მთავარი,სიახლეები

დამატებითი მოთხოვნები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შუახევში

09.03.2016 • 2260
დამატებითი მოთხოვნები მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მისაღებად შუახევში

შუახევის საკრებულომ მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მისანიჭებლად წარსადგენ დოკუმენტებზე დამატებითი რეგულაციები დაადგინა. მოქალაქემ, ვისაც მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრების სტატუსის მინიჭება სურს, სხვა საჭირო დოკუმენტებთან ერთად სტატუსის მინიჭების საბჭოს უნდა წარუდგინოს იმავე მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრირებული არანაკლებ ორი მოწმის განცხადება დამოწმებული ნოტარიულად ან შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენლის მიერ. საქართველოს შესაბამისი კანონით კი ორი მოწმის განცხადებას დამოწმება არ სჭირდება.

ამასთან, კომისიაში წარსადგენ „დოკუმენტებს ან მასალებს, მათ შორის ფოტოსურათებს, რომლებიც ადასტურებენ ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტს, რაც გულისხმობს საცხოვრებელი ადგილის გამოყენებას, მის მოვლა-პატრონობას და მაღალმთიან დასახლებაში არსებული უძრავი ქონების ფლობას“, თან უნდა დაერთოს გამგებლის წარმომადგენლის წერილობითი მიმართვა ფიზიკური პირის მიერ მაღალმთიან დასახლებაში შინასამეურნეო საქმიანობის განხორციელების ფაქტის დადასტურების თაობაზე.

შუახევის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის, ნოდარ ქარცივაძის განცხადებით, აღნიშნული რეგულაციის შემოღება განაპირობა იმან, რომ ცენტრალური ხელისუფლების მიერ მუნიციპალიტეტში გადმოგზავნილ ერთიან სიაში ბევრი ადგილობრივი მცხოვრები იყო გამორჩენილი. ამ რეგულაციებით კი მათთვის სტატუსის მინიჭება გამარტივდა იმ გაგებით, რომ შესაბამისი კომისია დაეყრდნობა აღნიშნულ დოკუმენტებს და ნაკლები დრო დაიხარჯება გადამოწმებისთვის.

„ამჯერად მოქალაქე წარმოადგენს ორი მოწმის განცხადებას, რომ ის ნამდვილად ცხოვრობს ამა თუ იმ დასახლებაში და კომისია ამ განცხადების საფუძველზე მიანიჭებს სტატუსს. ოღონდ, ეს განცხადება დამოწმებული უნდა იყოს ნოტარიულად ან/და გამგებლის წარმომადგენლის მიერ. თუმცა, გამგებლის წარმომადგენელი აუცილებლად უნდა აწერდეს ხელს.“

ე.წ. ერთიან სიაში შეყვანილნი არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული მოქალაქეები, ასევე პენსიონერები, სოციალურად დაუცველები და სხვ. ვინც ამ სიაში ვერ მოხვდა და სურს სტატუსის მინიჭება, მან უნდა მიმართოს მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილ სტატუსის მინიჭების საბჭოს. საბჭოს წარმომადგენლის, ზვიად დიასამიძის განცხადებით, შუახევის მუნიციპალიტეტში მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსი უკვე მიენიჭა 14 ათასამდე მოქალაქეს. შუახევის მუნიციპალიტეტში დაახლოებით 22 ათასი ადამიანი ცხოვრობს.

საქართველოს კანონით, „16 წლამდე არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს, ამ წესის შესაბამისად, სტატუსის მინიჭების თაობაზე განცხადების წარდგენა შეუძლია იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანს წარმოეშობა „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლება.“

შუახევის მუნიციპალიტეტის გადაწყვეტილებით კი, ზემოაღნიშნულ განცხადებას თან უნდა დაერთოს კანონიერი წარმომადგენლის განმარტებითი ბარათი „მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული შეღავათებით სარგებლობის უფლების წარმოშობის შესახებ და შესაბამისი დამადასტურებელი დოკუმენტები.

ამავე თემაზე:

როგორ მივიღოთ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: