განათლება,მთავარი,სიახლეები

შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

04.02.2019 • 3877
შალვა ტაბატაძე: უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც სამინისტრომ წარმოადგინა

განათლების სამინისტრო უკვე რამდენიმე თვეა სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრობს და ეტაპობრივად სიახლეების პრეზენტაციებსაც სთავაზობს საზოგადოებას. ბოლო პრეზენტაციის დროს ითქვა, რომ უმაღლესი განათლება უნდა დაუახლოვდეს ევროპულ საგანმანათლებლო სისტემას. ამის პარალელურად, ჯერ მეთერთმეტეკლასელების საატესტატო გამოცდები გააუქმეს, ცოტა მოგვიანებით კი მეთორმეტეკლასელებსაც მოუხსნეს გამოცდები. როგორ შეიძლება განვითარდეს პროცესები განათლების სისტემაში და რა შეიძლება მივიღოთ ამ ცვლილებით?  „სამოქალაქო ინტეგრაციისა და ეროვნებათაშორისი ურთიერთობების ცენტრის” გამგეობის თავმჯდომარეს, შალვა ტაბატაძეს არსებული რეალობის შეფასება ვთხოვეთ.

ბატონო შალვა, რამდენად ადეკვატური იყო ამ ტიპის ცვლილებები მოცემულ მომენტში, როცა სასწავლო წლის ნახევარზე მეტი გასულია და როგორ უნდა განვითარდეს მოვლენები, რომ არ დაზარალდეს არც განათლების სისტემა და არც ის, ვინც გამოცდებისთვის ემზადება?

რეალურად, თუ ჩავუღრმავდებით, მე აქ რეფორმას ვერ ვხედავ. რა გვაქვს, სად მივდივართ და კონკრეტულად რას ვაკეთებთ? – სად არის რეფორმა. დეტალურად უნდა გავიაროთ თითოეული მუხლი, იგივე გამოცდებთან დაკავშირებით, ვერც აქ დავინახე სარეფორმო გზავნილი. ამიტომ მგონია, რომ ეს ზოგადი ხმაურია და რეალურ რეფორმასთან კავშირი არ აქვს.

რას გულისხმობთ?

იგივე გამოცდებთან დაკავშირებით, რაც შემოგვთავაზეს არის ის, რომ გამოცდები გაუქმდა. ეს მაშინ იქნებოდა რეფორმასთან კავშირში, თუკი მისაღები გამოცდების სისტემასაც შემოგვთავაზებდნენ, რაც, რა თქმა უნდა, არ განხორციელდა. ხმაური და აჟიოტაჟი ატყდა მხოლოდ და მხოლოდ გამოცდების გაუქმებაზე, რეალური სარეფორმო ნაბიჯი არ ჩანს.

ანალოგიური ვითარებაა უმაღლეს განათლებაზეც – რაც მოვისმინე უმაღლესი განათლების რეფორმების მიმართულებით, მეგონა 2005 წელში დაბრუნდით. მეგონა, რომ ბოლონიის პროცესს შევუერთდით და ევროპულ სივრცეში ინტეგრაციის გადაწყვეტილება მივიღეთ. იმას, რაც დაანონსდა, ჩვენ უკვე ვაკეთებთ ბოლო 13 წელია. კარგად თუ ცუდად, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ევროპულ სივრცესთან ინტეგრაცია ეს არის გაცხადებული პოლიტიკა.

როგორ აქცევს ფორმალური ხარისხის მართვის ინსტიტუტებს სამინისტრო, როგორ დატვირთავს შინაარსით, ეს გადმოცემული არ იყო. როგორ მოახდენს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების რეფორმირებას აბსოლუტურად არ ჩანდა, არანაირი სიახლე ამ თვალსაზრისით არ გაგვიგია.

მე დავინახავდი სისტემას მაშინ, თუკი სამინისტრო მეტყოდა, რომ აი, ამ ადამიანური რესურსით, რომელიც დღეს გვყავს, როგორ აპირებს უკეთესი განათლების სისტემის შექმნას. სიტყვაზე, თუკი მე სისტემაში მყავს 6 ათასი უსაქმური მკვლევარი და პროფესორი, მე ამ პროფესორებს გზას გავუყენებ. თუ მე მყავს 500 წარმატებული მკვლევარი და პროფესორი, მე ამას გავაკეთებ. თუ მყავს პერსპექტიული მეცნიერები და მკვლევრები, მათი კვლევისთვის საშუალებებს შევქმნი… ანუ ეს პრიორიტეტები უნდა დამილაგოს სამინისტრომ და არ უნდა ისაუბროს იმაზე, ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ხარისხის ცენტრი როგორ იქცევა დამოუკიდებელ სტრუქტურად, რომელიც რეალურად ხარისხზე იქნება ორიენტირებული და არა პოლიტიკური ინსტრუმენტი, როცა ამის საჭიროება გაჩნდება. აი, ეს გზაც არ ჩანს.

ეს ყველაფერი ჩემთვის მისაღები იქნებოდა 2000 წელს. უფრო ფართომასშტაბიანად და კარგად ამაზე ისაუბრეს 2005 წელს, ვიდრე დღეს ისაუბრა მინისტრმა, ამიტომაც  არის ეს წარმოუდგენელი.

თქვენთვის კიდევ რა ხარვეზი ჰქონდა ამ პრეზენტაციას?

ვერ დავინახე, როგორ მოიზიდავენ მეცნიერებაში და უმაღლეს სასწავლებლებში პერსპექტიულ ახალგაზრდებს, რომელთაც შეუძლიათ ძალიან მაღალ დონეზე სწავლება და კვლევა. როგორ უზრუნველყოფენ პროფესიულ განვითარებას, დოქტორანტების და კვალიფიციური კადრების მოზიდვის პროცედურა როგორი იქნება, როგორ წაახალისებენ იმ პროფესორებს, რომლებიც საერთაშორისო მასშტაბის კვლევებს აკეთებენ, რას უზამენ იმ ადამიანებს, რომელთაც არანაირი პერსპექტივა არ აქვთ კვლევასა და სწავლებაში, ვერ ვითარდებიან და არც განვითარდებიან, თუმცა ისინი არიან მმართველები უმაღლესი სასწავლებლების, უმაღლესი განათლების და მეცნიერების.

ამ მექანიზმების დამუშავებით, არც ერთი ნაბიჯი არ იყო გადადგმული, ამიტომ პირდაპირ ვამბობ, ჩემთვის უხერხულია რეფორმა დავარქვა იმ პრეზენტაციას, რაც წარმოადგინეს. ეს არის სისტემაში ჩაუხედავ ადამიანებზე გათვლილი, თითქოს სამინისტრო რეალურად რამე სარეფორმო ნაბიჯებს გეგმავს.

როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილებები იმ ადამიანებზე, რომლებიც წელს აპირებენ უმაღლესში ჩაბარებას?

საატესტატო გამოცდების კომპონენტი გასაგებია, თუმცა ეს გადაწყვეტილება პარლამენტს ჯერ არ მიუღია და საბოლოოდ ბევრი რამე შეიცვლება, სავარაუდოდ. რაც შეეხება ზღვრის დაწესებას უნივერსიტეტების მხრიდან, რა იგულისხმა აქ მინისტრმა და სკოლების როლი როგორია, დეტალები ვერ გავიგე.

რაც გავიგე, არის ის, რომ ატესტატს გასცემს სკოლა და ეს არის სკოლის კომპეტენცია. ამაში პრობლემას ვერ ვხედავ, მაგრამ პრობლემაა ის, რომ უნივერსიტეტებს არაფრის გაკეთება არ უნდათ. სპეციალისტები როცა ვსაუბრობთ იმაზე, რომ უნივერსიტეტებს მივცეთ უფლებები თვითონ შეარჩიონ სტუდენტები, თვითონ განსაზღვრონ საკუთარი მიზნებიდან გამომდინარე პროგრამები და ასე შემდეგ… ეს ყველაფერი ფუნქციონირებად სახელმწიფოებსა და უნივერსიტეტებშია შესაძლებელი, როდესაც უნივერსიტეტს უნდა, რომ გადასცეს მაქსიმალური შესაძლებლობები, თვითონ შეარჩიოს აკადემიური თავისუფლება, შეარჩიოს პროგრამები, ბიუროკრატიული მექანიზმები არ უშლიდეს ხელს… ჩვენთან კი უნივერსიტეტებს არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ.

გამოცდების ცენტრი ამბობს, რომ უმაღლესებს არანაირი სურვილი არ აქვთ სტუდენტების შერჩევაში მიიღონ მონაწილეობა – აწყობთ ის სისტემა, რომ მათ ვიღაც ურჩევს სტუდენტებს, თავის ტკივილი არ უნდათ. მაგალითად, ურჩევნიათ ხარისხის განვითარების ცენტრიდან მიიღონ  პროგრამისა და სილაბუსების შაბლონი, რომელშიც რაღაცებს შეცვლიან, ვიდრე საკუთარი პროფესიონალური სამეცნიერო აკადემიური ინტერესებიდან და სტუდენტის საჭიროებიდან გამომდინარე თავისუფლება ჰქონდეთ სილაბუსის შედგენაში, კვლევის ჩატარებაში და ა.შ. ეს არც უნივერსიტეტებს უნდათ, არც პროფესურას.

როგორ შექმნის აკადემიურად და ადმინისტრაციულად ავტონომიურ უნივერსიტეტებს, ამის ხედვა არ წარმოუდგენია სამინისტროს.

თქვენ ფიქრობთ, რომ სამინისტროს ჯერ უნივერსიტეტებთან უნდა მოეგვარებინა პრობლემები და შემდეგ დაეწყო სასკოლო რეფორმა?

ამაზე კონსულტაციები იყო უმაღლეს სასწავლებლებთან, მაგრამ მათ თავიანთი დაჭაობებული სისტემის შეცვლა და საკუთარ თავზე არანაირი პასუხისმგებლობის აღება არ უნდათ. ამის სურვილი უმაღლესებიდან არ მოდიოდა. მათ ღია ტექსტით თქვეს, რომ დატოვეთ ისე როგორც არის, ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობთ თავსო. ეს არის მთავარი პრობლემა.

უმაღლესების დამოკიდებულება და მათი როლი არის საკმაოდ მძიმე ამ თვალსაზრისით. სამწუხაროდ, სამინისტროს არც ამ ხელმძღვანელობას არ ეყო ძალა და უნარი ეთქვა და ესაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც სისტემაშია.

საატესტატო გამოცდების ამ ეტაპზე გაუქმება თუ იყო სწორი გადაწყვეტილება?

აქ პრობლემაა ის, რომ ატესტატს მიიღებენ ის მოსწავლეებიც, რომლებიც გასულ წელს, მე-11 კლასის გამოცდაზე ჩაიჭრნენ. რატომ ვაყენებთ დისკრიმინაციულ მდგომარეობაში იმ მოსწავლეებს, რომლებმაც დაძლიეს ეროვნული სასწავლო გეგმა, მაგრამ ჩაიჭრნენ საატესტატო გამოცდაზე, ვთქვათ, 2011 ან 2017 წელს? მე მათ ადგილზე გამიჩნდებოდა უსამართლობის განცდა. ამ მოსწავლეებს ეს ცვლილება არ აყენებს თანაბარ მდგომარეობაში. მაშინ ყველას მივცეთ ატესტატი, ვინც საატესტატო გამოცდებში ჩაიჭრა, მაგრამ სკოლის დამთავრების ნიშნები გააჩნდათ.

ბატონო შალვა, უკვე დაიწყეს საუბარი იმაზე, რომ თუკი სკოლაში მოსწავლეების შეფასება მხოლოდ ნიშნების საფუძველზე იქნება, ეს გაზრდის კორუფციის რისკებს. რა მექანიზმი უნდა არსებობდეს ამ რისკის შესამცირებლად?

ჩვენ სხვა საზოგადოებაში, სხვა ეპოქაში ვცხოვრობთ და არა მე-20 საუკუნის დახურულ საზოგადოებაში. ძალიან ბევრი სისტემის შექმნაა შესაძლებელი, რომელიც კორუფციას გამორიცხავს, როგორც სასკოლო, ასევე, მისაღებ დონეზე.

არსებობს არასამთავრობო სექტორი, მედია, მონიტორინგის სისტემები, ვიდეოგადაღებები, ბავშვები ერთმანეთს აკონტროლებენ, მშობლები – ერთმანეთს, სხვადასხვა საბჭო არსებობს, ამიტომ კორუფცია, – ვგულისხმობ პირდაპირ ქრთამის მიცემას, გამორიცხულია. მაგრამ, პატივისცემა და ვიღაცის გავლენების გათვალისწინება, ამას ვერავინ ვერ გამორიცხავს და არა მგონია, ეს მთავარი პრობლემა იყოს.

აქ პრობლემა შეიძლება იყოს ის, რომ განსხვავებულად დაიწეროს ნიშნები სხვადასხვა სკოლაში. შეიძლება თბილისის რომელიღაც სკოლაში ნიშნის მიღება იყოს უფრო რთული, ვიდრე რომელიმე სოფლის სკოლაში, სადაც ნათესავი ასწავლის. ეს პრობლემა დგას, მაგრამ აქაც არსებობს მექანიზმები, რომლებიც ამის გადამზღვევი შეიძლება იყოს.

ეს შეიძლება იყოს შემაჯამებელი ტესტი?

შესაძლებელია ერთგვარი გამოცდის სისტემის დაწესება, რომელიც შეაფასებდა მთლიანობაში 12 წლის განმავლობაში მიღებულ ცოდნას, შეაჯამებდა ბევრ უნარს სხვადასხვა მიმართულებით. აი, ეს შეიძლება იყოს გადამზღვევი. თუ დიდი აცდენა იქნება სკოლის ნიშანსა და ამ გამოცდას შორის, უკვე თვალნათელი იქნება პრობლემა და სკოლები დაინტერესებული აღარ იქნებიან ნიშნების ინფლაციით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: