მთავარი,სიახლეები

„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

21.06.2022 • 3013
„ოცნების“ შემწირველ ბიზნესმენს გზას უგებენ, გზის დაგებისთვის მოგებაც მასვე დარჩება

„მე ვინ მიკეთებს გზას? ეს არის ხალხის ბიზნესი, სოფლის ბიზნესი,“ – გვიპასუხა ბიზნესმენმა გიორგი ჭყონიამ, რომელმაც ქობულეთში, სოფელ ზედა კვირიკეს ტყეში კოტეჯები ააშენა და ამჯერად კოტეჯებამდე მისასვლელ გზას აკეთებს ბიუჯეტის ფულით.

გზას ზედა კვირიკეში კომპანია „გზა“ აგებს. ეს კომპანია ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას ეკუთვნის ისევე, როგორც კომპანია „შატო კვირიკე“, რომლის საკუთრებაცაა 20 კოტეჯი კვირიკეს ტყეში. გიორგი ჭყონია „ქართულ ოცნებასთან“ დაახლოებული ბიზნესმენია. მან 2012 წლიდან დღემდე 4-ჯერ „ქართულ ოცნებას“, ასევე პრეზიდენტობის კანდიდატს – სალომე ზურაბიშვილს 60 – 60 ათასი ლარი შესწირა წინასაარჩევნოდ.

იმის მიუხედავად, რომ სოფელ კვირიკეში წლებია ითხოვენ ადამიანები კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზის კეთილმოწყობას, აჭარის გზების დეპარტამენტში გადაწყვიტეს, რომ იმავე სოფელში „ტურისტული მიმართულებით“ დააგონ გზა და 2 მილიონ 269 ათასი ლარი გამოიყო ბიუჯეტიდან სოფლის იმ ნაწილზე, საიდანაც გზა ტყეში მიდის, ბიზნესმენის კოტეჯებამდე.

„ტურისტული მიმართულება“ ამ ეტაპზე მხოლოდ გიორგი ჭყონიას რამდენიმე კოტეჯია. ხელისუფლებას ჯერ არ უთქვამს, რა იქნება ამ ტურისტულ მიმართულებაზე, თუმცა მხარდაჭერის ნიშნად რამდენიმე დღის წინ კოტეჯებისკენ მიმავალი გზის დაგების სამუშაოები მოინახულა აჭარის მთავრობის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის გზების დეპარტამენტის უფროსთან ერთად.

კოტეჯები კვირიკეს ტყეში, სადაც მისასვლელი გზა კეთდება. კომპანიის „შატო კვირიკე“

 

საავტომობილო გზა ზედა კვირიკეში, აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

  • ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ მისი რისკიანობა უნდა დაფასდეს

„ყველაზე რისკიანი მე აღმოვჩნდი. იმედია, ყველასი იქნება ეს კურორტი შემდეგში, ვიღაცას ხომ უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი?… აქ არის პანორამული ხედი და მთელი კოლხეთი მოჩანს. ახალი კურორტი ემატება ქობულეთს და აჭარას, სახელმწიფომ უნდა დაგვიდგეს ყველას გვერდით, რომ სხვებიც ავიდნენ შემდეგში,“ – ამბობს ბიზნესმენი გიორგი ჭყონია.

მისი თქმით, ამ ეტაპზე გზის ის მონაკვეთი დაიგო, რომელიც დასახლებულ პუნქტში, სოფელში გადის, სოფლის ბოლოდან კურორტამდე კი, კიდევ 4.5 კილომეტრია. გიორგი ჭყონია ირწმუნება, რომ ამ გზას ჯერ არავინ აკეთებს, თუმცა აპირებს, მიმართოს მთავრობას და გზის კეთილმოწყობისთვის დაფინანსებას მოითხოვოს.

„მხოლოდ და მხოლოდ სოფლის გზა დაიგო, მე მექნება მოთხოვნა, რომ სახელმწიფომ დააგოს ეს გზა საკურორტო ადგილამდე… იქ რა გზაც ახლა გადის კოტეჯებამდე, ჩემი ხარჯით გავაკეთე, ნებართვა ავიღე, რომ გამესწორებია ეს გზა და სამშენებლო მასალები ამეტანა, ამაშიც ფული გადავიხადე. იქ მხოლოდ მოხრეშილი გზაა“, – გვითხრა გიორგი ჭყონიამ.

აჭარის გზების დეპარტამენტის პრესცენტრში კი განმარტეს, რომ გზა კოტეჯებამდე კეთდება, თუმცა ვერ დაგვიკონკრეტეს დასახლებულ პუნქტის შემდეგ კოტეჯამდე რა მანძილზე დარჩა ასფალტი დასაგები.

„ცოტაა დარჩენილი,“ – გვიპასუხეს გზების დეპარტამენტის პრესცენტრში.

გზის მონაკვეთი, რომელიც ტენდერის ფარგლებში უნდა გაკეთდეს, სოფელ ზედა კვირიკეს ცენტრის მიმდებარედ იწყება.

საპროექტო დოკუმენტების მიხედვით, გზა დასახლებულ ფერდობზე გადის, გზის მიმდებარედ კი, „საცხოვრებელი სახლები და საკარმიდამო ნაკვეთებია“; თუმცა გზა დასახლებული პუნქტის, ანუ სოფლის გარეთაც კეთდება, დაახლოებით 1 კილომეტრის მანძილზე [სულ კეთილმოეწყო 3,85 კმ საავტომობილო გზა]. 

გზა სოფელ ზედა კვირიკედან „შატო კვირიკეს“ ტერიტორიამდე: მწვანე ფერით აღნიშნულია გზის ის ნაწილი, რომელიც ტენდერის ფარგლებში გაკეთდა და სოფლის გარეთაა; წითელი ფერით კი, გზის დარჩენილი მონაკვეთი, რომელიც ჯერ კიდევ არ არის მოასფალტებული.

საჯარო რეესტრის დოკუმენტების მიხედვით, კვირიკეს მიმდებარედ, შუაგულ ტყეში, სახელმწიფოს კუთვნილი ტერიტორია, 26 870 კვადრატული მეტრის ნაკვეთი, 2020 წლიდან შპს „შატო კვირიკეს“ სარგებლობაშია გადაცემული 49 წლით. შპს „შატო კვირიკეს“ 100 პროცენტი წილის მესაკუთრე გიორგი ჭყონიაა. 

აჭარის გზების დეპარტამენტში განმარტეს, რომ სოფელ ზედა კვირიკეში ტურისტული მნიშვნელობის 3,85 კმ საავტომობილო გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა და იგი აგვისტოში დასრულდება.

„გარდა იმისა, რომ აღნიშნული გზა არის ტურისტული მნიშვნელობის, ასევე მოსახლეობას წლების განმავლობაში აწუხებდა უგზოობით შექმნილი პრობლემები, რისთვისაც 80-მდე მცხოვრებმა აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტს წერილობით მიმართეს,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან. აქ ვიკითხეთ: რატომ არ გაითვალისწინა ამ დრომდე გზების დეპარტამენტმა ამავე სოფლის სხვა დასახლების პრობლემა – კვირიკეს მთაში კლდოვან მასალას მოიპოვებენ, რაც მძიმე ტექნიკით გამოაქვთ. ეს პროცესი აზიანებს გზას, განსაკუთრებით კი, კვირიკეს ჰესის მიმართულებით.

ეს გზა რომ გასაკეთებელია, ამ პრობლემას ადასტურებენ, როგორც ქობულეთის მერიაში, ასევე აჭარის გზების დეპარტამენტში და განმარტავენ, რომ პრობლემას „განიხილავენ სამომავლოდ“.

„რაც შეეხება კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზას, დეპარტამენტი განიხილავს მომავალში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყების საკითხს,“ – მოგვწერეს აჭარის გზების დეპარტამენტიდან და ვერ დაგვიკონკრეტეს, კონკრეტულად როდის ექნება გზა კვირიკეში იმ მოსახლეობას, ვისთან მისასვლელი გზაც ბიზნესმენს არ სჭირდება, ან იყენებს კიდეც, მაგრამ მისი შეკეთება არ უცდია.

ქობულეთის მერიაშიც ვიკითხეთ იგივე. პრესცენტრიდან აი, ეს მოგვწერეს:

„რაც შეეხება კვირიკეს ცენტრიდან ჰესის მიმართულებით საავტომობილო გზას, აჭარის საგზაო დეპარტამენტთან ერთად ვმუშაობთ და უახლოეს მომავალში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმება“.

კვირიკეში გზას აგებენ. აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ფოტო

ტენდერი სოფელ კვირიკეში გზის დაგებაზე თავდაპირველად მოიგო კომპანიამ – „პალადა“. ის თანახმა იყო, ეს გზას 2 მილიონ 246 ათას ლარად მოეწყო, თუმცა საბოლოოდ გზას, ბიზნესმენ გიორგი ჭყონიას კომპანია „გზა“ აკეთებს უფრო ძვირად – 2 მილიონ 269 ათას ლარად.

„იმ კომპანიამ ვერ შეძლო საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენა… თანაც, აქ რთული რელიეფია, სოფლის გზები, რადგან ქობულეთია და ჩემი სოფელია, მივიღე ეს გადაწყვეტილება,“ – გვითხრა გიორგი ჭყონიამ.

ბიზნესმენის თქმით, საკურორტო ადგილი „სახელწოდებით „შალე კვირიკე“ დაახლოებით ერთ თვეში გაიხსნება და იქ სხვებიც მოაწყობენ ბიზნესს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: