აკრძალული ცელოფნის პარკების გამოყენებაზე ბათუმში 105 მაღაზია გააფრთხილეს

სავაჭრო ობიექტებში 15 მიკრონზე ნაკლები სისქის პლასტიკის პარკების [ერთჯერადი, თხელი ცელოფნის პარკების] რეალიზაცია საქართველოში 2018 წლის პირველი ოქტომბრიდან აკრძალულია, თუმცა ასეთი პარკები მაღაზიებში დღესაც არის. აღსანიშნავია, რომ სხვა სახის ცელოფნის პარკების რეალიზაცია არ არის აკრძალული და ის 2019 წლის პირველი აპრილიდან აიკრძალება.

ბათუმის მერიის მუნიციპალური სერვისების სააგენტოს ინფორმაციით, სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფს დაწყებული აქვს კონტროლი და ბათუმში 3 ოქტომბერს 105 მაღაზიას, რომელიც ახდენს ცელოფნის პარკების რეალიზაციას, ცნობის სახით გადაეცა გაფრთხილება.

მაღაზიის მესაკუთრე ვალდებულია გაფრთხილებიდან 10 დღის განმავლობაში ამოიღოს ქსელიდან აკრძალული პარკები. წინააღმდეგ შემთხვევაში ის 500 ლარით დაჯარიმდება და მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მეწარმე სუბიექტი დაჯარიმდება 1 000 ლარის ოდენობით და ასევე მოხდება შესაბამისი პროდუქციის კონფისკაცია.

 

აკრძალული ცელოფნის პარკების კონტროლი და შესაბამისი რეაგირების მოხდენა „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“ ინფორმაციით, ბათუმში დაეკისრათ:

  • თავად ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების სააგენტოს“
  • ბათუმის მერიის მუნიციპალური ქონების და სერვისების მართვის სამსახურს
  • შპს „სანდასუფთავებას“
  • ა(ა)იპ „ბათუმის ბოტანიკურ ბაღს“, ა(ა)იპ „საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს“, სსიპ „ბათუმის ბულვარსა“ და შპს „შავი ზღვის ფლორისა და ფაუნის შემსწავლელი სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის“ თანამშრომლებს, მხოლოდ მათ საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებულ ან/და მოვლა-პატრონობისათვის განსაზღვრულ ტერიტორიებზე.

პლასტიკისა თუ ბიოდეგრადირებადი პარკების კონტროლს ქვეყნის მასშტაბით შემდეგი უწყებები ახორციელებენ:

  • პარკების წარმოებისას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;
  • პარკების იმპორტისას – საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;
  • პარკების რეალიზაციისას – ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში „ნეტგაზეთს“ 2 ოქტომბერს განუცხადეს, რომ „მათი ამოცანა სადამსჯელო ღონისძიებების გატარება არაა და ამ ეტაპზე მეწარმეებსა და პოლიეთინელის პარკებით მოვაჭრეებთან ცვლილებების შესახებ შეხვედრებს მართავენ“.

პლასტიკის პარკების მთლიანად აკრძალვა არ ნიშნავს იმას, რომ მაღაზიებში, ზოგადად სავაჭრო ქსელში ცელოფნის პარკები არ იქნება. პლასტიკის პარკები მომავალი წლის აპრილიდანაც იქნება რეალიზაციაში, თუმცა დაშვებულია, მხოლოდ ბიოდეგრადირებადი და კომპოსტირებადი პარკები, შესაბამისი წარწერით.

დეტალურად:

რა ელის ცელოფნის პარკების ბიზნესს – აკრძალვა ძალაშია პირველი ოქტომბრიდან 

ამავე თემაზე:

როდის დაიწყება ნარჩენების დახარისხება და რა ვალდებულება ექნება მეწარმეს

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com