ახალი სერვისი ტურისტებისთვის – ბათუმში პანორამული ჭერით ტრანსპორტი იმოძრავებს


ბათუმის მერიამ ტურისტებზე მორგებული სამარშრუტო ხაზი შეიმუშავა და ამ მარშრუტზე სამუშაოდ ხუთი ერთეული სატრანსპორტო საშუალების შერჩევას კონკურსის წესით გეგმავს. განკარგულების პროექტის მიხედვით, მერიას გათვლა კონკრეტულ ტურისტულ ადგილებზე აქვს.

მარშრუტი დაიწყება ახალი ბულვარის ტერიტორიიდან, გაივლის შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩას [ჩაუვლის აკვაპარკს], შემდეგ გადავა რუსთაველის ქუჩაზე, გაივლის დელფინარიუმთან და გზას გააგრძელებს ვაჟა-ფშაველას ქუჩით, აქ ერთ-ერთ ტურისტულ ადგილად ხელოვნების მუზეუმია მონიშნული. შემდეგი გაჩერება კი ევროპის მოედანი იქნება. აქ მოსახვედრად ტრანსპორტი ზუბალაშვილისა და ბარათაშვილის ქუჩებს გაივლის. აქედან მემედ აბაშიძის ქუჩის მოკლე მონაკვეთის გავლით ავტობუსი გადავა გამსახურდიას ქუჩაზე, შემდეგ ისევ რუსთაველზე, საიდანაც საოცრებათა მოედანზე მოხვედრა იქნება შესაძლებელი [ანბანის კოშკის მიმდებარედ]. ამის შემდეგ მარშრუტი გაგრძელდება გოგებაშვილის ქუჩით, გადავა ბაქოს ქუჩაზე, შემდეგ კი თამარ მეფის ქუჩით ხელოვნების ცენტრამდე მივა.

მერიის მუნიციპალური სამსახურის სატრანსპორტო განყოფილების უფროსის ინფორმაციით, მერია სავარაუდოდ აპირებს შეარჩიოს მიკროავტობუსები, რომლებსაც ექნება პანორამული ჭერი და ტურისტული მომსახურებისთვის საჭირო სხვა აღჭურვილობა. „მაგალითად, გამოცხადდება ლოკაციები, თუ რას მიუახლოვდა მანქანა, ან ექნება გიდის მომსახურება“, – განმარტავს ემზარ ქავჟარაძე.

მერიაში ასევე განმარტავენ, რომ ამ მარშრუტით მომსახურების საფასური განსხვავებული იქნება, მაგრამ ფასზე ჯერ არ შეთანხმებულან: „როცა შევჯერდებით, ამასაც საკრებულო დაადგენს“.

ბათუმის საკრებულოში ახალი ტურისტული მარშრუტის დამტკიცებაზე ხვალ იმსჯელებენ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი