ბათუმის დამცავი ზონების დამტკიცებამდე ზონებში სამშენებლო სტანდარტების დადგენაზე მსჯელობენ



კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოში ბათუმის ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონების ჯერ კიდევ დაუმტკიცებელ საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენაზე ალაპარაკდნენ. ზონების საზღვრებში მშენებლობის სტანდარტების დადგენის შემდეგ, ნებართვის გამცემი ვალდებული იქნება ამ წესებით იხელმძღვანელოს. ამ დოკუმენტმა გადაწყვეტილების მიმღები საბჭოს წევრების სუბიექტური გემოვნებისგან დაზღვევა უნდა უზრუნველყოს.

კულტურული მემკვიდრეობის ეროვნული სააგენტოს სპეციალისტის მოსაზრებით, დოკუმენტშივე მკვეთრად უნდა იყოს განსაზღვრული, კონკრეტულ ისტორიულ გარემოსთან მიმართებაში რა იქნება დასაშვები და რა – არა. ამ ყველაფრისთვის კი ისევ კვლევებია საჭირო.

„ამიტომაც მივესალმებით, თუ ამ კვლევებს გააგრძელებს ბათუმის მუნიციპალიტეტი და თითოეულ ზონაში შეიმუშავებს რეგლამენტს. ეს განსაზღვრავს შესაძლებელია თუ არა პოზიციონირება კონკრეტულ ისტორიულ არეალში, იმისთვის, რომ დასაბუთებულად გაიცეს ნებართვა. ასევე დაინტერესებულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ ისტორიული დაცვის ზონა არ კრძალავს მშენებლობას. კრძალავს გარკვეულ პარამეტრებს. ეს პარამეტრები კი შესამუშავებელია“, – განმარტავს ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ორგანიზაციებთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა ვარძელაშვილი.

სპეციალისტის ამ განმარტებას ბათუმის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში ეთანხმებიან. სამსახურის ხელმძღვანელის, მირიან მეტრეველის თქმით, „უნდა განისაზღვროს კონკრეტული ზონისთვის, კონკრეტული რეგულაცია და სიმაღლე, რომ არ იყოსაუ გგებრობა“.

ისტორიული ზონის საზღვრებს შიგნით მშენებლობის სტანდარტების დაწესების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ეროვნული სააგენტოს გაფართოებულმა საბჭომ ბათუმის მერიას დაუწუნა მის მიერ  დაკორექტირებული ისტორიული ზონის საზღვრები. მისი რეკომენდაციაა, მერიამ „გეოგრაფიკის“ მიერ ჩატარებული კვლევის შედეგად დადგენილი საზღვრებით იხელმძღვანელოს.

მშენებლობის დასაშვებ სტანდარტებს როგორც ისტორიული განაშენინების, ასევე განაშენიანების რეგულირების დაცვის ზონების საზღვრებში  „გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებულ კვლევაში ცალ-ცალკე თავი ეთმობა [ეს საქართველოში მოქმედ კანონმდებლობას ეყრდნობა].

„გეოგრაფიკის“ მიერ მომზადებული საპროექტო დოკუმენტაციის მიხედვით, ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დასაშვებია მხოლოდ შემდეგი სახის მშენებლობა:

  • თუ სამშენებლო ობიექტი ენაცვლება მწვავე ავარიულ მდგომარეობაში მყოფ, ისტორიულ და მხატვრულ ღირებულებას მოკლებულ შენობას, ნაგებობას ან საინჟინრო-საკომუნიკაციო ქსელს;
  • თუ სამშენებლო საქმიანობამ უნდა გააუმჯობესოს დეგრადირებული ურბანული ქსოვილი [შეავსოს ისტორიულ განაშენიანებაში ნგრევის შედეგად გაჩენილი სიცარიელეები, შეცვალოს ღირებულ შენობებს შორის მოქცეული არაღირებული ნაგებობები, გამოათავისუფლოს სივრცე ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში დისონანსის შემტანი ნაგებობებისაგან, აღადგინოს მისი ისტორიული გარემო თავდაპირველი სახით და სხვა].
  • საპროექტო ობიექტის კონფიგურაცია, პროპორციები და გეგმარებითი სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს საპროექტო ტერიტორიის ირგვლივ ისტორიულად ჩამოყალიბებულ ტიპს. შენობა ორგანულად უნდა ეწერებოდეს განაშენიანების ტრადიციულ ფორმებში და გარემოში, არ უპირისპირდებოდეს ისტორიული განაშენიანების იერსახეს, მორფოლოგიასა და მასშტაბს, ლანდშაფტურ გარემოს.
  • ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში დაუშვებელია ისეთი ტერიტორიების განაშენიანება, რომლებიც ისტორიულად არ ყოფილა განაშენიანებული.
  • ტერიტორიებზე, სადაც მეცნიერული კვლევის საფუძველზე დასტურდება არაუმეტეს 50 წლის წინ მაღალი ისტორიულ-კულტურული ღირებულების არქიტექტურული ობიექტის არსებობა, მშენებლობა დასაშვებია მხოლოდ სათანადო კვლევის საფუძველზე დამუშავებული, ამ ობიექტთან მაქსიმალურად მიახლოებული პროექტით.
  • ისტორიული განაშენიანების დაცვის ზონაში ისტორიულად ჩამოყალიბებული ქუჩათა ქსელის შეცვლა, გაფართოება, ნიშნულების ამაღლება, დაწევა ან სხვა ცვლილება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი გეგმარებითი და მეცნიერული დასაბუთების საფუძველზე, ისტორიულ იერსახესთან მაქსიმალურად მიახლოებით.

რაც შეეხება განაშენიანების რეგულირების ზონას

„გეოგრაფიკის“ განმარტებით, ამ ზონაში უზრუნველყოფილ უნდა იქნას ისტორიულად ჩამოყალიბებული სივრცითი დომინანტების განმტკიცება და აღდგენა გარემოს არქიტექტურულ-სივრცობრივ ორგანიზაციაზე, ძეგლებისათვის და კულტურული ღირებულების მქონე სხვა უძრავი ობიექტებისთვის არქიტექტურული და სივრცითი გარემოს, ისტორიულად ჩამოყალიბებული დაგეგმარების სტრუქტურის ან მისი ფრაგმენტების შენარჩუნება.

განაშენიანების რეგულირების ზონაში, ისტორიული ნაწილის დაცვის ზონაში დაშვებული მშენებლობების გარდა, ასევე დასაშვებია ისეთი სამშენებლო სამუშაოები, რომლებიც არ ეწინააღმდეგებიან ამ ზონისთვის დაწესებულ მოთხოვნებს. ძეგლთა უკეთ წარმოჩენის, ასევე ისტორიულად ჩამოყალიბებული და ახალი განაშენიანების ჰარმონიულად შერწყმის უზრუნველყოფის მიზნით, განაშენიანების რეგულირების ზონაში აუცილებელია დადგინდეს აღქმის განსაკუთრებულად ხელსაყრელი წერტილები, შენარჩუნებულ იქნას პანორამებისა და ცალკეულ ძეგლთა ხილვის შესაძლებლობა ახალ მშენებლობათა რეგლამენტირების და ისტორიულად ჩამოყალიბებულ გარემოში შეუსაბამო ობიექტების აღების გზით.

ამავე თემაზე:

 

მერი VS კმდეს – ვინ აჯანჯლებს ბათუმის კულტურული მემკვიდრეობის ზონების დამტკიცებას

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი