მთავარი,სიახლეები

შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

21.02.2016 • 3047
შეღავათები მეწარმეს მაღალმთიან დასახლებაში

მაღალმთიან დასახლებაში მეწარმე პირები და საწარმოები, ე.წ. „მთის კანონით“ 10 წლის ვადით თავისუფლდებიან საშემოსავლო, ქონებისა და მოგების გადასახადისგან. აღნიშნული შეღავათით სარგებლობა შეუძლიათ მხოლოდ იმ მეწარმეებს, რომლებსაც მინიჭებული აქვთ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი. ასეთი სტატუსის მინიჭებისას კი, საქმიანობის სფეროების მიხედვით, კანონით გარკვეული შეზღუდვებია დაწესებული.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი შესაძლოა მიენიჭოს როგორც ფიზიკურ პირს/ინდმეწარმეს, ასევე საწარმოს. თუმცა სტატუსს ვერ მიიღებს მეწარმე, ასევე დიდი თუ მცირე საწარმო, რომელიც ახორციელებს: ლიცენზირებისადმი, ასევე  ნებართვის გაცემისადმი დაქვემდებარებულ საქმიანობას; მომსახურების გაწევას [რომელიც არ არის წარმოების სფერო]; საქონლით ვაჭრობას [გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ხორციელდება საქონლის გადამუშვება და მიწოდება].

ზემოთ აღნიშნული საქმიანობების გარდა სტატუსის მინიჭება ნებისმიერი საქმიანობის შემთხვევაშია შესაძლებელი.

საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია განსაზღვროს ეკონომიკური საქმიანობის ის სახეები [გამონაკლისის სახით], რომლებზედაც აგრეთვე გავრცელდება „მთის კანონით“ გათვალისწინებული საგადასახადო შეღავათი, თუმცა მთავრობას ეს ჯერჯერობით არ გაუკეთებია. ამასთან, სტატუსის მაძიებელი აუცილებლად რეგისტრირებული უნდა იყოს და საქმიანობას ეწეოდეს იმ მაღალმთიან დასახლებაში, სადაც ითხოვს სტატუსს – და ასევე უნდა გააგრძელოს საქმიანობა იქ, სადაც სტატუსი მიიღო. ქონების გადასახადისგანაც თავისუფლდება ის ქონება, რომელიც საწარმოს საკუთრებაშია და მდებარეობს იმავე მაღალმთიან დასახლებაში, სადაც მიენიჭა სტატუსი.

აჭარის მაღალმთიან დასახლებებში ისეთი საწარმოები, როგორიცაა, მაგალითად, ჰესები, აღნიშნული შეღავათით ვერ ისარგებლებენ, ვინაიდან ელექტროენერგიის  წარმოება ლიცენზირებას დაქვემდებარებული საქმიანობაა [ასევეა დისტრიბუცია და განაწილებაც].

საქართველოს კანონმდებლობით ლიცენზიას დაქვემდებარებულია ათობით  საქმიანობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორისაა: ჯანდაცვა, სათემო მაუწყებლობა, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო საქმიანობა, დაზღვევა, საბანკო, არასაბანკო-სადეპოზიტო-საკრედიტო საქმიანობა, ასევე სასარგებლო წიაღისეულის მოპოვება, ტყით სარგებლობა, ხე-ტყის დამზადება, თევზჭერა და სხვა.

ანალოგიურადაა საქმე ნებართვების შემთხვევაშიც. თუ საწარმოს საქმიანობა საჭიროებს ნებართვას, ან საწარმო საქმიანობს უკვე გაცემული ნებართვის საფუძველზე, ის სტატუსს ვერ მიიღებს.

ნებართვას კი ქვეყნის კანონმდებლობით ასევე არაერთი საქმიანობა საჭიროებს.   ნებართვა სჭირდება ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის მოწყობას, მშენებლობას, ადგილობრივ საქალაქო რეგულარულ სამგზავრო გადაყვანას, სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოს, ასევე წამახალისებელი გათამაშების მოწყობას, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტს ან ექსპორტს,  ფარმაცევტულ წარმოებას, ავტორიზებულ აფთიაქს, გარე რეკლამის განთავსებას, სტაციონარული დაწესებულების გახსნას და სხვა.

რაც შეეხება ვაჭრობას, ეკონომისტი ვაჟა ვერულიძე განმარტავს, რომ, მართალია, „ვაჭრობის სფეროზე არ ვრცელდება შეღავათები, თუმცა აქ არის გამონაკლისი – თუ პირი სოფლის მეურნეობის პროდუქციას გადაამუშავებს და ისე მიაწვდის მომხმარებელს, ანუ პროდუქციას შეუცლის სახეს, კოდს, აქ შეღავათები გავრცელდება. მაგალითად, თუ მეწარმე რძისგან ამზადებს ყველს, ან ხილისგან ჯემს, ის მიიღებს სტატუსს. მაგრამ თუ ნებისმიერ საქონელს იყიდის და გაყიდის იმავე სახით, რა სახითაც იყიდა – ეს საქმიანობა სტატუსს ვერ მიიღებს, შესაბამისად, შეღავათებითაც ვერ ისარგებლებს“.

მეწარმე სუბიექტს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს  წარდგინებით ანიჭებს საქართველოს მთავრობა.

მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მისაღებად დაინტერესებულმა  პირმა განცხადებით [წერილობითი ან ელექტრონული ფორმით] უნდა მიმართოს შემოსავლების სამსახურს.

„მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსის მინიჭების, შეჩერებისა და შეწყვეტის  წესის“ მიხედვით, მეწარმე, რომელსაც მინიჭებული აქვს მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსი, „საქართველოს საგადასახადო კოდექსით განსაზღვრული ვადითა და წესით თავისუფლდება გადასახადებისაგან“.

ვაჟა ვერულიძის თქმით, „აქ არის ერთი საინტერესო მომენტი. საქმე იმაშია, რომ იბადება კითხვა – ზოგადად, ყველა გადასახადისგან თავისუფლდება თუ არა მაღალმთიანი დასახლების საწარმო? – პასუხი არის არა.

მაგალითად, არის დამატებული ღირებულების გადასახადი [დღგ], რომლის გადახდისგანაც სოფლის მეურნეობის პროდუქცია ისედაც გათავისუფლებულია, ოღონდ გათავისუფლებულია სასაქონლო კოდის შეცვლამდე. ანუ, თუ მაღალმთიან დასახლებაში პირმა მოიყვანა სოფლის მეურნეობის პროდუქცია და გაყიდა, ის დღგ-სგან თავისუფლდება, მაგრამ თუ სოფლის მეურნეობის პროდუქცია გადაამუშავა [კოდი შეუცვალა] და ისე გაყიდა, ის უკვე აღარ თავისუფლდება ამ გადასახადისგან. ანუ, ამ ნაწილში მაღალმთიან საწარმოს გადასახადის გადახდა მოუწევს. ეს შესაძლოა ნაკლი იყოს ერთგვარი, მაგრამ კანონში, ჯერჯერობით, ასეა“.

მაგალითისთვის, ვთქვათ, მეწარმეს კარტოფილი ან ხილი მოჰყავს და ყიდის, ამ შემთხვევაში სტატუსს არ მიანიჭებენ, თუმცა გათავისუფლებულია დღგ-ს გადახდისგან. მაგრამ, თუ ამ კარტოფილისგან აწარმოებს ჩიფსებს ან/და ხილისგან, ვთქვათ, ჩირს და გაყიდის, მაშინ მიანიჭებენ მაღალმთიანი დასახლების საწარმოს სტატუსს, ისარგებლებს შეღავათით [არ გადაიხდის ქონების, საშემოსავლო და მოგების გადასახადს], თუმცა, მოუწევს დღგ-ს გადახდა.

რაც შეეხება მოსახლეობას, ვინც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსი მიიღო ან მიიღებს, „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ კანონით [„მთის კანონით“], გარკვეული შეღავათებით უკვე სარგებლობს ან ისარგებლებს. ნაწილი შეღავათებისა, რასაც „მთის კანონი“ ითვალისწინებს, წელს იანვრიდან ამოქმედდა, დანარჩენი კი ეტაპობრივად – 2016 წლის პირველი სექტემბრიდან და 2017 წლის იანვრიდან ამოქმედდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: