე“ გიორგი ერმაკოვის დანიშვნამდე ნათია სურგულაძე მუშაობდა. მან ერმაკოვის დანიშვნამდე რამდენიმე დღით ადრე დაწერა განცხადება გადადგომაზე.

ჯემალ ანანიძემ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ერთხელ უკვე დაწერა განცხადება გადადგომაზე. მაშინ მისი განცხადება საკრებულომ არ დააკმაყოფილა.

ბათუმის საკრებულოს წევრების უმრავლესობა აცხადებს, რომ ჯემალ ანანიძის გადადგომას მხარს არც ამჯერად დაუჭერს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: