ბათუმი-სარფის ახალი გზა – რამდენიმე ვარიანტი, თუ სად გაივლის გზა გონიოში, კვარიათსა და სარფში

ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზის მშენებლობისთვის მომზადებული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი უკვე განიხილეს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკურ საბჭოზე. ახალი გზის სავარაუდო სიგრძე 12 კმ-ია.

კონკრეტულად სად გაივლის ახალი გზა მდინარე ჭოროხიდან გონიო-კვარიათი-სარფის მიმართულებით, ამ დროისთვის კვლავ უცნობია.

გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, „ბათუმი-სარფის მიმართულების რამდენიმე ვარიანტი განიხილეს, საიდანაც ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი შეირჩევა და დეტალური პროექტის მომზადება დაიწყება“.

ბათუმი-სარფის ახალი გზის მიმართულების რამდენიმე ვერსია განიხილება / ახალი გზის მდებარეობის ვარიანტები კვარიათში / ფოტო: საავტომობილო გზების დეპარტამენტი.

„ახალი გზის მიმართულების ბევრი ვარიანტი განიხილება, რომელთაგან პირველ ეტაპზე შეირჩევა სამი ვარიანტი და იმ სამიდან შემდეგ ერთ ვარიანტზე შეჯერდებიან, რომელზე დაყრდნობითაც ჩატარდება შესაბამისი კვლევები და დაიწყება პროექტის მომზადება.  წარმოდგენილი ვარიანტებით ახალი გზა არსებულ მაგისტრალს ძირითადად არ ემთხვევა, შესაძლოა ზოგან დაემთხვეს ან ესტაკადა გაკეთდეს, ჯერ დაზუსტებული არ არის. როცა ეს დაზუსტდება შემდეგ დაიწყება განსახლების დოკუმენტზე, გეოლოგიურ კვლევებზე და სხვა საკითხებზე მუშაობა. განიხილება გვირაბების და ახალი ხიდის მშენებლობაც მდინარე ჭოროხზე“ – გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

ახალი გზა აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილი იქნება. ბათუმი[ჭოროხი]-სარფის გზა ბათუმის შემოვლით გზას შეუერთდება და „ამ პროექტით აჭარის ტერიტორიაზე ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა დასრულდება.“ – აცხადებენ დეპარტამენტში.

ამავე თემაზე:

ავტობანი – ახალი ხიდი და გზა ჭოროხიდან სარფამდე

რაც შეეხება ბათუმის შემოვლით გზას, პროექტის ფარგლებში აშენდება ორზოლიანი ასფალტის გზა, 19 სახიდე გადასასვლელი, 4 სატრანსპორტო კვანძი, 5 გვირაბი და 57 წყალგამტარი მილი. ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა [ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბიდან მდინარე ჭოროხამდე მონაკვეთში], უკვე დაწყებულია. პროექტი ფინანსდება აზიის განვითარების ბანკისა (ADB) და აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკთან (AIIB) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულებების ფარგლებში. ხელშეკრულების ღირებულება 329 630 734  ლარია.

სარფის საზღვრიდან ახალი გზა მდინარე ჭოროხთან შეუერთდება ბათუმის შემოვლით გზას. ბათუმის შემოვლითი გზა ჩაქვი-მახინჯაურის გვირაბთან შეუერთდება ქობულეთის შემოვლით გზას, რომელიც თავის მხრივ შეკვეთილთან გრიგოლეთი-სამტრედიის მშენებარე გზას დაუკავშირდება. დაგეგმილია ახალი გზისა და გვირაბების აშენებაც რიკოთის უღელტეხილზე, რაც საბოლოოდ მგზავრობის დროს ბათუმსა და თბილისს შორის დაახლოებით 3 საათამდე შეამცირებს.

ქობულეთის შემოვლით გზაზე, სოფელ საჩინოსთან, აშენდა საქართველოში ყველაზე გრძელი – 1180 მეტრი სიგრძის ხიდი.

აჭარის ტერიტორიაზე აშენებული და მშენებარე ჩქაროსნული მაგისტრალები ორზოლიანია. ორზოლიანი იყო ქუთაისის შემოვლითი გზაც, რომელიც 2014 წლის ნოემბერში გაიხსნა და მალევე გახადეს ცალმხრივი – ამ მონაკვეთზე მომხდარი ხშირი ავარიების გამო. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ქუთაისის შემოვლითი გზა ოთხზოლიან მაგისტრალად გადაკეთდეს.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com