მთავარი,სიახლეები

რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

19.03.2019 • 2139
რა სთავაზობენ პატიმარს დანიის ციხეში

ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროგრამას დემოკრატიის ინსტიტუტი საქართველოს ოთხ რეგიონში ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად. როგორია ყოფილ პატიმართა და პრობაციონერთა რეაბილიტაციის საერთაშორისო პრაქტიკა? ამ კითხვაზე პასუხს ASB-ის 2017 წლის კვლევა სცემს, სადაც ევროპის ხუთი ქვეყნის მაგალითია მოყვანილი. ამჯერად დანიის პენიტენციური სისტემის თავისებურებებს შევეხებით.

დანიაში თავისუფლებააღკვეთილი პირი ინარჩუნებს სამოქალაქო უფლებებს, შეუძლია არჩევნებში ხმის მიცემა და აქვს გამოხატვის თავისუფლება.

დანიის პენიტენციური სისტემა მთლიანადაა აგებული იმაზე, რომ პატიმრებმა მაქსიმალურად შეინარჩუნოს კონტაქტი საზოგადოებასა და ოჯახთან. ის ვალდებულია, თავისუფლების აღკვეთის პერიოდშიც მუშაობდეს, სწავლობდეს ან ჩართული იყოს მკურნალობის რომელიმე პროგრამაში, კვირაში 37 საათის განმავლობაში.

ამ რეგულაციის მიზანი ნორმალური ყოველდღიური ცხოვრების უზრუნველყოფა და პერსონალური და სოციალური უნარების განვითარებაა, რამაც უნდა მოამზადოს პატიმარი გათავისუფლების მომენტისთვის.

განათლება ციხეშიც პრიორიტეტულია. პატიმრებს აქვთ საშუალება ისწავლონ, როგორც თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში, ისე მის გარეთ. ციხეში არის სასწავლო კურსების მრავალფეროვნება, მაგრამ უმაღლესი განათლების მიღების საშუალება მის გარეთ არსებობს.

როგორც წესი, აქვთ საკუთარი საკანი, ან იყოფენ მას ერთ სხვა პატიმართან. პატიმრებმა თავად უნდა შეიძინონ საკვები დაწესებულებაში არსებულ მაღაზიებში და მოიმზადონ კერძები.

დახურულ ციხეში პატიმრებს უფლება აქვთ, კვირის განმავლობაში მიიღონ ერთი სტუმარი 1-2 საათით, ან მეტი დროით. ამგვარ ვიზიტებს ციხის პერსონალი, ჩვეულებრივ, არ ესწრება. პატიმრობის გარკვეული ვადის გასვლის შემდეგ სამართალდამრღვევებს ნება ეძლევათ, თავად ესტუმრონ საკუთარ ოჯახს დაწესებულების გარეთ.

15-20 წლის ასაკის პატიმრებს გათავისუფლების შემდეგ ხშირად ენიშნებათ მენტორი, რომელიც ეხმარება მათ ადრინდელი დანაშაულებრივი ცხოვრებისგან დისტანცირებაში. დახმარება შეიძლება გამოიხატებოდეს სასწავლებლის, სამსახურის თუ საცხოვრისის მოძიებაში; სახელმწიფო უწყებებთან, ბანკთან თუ კრედიტორებთან კომუნიკაციაში ან ფსიქოლოგიურ კონსულტაციაში თვითრწმენის ამაღლების, დამოკიდებულების პრობლემის დაძლევის, თუ ოჯახური ურთიერთობების მოგვარების მიზნით.

2006 წელს, ორგანიზაციამ – „ბიზნეს ფორუმი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისთვის“ (Virksomhedsforum for Socialt Ansvar) – შექმნა პროექტი High:Five. პროექტის მიზანია დანიის კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციების მობილიზება, რათა სოციალური მარგინალიზაციის რისკის ქვეშ მყოფ ახალგაზრდებს შესთავაზონ მუშაობისა და განათლების მიღების შესაძლებლობები.

ყოფილი პატიმრების სარეაბილიტაციო საქმიანობაში სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია ბიზნესსაც. McDonald’s -ი, Grundfos-ი, Christiansen & Essenbæk-ი და სხვები სთავაზობენ სამუშაო ადგილებს ახალგაზრდებს, რომლებიც კრიმინალური წარსულის გამო დისკრიმინაციის რისკის ქვეშ იმყოფებიან.

თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებები სამართალდამრღვევებს სთავაზობს ნარკო და ალკოჰოლზე დამოკიდებულების მკურნალობას. წინასწარი დაკავების ცენტრებში ასევე არის მკურნალობის ჩატარების საშუალება. მკურნალობის ჩატარებისათვის მნიშვნელოვანი პირობაა, რომ თავად სამართალდამრღვევს ჰქონდეს მკურნალობის სურვილი და მიიღოს მკურნალობის პროგრამაში ჩართვის ნებართვა ციხის შესაბამისი პერსონალისაგან.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: