შტორმისა და ღვარცოფის გაზრდილი რაოდენობა, როგორც კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგი

აჭარის რეგიონში შტორმებისა და ღვარცოფების გაზრდილი რაოდენობა კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი შედეგია, რაც სპეციალისტების მიერ 25-25-წლიანი პერიოდის შედარებით გამოვლინდა, ამის შესახებ დღეს, კლიმატის ცვლილების კონტექსტში, აჭარის სანაპირო ზონის განვითარების პერსპექტივების თემაზე ბათუმში გამართულ კონფერენციაზე, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს, ინტეგრირებული მართვის დეპარტამენტის, კლიმატის ცვლილების სამმართველოს უფროსმა სპეციალისტმა ეკატერინე მიქაძემ, აჭარის სანაპირო ზოლზე კლიმატის ცვლილების გავლენებზე საუბრისას აღნიშნა.

„კლიმატის ცვლილების თვალხილულ მაგალითია პირველ რიგში ზღვის დონის მატება, რომელიც ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე ეს ნორმალურ პირობებში იქნებოდა. გლობალურად იზრდება ოკეანეების დონე და შესაბამისად ადგილობრივადაც მატულობს ზღვის დონე,” – ამბობს ეკატერინე მიქაძე.

მისივე თქმით, აჭარის სანაპირო ზოლში უმნიშვნელოდ შეიცვალა წლიური ნალექის რაოდენობა, თუმცა მნიშვნელოვანი ცვლილება შეიმჩნევა ნალექების რეჟიმში: “სამწუხაროდ შეიცვალა ნალექების რეჟიმი, რაც იმას გულისხმობს, რომ ზაფხულში შემცირდა ნალექიანობა და ზამთარში გაიზარდა. პირიქით იქნებოდა სასურველი თუნდაც ვეგეტაციისთვის (მცენარეების ზრდა-განვითარებისთვის)” – ამბობს ის – “განსხვავებული შედეგები დადგა თვითონ შავიზღვისპირა  ზოლზე და მთიან აჭარაში იმიტომ, რომ ეს განსხვავებული ზონებია და სხვადასხვა შედეგი მოდის კლიმატის ცვლილების შედეგად. იქ, მთაში ისედაც ნაკლებია ნალექი, ვიდრე სანაპირო ზონაში, შესაბამისად, იქ კიდევ უფრო შემცირებისკენ არის მიამრთული ტენდენცია“.

ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, ოკეანოლოგი საშა ხორავა კითხვაზე, თუ რამდენად მაღალია შავი ზღვის დონის მატების მაჩვენებელი, გვპასუხობს:

“ჩვენ დავამუშავეთ არა მარტო შავი ზღვის ჰიდრომედსამსახურის მონაცემები, არამედ ფოთის,  ვარნას და სხვების მონაცემები და აღვნიშნეთ, რომ ეს ტენდენცია ზღვის დონის მომატებისა, მიმდინარეობს მთელი შავი ზღვის სანაპიროზე  და რადგანაც შავი ზღვა მსოფლიო  ოკეანის ნაწილია, შესაბამისად მსოფლიო ოკეანის დონის მატების ტემპი, ესადაგება შავი ზღვის დონის მატებასაც, რაც საშუალოდ 2 მილიმეტრია წელიწადში,” – ამბობს საშა ხორავა.

კონფერენცია კავკასიის გარესმოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელის – CENN-ის ორგანიზებით იმართება. მისი მიზანია დაინტერესებულ მხარეებს გააცნოს სანაპირო ზონების პრობლემები, რომლებიც გლობალურ დათბობას და ბუნებრივი რესურსების ირაციონალურ გამოყენებას უკავშირდება, ასევე წარმოჩინოს ამ პრობლემების შემცირების გზები.

ავტორი
ია ფრანგიშვილი არის გაზეთ "ბათუმელების" რეპორტიორი 2014 წლიდან