მთავარი,სიახლეები

„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

19.04.2024 • 4705
„ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული“ – ეკონომისტი ოფშორიდან ფულის უფასოდ შემოტანაზე

„ახალი ოფშორი გამოდის, პირდაპირ ახსენა კომიტეტის თავმჯდომარემ გათეთრება, მერე კი შეასწორა, მაგრამ ასე გამოდის… ვქმნით პირობებს, რომ აქ შემოვიდეს შავი ფული. ამ კონტექსტში ჩვენ ვერ შევალთ ევროკავშირში,“ – ამბობს ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი, კავკასიის ეკონომიკის სკოლის დეკანი.

მას ვკითხეთ პარლამენტის მიერ დღეს, 19 აპრილს, დაჩქარებული წესით შეცვლილ საგადასახადო კოდექსზე, რომლის თანახმადაც ოფშორიდან ბიზნესის გადმოტანა საქართველოში მარტივად, გადასახადების გადახდის გარეშეა უკვე შესაძლებელი.

საპარლამენტო ოპოზიცია ამბობს, რომ პირველ რიგში, ეს კანონი „ქართულმა ოცნებამ“ ბიძინა ივანიშვილს მოარგო, რომელსაც ოფშორიდან ფულის საქართველოში გადმოტანა სურს, რადგან ის შეიძლება დასანქცირდეს. ოფშორში რომ ივანიშვილს ბევრი ფული აქვს, ეს „პანამის საქმის“ ჟურნალისტური გამოძიებითაც დადასტურდა.

შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნება“ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში გამჭვირვალობას იმიზეზებს, თანაც იმ პირობებში, როცა მსხვილი სამოქალაქო თუ მედიაორგანიზაციის პროექტების შესახებ ინფორმაცია გამჭვირვალეა, ამავდროულად კი, „ოცნება“ ოფშორიდან სრულიად გაუმჭვირვალე, შავი ფულის გადმოტანას დაჩქარებული წესით, 2 დღეში აკანონებს.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ოფშორიდან თანხის გადმოტანის ამბავში მთავარ რისკს რუსულ კანონში ხედავს, რომლის მიღების შემთხვევაშიც საქართველოში პრაქტიკულად შეუძლებელი გახდება ბიზნესის, ან ხელისუფლების კონტროლი:

„საქართველოში ივანიშვილი უზრუნველყოფს საკუთარი ფინანსების გამჭვირვალობას? გამჭვირვალე იქნება ეს ფინანსები მხოლოდ ბიძინასთვის, ყველა დანარჩენისთვის კი, გაუმჭვირვალე,“ – ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

რატომ დასჭირდა ივანიშვილს ოფშორიდან თანხის საქართველოში გადმოტანა? – ვკითხეთ ეკონომისტს.

სოსო ბერიკაშვილი

„ოფშორები ყველა მთავრობის თავის ტკივილია. ამიტომაც, ეს შეიძლება მისაღები ყოფილიყო ჩვენ რომ ნორმალური სიტუაცია გვქონდეს ქვეყანაში, თვალში ნაცარს არ გვაყრიდნენ და პირდაპირ არ გვიკეტავდნენ ევროპის გზას.

საქართველოში დიდი პრობლემაა: ვინ აკონტროლებს კანონის აღსრულებას? ვიცით კონკრეტულად, რომ მთავარი პანამელი [პანამა ოფშორია] ინვესტორი იყო ბიძინა ივანიშვილი… ეს კანონი უფლებას და საშუალებას აძლევს ივანიშვილს, აქ მოიწყოს თავისი პატარა, საგადასახადო, და არამხოლოდ ამ კუთხით, სამოთხე, თავისი ფრიდმანით და ვიღაცებით.

რუსული კანონის მიღება პირდაპირ ნიშნავს დაბლოკვას, დახურვას ყველა ფაქტჩეკის, თავისუფალი მედიის – რასაც უნდა, იმას გააკეთებს. როცა ამდენი ადამიანი გამოდის რუსთაველზე და გეუბნება, რომ ეს კანონი არ არის ევროპული, როცა საფრანგეთის ელჩი გეუბნება, რომ ეს არ არის ფრანგული, რაზე უნდა ელაპარაკო? არ აქვთ შემზღუდავი და შემაფერხებელი გარემოება. ამიტომაც, ჩნდება რისკი, რომ ისეთი ფული შემოვა აქ, რომელიც სხვაგან ვერ შევა.

თანაც, ამას აკეთებენ გამჭვირვალობის საბაბით, სინამდვილეში პირიქითაა: უნდათ, რომ შექმნან გაუმჭვირვალე სიტუაცია…

პროცესი მიდის, რომ საქართველო აქციონ ჩაკეტილ, თავის შიდა ეზოდ, შუა აზიურ სახელმწიფოდ. ამაზე ევროპას, რა თქმა უნდა, რეაქცია ექნება და შესაძლოა, სანქციებიც გამოიყენოს, შეიძლება სანქციები პერსონალურად ბიძინა ივანიშვილის მიმართაც იყოს გამოყენებული, საქართველოს მიმართაც იქნება შეზღუდვები, საბანკო სექტორსა და ყველაფერზე,“ – გვითხრა სოსო ბერიკაშვილმა.

რა სურათი გვექნება ეკონომიკურად ქვეყანაში, თუ აქაც ოფშორი გაჩნდება? – ვკითხეთ მას.

„ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში არის პროცესის ნაწილი, საქართველო აქციონ ჩაკეტილ სივრცედ, სადაც თვითონ და მათი ახლობლები, კორუფციულად დაკავშირებული პირები იქნებიან კომფორტულად, ვისაც არ უნდა ეს, გაიქცეს ევროპაში, ჯანდაბას.

სიტუაცია ბევრად მძიმე შეიძლება იყოს: იქნება რეპრესიები, დაჭერები.

ეკონომიკური მაჩვენებელი და მთლიანი შიდა მოხმარების პროდუქტი შეიძლება უკეთესიც იყოს, მაგრამ როგორც დღეს ხდება დიდწილად, ისარგებლებს ელიტა, ხალხი იქნება ღარიბი და უბედური. თუ რამის თქმას და ხმის ამოღებას დააპირებ, თავში ჩაგარტყამენ, ან ქვეყნიდან გაგაგდებენ.

ევროკავშირში ყველამ გააკეთა განცხადება, რომ არ იქნება წინსვლა. შეიძლება, ეგრევე არ გაგვიუქმონ კანდიდატის სტატუსი, მაგრამ მთავარი ისაა, რომ ჩვენ აღარ განვიხილებით არცერთ კონტექსტში ევროპის სივრცის ნაწილად. ვითამაშებთ ევროპის ჩემპიონატზე, როგორც თურქეთი ითამაშებს, მაგალითად. შეიძლება, ყაზახეთმაც ითამაშოს ევროპის ჩემპიონატზე ფეხბურთი, მაგრამ ევროპის სივრცის ნაწილი ვერ ვიქნებით ამ პირობებით, ამ კანონმდებლობით,“- აღნიშნა სოსო ბერიკაშვილმა „ბათუმელებთან“.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: