10 რჩევა – როგორ დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისგან



23 აპრილს გამოქვეყნებული კვლევის თანახმად, საქართველოში სისხლში ტყვიის შემცველობის მომატება გამოკვლეული ბავშვების 41%-ში დაფიქსირდა. ყველაზე მძიმე მდგომარეობა აჭარაშია – აქ გამოკვლეული ბავშვების 85%-ს სისხლში მომატებული აქვს ტყვიის შემცველობა.

ტყვია ტოქსიური მეტალია, რომელიც ბუნებრივად გვხვდება დედამიწის ქერქში. მის ფართოდ გამოყენებას შედეგად მოჰყვა გარემოს დაბინძურება და ადამიანის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედება. ტყვიის ნეიროტოქსიკური გავლენისგან განსაკუთრებით დაუცველები ბავშვები არიან: ტყვიით მოწამვლა იწვევს გონებრივი განვითარების შეფერხებას, ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა და სხვა. ტყვია საზიანოა ზრდასრულებისთვისაც და შეიძლება დააზიანოს თირკმელი, საჭმლის მომნელებელი ორგანოები, გამოიწვიოს მაღალი წნევა, და ა.შ.

ტყვია ბევრ პროდუქტში გამოიყენება, მაგალითად: საღებავში, ფერად მინაში, ბროლის ჭურჭელში, სამხედრო აღჭურვილობაში, კერამიკაში, სამკაულებში, სათამაშოებში, კოსმეტიკასა და ხალხურ სამკურნალო საშუალებებში.

სასმელი წყალი, რომელიც მოედინება ტყვიის ან ტყვიით შედუღებული მილებიდან, ასევე შეიძლება შეიცავდეს ტყვიას. გარდა ამისა, ინდუსტრიული ნარჩენებითა და საწვავის გამონაბოლქვით დაბინძურების შედეგად ნიადაგის ზედაფენა, ასევე შესაძლოა, შეიცავდეს ტყვიას; დაბინძურებული ნიადაგიდან და საძოვრებიდან კი საკვებ პროდუქტებში მოხვდეს.

საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევის ფარგლებში სისხლში ტყვიის დონე განესაზღვრა 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 578 ბავშვს. სინჯები გაიგზავნა ევროპის წამყვან, იტალიის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის ლაბორატორიაში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ბავშვების სისხლში ტყვიის დონის კვლევის შედეგების გამოქვეყნების პარალელურად რეკომენდაციებს ავრცელებს იმის შესახებ, თუ როგორ უნდა დავიცვათ ბავშვები ტყვიის ზემოქმედებისაგან.

  1. ბავშვისთვის არ უნდა იყოს ხელმისაწვდომი საღებავის ანათალი/ნაფხეკი ან საღეჭი ზედაპირები, რომლებიც შეღებილია ტყვიით დამზადებული საღებავით. 
  2. რეგულარულად დაბანეთ ბავშვს ხელები და გარეცხეთ მისი სათამაშოები. ხელების დაბანა ტყვიის დონეს დაახლოებით 2-ჯერ და მეტჯერ ამცირებს.
  3. რეგულარულად გაწმინდეთ სველი წესით იატაკი, ფანჯრის დეტალები და ავეჯი. ფანჯრის რაფებზე და კედლებზე შეიძლება იყოს ტყვიის მაღალი შემცველობის მტვერი.
  4. დაუშალეთ ბავშვებს მიწის  ზედაპირზე თამაში. თუ შესაძლებელია, უზრუნველყავით ბავშვები ქვიშის სათამაშო ყუთით, ხოლო მიწის  ზედაპირი  დაფარეთ ბალახის საფარით [ან  დათესეთ ბალახი],  ხმელი ფოთლებით ან ხის ნაფოტებით. 
  5. მოერიდეთ ისეთი ტრადიციული ხალხურ სამკურნალო და კოსმეტიკური საშუალებების გამოყენებას, რომელიც შესაძლოა შეიცავდეს ტყვიას. 
  6. ტყვიაზე დამზადებულ პროდუქციასთან (მოჭიქული მინა, ტყვიების დამზადება ან სროლა) მუშაობის/შეხების შემდეგ მიიღეთ შხაპი და გარეცხეთ ტანსაცმელი.
  7. განაცალკევეთ საცხოვრებელი/სათამაშო სივრცე ტყვიის ცნობილი წყაროებისაგან.  სახლების გარემონტებისას თავი აარიდეთ ტყვიით დაბინძურებას – არ შეიძინოთ ტყვიის შემცველი სამშენებლო საღებავი. 
  8. არ მოწიოთ ბავშვების თანდასწრებით.
  9. კალციუმი აძლიერებს ბავშვის ძვლებს და ხელს უშლის ტყვიის შეღწევას ორგანიზმში. კალციუმით მდიდარი საკვებია: იოგურტი/მაწონი და ყველი; მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, მათ შორის „ხუჭუჭა კომბოსტო“, თალგამი, მდოგვი და მწვანე სალათის სახეობები. ასევე, ფორთოხლის წვენი, სოიას რძე და ტოფუ (სოიას ყველი), დაკონსერვებული ორაგული და სარდინი.
  10. სისხლში ტყვიის შეწოვას რკინაც ხელს უშლის. რკინით მდიდარი საკვებია: მჭლე წითელი ხორცი; რკინით გამდიდრებული ბურღულეული, პური და მაკარონის ნაწარმი, გამომშრალი ხილი/ჩირი, როგორიცაა ქიშმიში და შავი ქლიავის ჩირი,  ლობიო და ოსპი. აქვე, ვიტამინი C ორგანიზმს არამარტო ეხმარება  რკინის უკეთ შეწოვაში, არამედ, შესაძლოა, აარიდოს ტყვიაც. ვიტამინი C  უხვად არის ციტურსებში და სხვა ხილ-ბოსტნეულში: კივი, ხენდრო, ნესვი, პომიდორი; კარტოფილი; წიწაკა. 

ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგად ბავშვების უმეტესობას არ აქვს სიმპტომები გამოკვლევის მომენტისათვის. თუ სიმპტომები არსებობს, ისინი ძალიან მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს: ანორექსია, მუცლის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, აღგზნებადობა და გაღიზიანება. ასევე, ვლინდება განვითარების სხვადასხვა ხარისხის შეფერხებები; მძიმე ენცეფალოპათია ვლინდება სისხლში ტყვიის ძალიან მაღალი კონცენტრაციისას (45 მკგ/დლ-ზე მეტი). ტყვიის ძალიან მაღალმა კონცენტრაციამ (>100–150 მკგ/დლ) შესაძლოა გამოიწვიოს მწვავე სიმპტომები; ისეთი, როგორიცაა ანორექსია, ატაქსია, კრუნჩხვა, ცნობიერების დაბინდვა და სიკვდილიც კი. შედარებით დაბალი კონცენტრაციები დაკავშირებულია განვითარებისა და ქცევის პრობლემებთან და ნეიროკოგნიტურ დეფიციტებთან.

ტყვიის ზეგავლენით ბავშვებში ქვეითდება ინტელექტუალური კოეფიციენტი, მცირდება ყურადღების კონცენტრაცია, იზრდება ანტისოციალური ქცევა. მოსალოდნელია რკინადეფიციტური ანემიები.

საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ მოსალოდნელია ღებინება, შეკრულობა და მუცლის ტკივილი, ზრდაში ჩამორჩენა, წონის კლება, საერთო სისუსტე.
ტყვიით ინტოქსიკაციის შედეგები ასევე მოიცავს ჰიპერტენზიას, სპერმის პროდუქციის პრობლემებს.

ტყვიის მაღალი შემცველობის დონე სისხლში ზრდასრულებსაც უქმნის ჯანმრთელობის პრობლემებს. მას შეუძლია გამოიწვიოს ორსულობისას – ნაადრევი მშობიარობა; ორსულობის სპონტანური შეწყვეტა; ნევროლოგიური დარღვევები და ნაყოფის ზრდის შეფერხება და დაბალი წონა ჩვილის დაბადებისას.

ტყვიის შემცველობა სისხლში უარყოფით გავლენას ახდენს რეპროდუქციულ უნარზეც, მამაკაცებში იწვევს სპერმატოზოიდების რაოდენობის შემცირებას, პათოლოგიური სპერმის სიხშირის მატებას; ქალებში – ჩასახვის შეფერხებას. ტყვიით ინტოქსიკაცია მოქმედებს სხვადასხვა ორგანოზე, მათ შორის: თირკმელებზე, ტვინზე, გულზე, ძვლებზე და ა.შ.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, სოფლებში ტყვიის დონე უფრო მაღალია, ვიდრე ქალაქებში.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com