კომპანიები ბათუმში, რომელთა შემოსავალი 17-დან 35 მილიონამდე ლარია


ამჯერად გთავაზობთ იმ კომპანიების ათეულს, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ბათუმში ან მათი საქმიანობა ბათუმთანაა დაკავშირებული და რომელთა შემოსავლები, 2017 წელს 17 მილიონიდან 35 მილიონამდე ლარი იყო. ამ კომპანიების ჯამურმა შემოსავალმა კი 245 მილიონ ლარს გადააჭარბა.

მონაცემები აღებულია კომპანიების 2017 წლის ანგარიშგებებიდან, რომლებიც საჯაროა. ამ დოკუმენტების შესაბამის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს. 2018 წლის ანგარიშგებების წარდგენის ვადა კი, კერძო კომპანიებს, 2019 წლის ოქტომბრამდე აქვთ.

კომპანიების 2017 წლის შემოსავლები ლარში / წყარო: ანგარიშგების პორტალი / ია ფრანგიშვილის ინფოგრაფიკა

კომპანიების შესახებ [მოკლედ]
ტექნო ბუმი – შპს „ტექნო ბუმი“ დაფუძნებულია 2009 წელს და მისი დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ემზარ ქოქოლაძე. „ტექნო ბუმი“ ფლობს საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიათა ქსელს საქართველოში. მისი ძირითადი საქმიანობაა: ვაჭრობა, საქონლის იმპორტი და რეალიზაცია/დისტრიბუცია. 33 901 145 ლარი, რაც ინფოგრაფიკაზეა მითითებული], ეს არის „ტექნო ბუმის“ ამონაგები 2017 წელს, თუმცა, ანგარიშგებაში მითითებულია ასევე, რომ კომპანიას ამავე წელს ძირითადი საშუალებების გაყიდვიდან მიღებული აქვს 5 021 427 ლარის შემოსულობაც. 2019 წლის 4 თებერვლის ამონაწერის მიხედვით, მიმდინარეობს „ტექნო ბუმის“ გადახდისუუნარობის [გაკოტრება] საქმისწარმოება.

პრინცესს ბათუმი – კომპანია 2016 წელსაა რეგისტრირებული ბათუმში და მისი საქმიანობის სფერო აზარტული თამაშების. კომპანიის წილებს თურქეთის სამი მოქალაქე ფლობს. იურიდიული მისამართია ბათუმი, მემედ აბაშიძის ქ. N 33. ამავე მისამართზე [ყოფილი ფოსტის შენობა], სასტუმრო „ვინდემ ბათუმის“ პირველ სართულზე კომპანია სამორინეს ამუშავებს.

ზიმო – დაფუძნებულია 1997 წელს. კომპანიის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, ყაზბეგის გამზ #19ა. კომპანიის ძირითადი საქმიანობაა გზების, ავტობანების, ხიდების და გვირაბების, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების
მშენებლობა, სატრანსპორტო მომსახურება. „ზიმოს“ ექვსი შვილობილი კომპანია აქვს [მათ შორის „ზიმო-7“, რომლის იურიდიული მისამართი ქალაქ ბათუმშია; ძირითადი საქმიანობა – მშენებლობა].

ტურინვესტი – კომპანიის საქმიანობის სფეროა – საცხოვრებელი შენობების ყიდვა-გაყიდვა, სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები რესტორნებით. მისი მშობელი საწარმოა HESTOK LIMITED LTD [დიდი ბრიტანეთი და ჩრ.ირლანდიის გაერთ. სამეფო].  „ტურინვესტი“ დაარსდა 2005 წლის 12 აგვისტოს, ბათუმში. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს მომხმარებლებისათვის სასტუმროს მომსახურების მიწოდება, საცხოვრებელი ბინების გაყიდვა და ბათუმში კომერციული ფართობებისის გაქირავება. კომპანიის სასტუმრო საქმიანობს „Hilton Batumi“-ის სახელით.

ორბი 2005 – ანგარიშგების პორტალის მიხედვით, „ორბი 2005“-ს გააჩნია ექვსი შვილობილი კომპანია, მათ შორის „ორბი ჯგუფი“ [რომელსაც თავის მხრივ ოთხი შვილობილი კომპანია აქვს]. ინფოგრაფიკაზე მითითებული 24 201 000 ლარი – აუდიტის განმარტებით – ყველა ამ კომპანიის შემოსავალს მოიცავს [კონსოლიდირებულად]. ამასთან, პორტალზე „ორბი ჯგუფი ბათუმისა“ და ORBI RESIDENCE-ის ანგარიშგებებიცაა ატვირთული. ამ კომპანიების 2017 წლის შემოსავლების [შესაბამისად, 5 057 000 ლარი და 9 337 000 ლარი] გათვალისწინებით, ზოგადად, „ორბის“ შემოსავლები 2017 წელს, ანგარიშგებების მიხედვით, 39 მილიონს აჭარბებს.

„ორბი 2005“ დაარსდა 2006 წლის თებერვალში. ჯგუფის ძირითადი საქმიანობა არის სამშენებლო და დეველოპერული მომსახურება. გარდა აღნიშნულისა, ჯგუფი ახორციელებს გაყიდული ბინების იჯარის წესით აღებასა და შემდგომ მათ სასტუმროს სახით გაქირავებას. კომპანია შემოსავლებს იღებს კომუნალული მომსახურების გაწევიდანაც.

Lamini-G – ეს შპს დაფუძნებულია 2013 წელს. საწარმოს იურიდიული მისამართია ხელვაჩაური, ს. მწვანე კონცხი. საწარმოს დამფუძნებელი და 100% წილის მფლობელია ქეთინო ბერიძე. საწარმოს საქმიანობის მთავარი საგანია მზა ნაგებობების ან მათი ნაწილების მშენებლობა; სამოქალაქო მშენებლობა, საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების მშენებლობა. კომპანიის დირექტორია არჩილ ბერიძე.

Lamini-G-ს 49 წლით უნდა გადასცენ ბათუმის „დინამო“. ბათუმის მუნიციპალიტეტმა ამ მიზნით, შპს „დინამო ბათუმი“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს გადასცა. 2019 წლის 30 მაისის რეესტრის ამონაწერით „დინამო ბათუმის“ 100%წილის მფლობელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკაა.

ბათუმის აეროპორტი – კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა საჰაერო ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურება. შპს „ბათუმის აეროპორტი“ დაფუძნდა 2000 წლის 15 ივნისს. კომპანია რეგისტრირებულია ქალაქ ბათუმში და 100% წილის მფლობელია „საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო“. 2007 წლის 9 აგვისტოს სამინისტროსა და შპს „თავ ბათუმი ოფერეიშენს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის 100% წილი 20 წლის მართვის უფლებით გადაეცა „თავ ბათუმს“.

ოქროს ლომი – შპს „ოქროს ლომი“ ბათუმში დაფუძნდა 2015 წლის 9 მარტს. მისი 100%-იანი წილის მფლობელია თურქეთის მოქალაქე. კომპანიის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს სათამაშო ბიზნესი. კერძოდ სამორინესა და სათამაშო აპარატების საქმიანობის წარმოება. საქმიანობას ეწევა ბათუმში, შავშეთის ქუჩაზე სასტუმრო „ლეოგრანდში“ [ამჟამად სასტუმრო „ველმონდი“]. კომპანია ფლობს სამორინეს მოწყობის და სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვებს 2015 წლის ივლისიდან. კომპანიის მიერ წარმოდგენილი ანგარიშგების მიხედვით, „კომპანიის მიმღებში რეგისტრირებული მომხმარებლების (კლიენტების) რეგისტრაციის ყოველდღიური მონაცემების მიხედვით, 2017 წელს კომპანიას დღიურად საშუალოდ ჰყავდა 300 მომხმარებელი (კლიენტი)“.

ბონდი-2009 – შპს „ბონდი 2009“-ს იურიდიული მისამართი ბათუმშია. მისი დამფუძნებელია საქართველოს ოთხი მოქალაქე. საწარმოს საქმიანობის მთავარი საგანია საავტომობილო გზებისა და გზატკეცილების მშენებლობა; ქუჩებისა და ტროტუარების ფუნდამენტების მომზადება და ზედა საფარის მოწყობის სამუშაოები; ასფალტობეტონის წარმოება.

კომპანიის ანგარიშგებაში აღნიშნულია, რომ „2017 წელს კომპანიის საქმიანობის ძირითად საგანს, ისევე როგორც წინა პერიოდებში წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერების ფარგლებში ასფალტბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოების მიწოდება. საზოგადოების ძირითადი დამკვეთია ბათუმის მუნიციპალიტეტის მერია და აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტი… მიღებული მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 80%-ს შეადგენს ტენდერების ფარგლებში შესრულებული სამუშაოების წილი… „ბონდი-2009“ ელექტრონულ აუქციონზე შეძენილი უფლების საფუძველზე ახორციელებს ინერტული მასალების (ქვიშა-ხრეში) მოპოვებას, გადამუშავებას და რეალიზაციას“, ასევე, სხვა საქმიანობას.

ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი – ტერმინალის ძირითადი საქმიანობა წყლის ტრანსპორტთან დაკავშირებული მომსახურებაა. კომპანიის მშობელი საწარმოა International Container Terminal Services Inc [ფილიპინების რესპუბლიკა]. შპს „ბათუმის საერთაშორისო საკონტეინერო ტერმინალი“ დაფუძნდა 2007 წელს, იურიდიული მისამართია ბათუმი, ბაქოს ქ. №11. კომპანია ფლობს საკონტეინერო ტერმინალს და ბორანს ბათუმში.

– – – – –

ფინანსური ანგარიშგება ეს არის გასული საანგარიშგებო პერიოდის ფინანსური ინფორმაციაა, რომელშიც სტრუქტურულად არის მოცემული სუბიექტის ფინანსური მდგომარეობა, საქმიანობის შედეგები, ფულადი სახსრებისა და კაპიტალის მოძრაობა, სააღრიცხვო პოლიტიკა და განმარტებითი შენიშვნები.

2017 წლის ანგარიშგებების ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურში წარდგენის ვალდებულება ჰქონდათ მხოლოდ პირველი და მეორე კატეგორიის საწარმოებს და საზოგადოებრივი დაინტერესების პირებს.

„ბათუმელები“ ადრე წერდა იმ ყველაზე მაღალშემოსავლიანი კომპანიების პირველ ათეულზე [შერჩეული გვყავდა ბათუმთან დაკავშირებული კომპანიები], რომელთა მთლიანმა შემოსავალმა, 2017 წელს, ჯამში, 1 მილიარდ 395 მილიონი ლარი შეადგინა.

ამ თემაზე:

10 კომპანია ბათუმში, რომელთა წლიური შემოსავალი მინიმუმ 36 მილიონი ლარია

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com