ადევნების საქმე ბათუმის სასამართლოში



ბათუმში მცხოვრებ ბესო ფ.-ს გამოძიება ძალადობას და ადევნებას ედავება. საქმეში დაზარალებულად ცნობილი ქალი ამბობს, რომ ყოფილმა სექსუალურმა პარტნიორმა მას ქუჩაში სცემა, მანამდე კი, ადევნების მსხვერპლი გახდა. დაზარალებული ქალი უკრაინის მოქალაქეა.

დღეს, 5 თებერვალს, წინასასამართლო სხდომაზე მოსამართლე ლევან გელოვანმა დასაშვებად მიიჩნია დაცვის მხარის მტკიცებულება. საუბარია ტელეფონით გადაღებულ ვიდეოჩანაწერებზე, რაც ბრალდებულმა კაცმა სასამართლოში წარმოადგინა.

„ეს არღვევს პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონს. დაზარალებულს ჯერ არ მიუმართავს ინსპექტორისთვის, მაგრამ სავარაუდოდ მიმართავს…“ – აღნიშნა პროკურორმა ოლღა მერებაშვილმა. პროკურატურის ერთ-ერთი მთავარი მტკიცებულება ამ საქმეში სატელეფონო მიმოწერაა, რაც სასამართლომ ასევე დასაშვებად ცნო. მოსამართლე პროკურორის განმარტებით დაინტერესდა: „რატომ განსხვავდება ამ შემთხვევაში დაცვის მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულება?“ – იკითხა მოსამართლე ლევან გელოვანმა.

პროკურორმა განმარტა, რომ მტკიცებულება პროკურატურას არ მოუპოვებია და სატელეფონო მიმოწერა თავად დაზარალებულმა გადასცა პროკურატურას იმის დასტურად, რომ ის ადევნების მსხვერპლი იყო.

„ჩვენ ტელეფონსაც ამოვიღებდით მაშინ, მაგრამ ამას ვერ გავაკეთებდით. მსგავსი ქმედების ინიციატორი სასამართლოს გარეშე ვერ ვიქნებოდით,“ – დასძინა პროკურორმა.

მოსამართლემ პროკურორის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ თუკი დაცვის მხარის მტკიცებულებას დასაშვებად არ მიიჩნევდა, კანონით დაცული შეჯიბრებითობის და თანაბრობის პრინციპი დაირღვეოდა. მოსამართლემ ასევე გადაწყვიტა, რომ საქმის არსებითი განხილვა დაიწყება.

სასამართლო მოისმენს დაზარალებულად ცნობილი ქალის ჩვენებასაც, რომელიც ახლა თბილისშია. საქმეშია ასევე ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც ქალს სახის არეში მსუბუქი დაზიანება ჰქონდა მიღებული.

ბრალდებული ბესო ფ. სასამართლოს 7 ათასი ლარი გირაოს საფუძველზე ჰყავს გათავისუფლებული. ის თავს დამნაშავედ არ ცნობს და ამბობს, რომ ქალმა შური ამ ფორმით იძია.

სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ბრალდებულმა გვითხრა, რომ კომენტარს არ გვაძლევს, თუმცა ამბავს მოგვიყვა. მისი თქმით, მან დაზარალებულად ცნობილი ქალი მარი კ. დაახლოებით სამი წლის წინ გაიცნო ბათუმში, შემდეგ თავად ჩააკითხა უკრაინაში და ქალი საცხოვრებლად და სამუშაოდ ბათუმში გადმოვიდა.

ბრალდებულის თქმით, მარიმ ბათუმში ჩამოსვლამდე იცოდა, რომ ბესო დაოჯახებული იყო. დაზარალებული ბათუმში ერთ-ერთ სილამაზის სალონში მუშაობდა და ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ბრალდებულისვე თქმით, სხვა ქალებთან ეჭვიანობის გამო მარისთან კონფლიქტი ჰქონდა და ისინი გასული წლის ზაფხულში დაშორდნენ ერთმანეთს, თუმცა ურთიერთობა მაინც გრძელდებოდა.

ბრალდებული ამბობს, რომ მის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები, კონკრეტულად კი ვიდეოჩანაწერები დაადასტურებს, რომ ქალს ადევნებული კი არ იყო, არამედ პირიქით, თავად დაზარალებული სთხოვდა ურთიერთობას და ისინი ზაფხულის შემდეგ ერთად თურქეთშიც კი იმყოფებოდნენ.

ბესო ფ. უარყოფს ფიზიკურ ძალადობასაც. მისი მონათხრობით, მარი კ.-მ მას დეკემბრის ერთ საღამოს ნაქირავები ბინის კარი არ გაუღო, შემდეგ კი, როცა ქუჩაში შეხვდა, მხოლოდ მხრებში მოქაჩა და ჰკითხა, თუ რატომ აკეთებდა ქალი ამას.

გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ქალი განმარტავს, რომ პარტნიორთან დაშორების შემდეგ მას ბრალდებული მუდმივად უთვალთვალებდა, ტელეფონით შეტყობინებებს უგზავნიდა და სექსუალური ურთიერთობის გაგრძელებას აიძულებდა. დაზარალებული ასევე ყვება, რომ სამუშაოდ თბილისში გადასვლის გადაწყვეტილება მორიგი ფიზიკური ძალადობისგან თავის ასარიდებლად მიიღო.

პროკურატურის ვერსიით, ბესო ფ.-ს 2016 წლის მარტიდან 2018 წლის ივლისამდე ჰქონდა ინტიმური ურთიერთობა. ურთიერთობის შეწყვეტის შემდეგ კი, ბრალდებული აკონტროლებდა მ.კ.-ს გადაადგილებას, უთვალთვალებდა მის საცხოვრებელ და სამუშაო ადგილს, ემუქრებოდა დასახიჩრებით, ჯანმრთელობის დაზიანებით და სიცოცხლის მოსპობით.

„ურთიერთობის განახლების მოთხოვნით და ეჭვიანობის ნიადაგზე, ტელეფონის მეშვეობით და უკანონო თვალთვალით არაერთხელ დაამყარა არასასურველი კომუნიკაცია დაზარალებულთან. კერძოდ, სისტემატურად უგზავნიდა მას ჯანმრთლობის დაზიანებისა და სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველ მოკლეტექსტურ შეტყობინებებს და დაზარალებულის საცხოვრებელი ბინის უკანონო თვალთვალის ამსახველ ვიდეოჩანაწერებს. ასევე, მან არაერთხელ სცადა დაზარალებულის საცხოვრებელ ბინაში შეღწევა და დაზარალებულს რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური და სიტყვიერ შეურაცხყოფა. აღნიშნულმა ქმედებებმა დაზარალებულს მიაყენა ფსიქიკური ტანჯვა და მას გაუჩნდა ბრალდებულის მხრიდან ძალადობის გამოყენების საფუძვლიანი შიში, რამაც დაზარალებული აიძულა მნიშვნელოვნად შეეცვალა ცხოვრების წესი: თავის საცხოვრებელ ბინაში ვერ რჩებოდა მარტო, ქუჩაში გადაადგილდებოდა სხვა პირების თანდასწრებით, მიატოვა სამუშაო ადგილი და საცხოვრებლად ბათუმიდან თბილისში გადავიდა,“ – აღნიშნულია პროკურატურის მიერ „ბათუმელებისთვის“ მოწოდებულ წერილობით ინფორმაციაში.

დაზარალებულმა ქალმა პოლიციას გასული წლის 20 დეკემბერს მიმართა. გამოძიების ვერსიით, ამ დღეს ბრალდებულმა მარის სახეში მუშტი ჩაარტყა. „ამის შემდეგ გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, ასევე ყელში მოუჭირა ხელები და თავი დაარტყმევინა კედელზე, რითაც მიიღო სხეულის დაზიანებები და განიცადა ფიზიკური ტკივილი“.

სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, ადევნებად მიიჩნევა: „პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული,  ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის, ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს, ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან/და თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.“

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი