მთავარი,სიახლეები

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

16.08.2018 • 3363
„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, ჩემთვის არც უკითხავს“ – ბათუმის ოლქის თავმჯდომარე 

„მოხარული ვარ. ზუსტად ისეთი, როგორებიც არიან ირაკლი და ჩემი და, პატიოსნები, პასუხისმგებლიანები, კომპეტენტურები, ნამდვილად უნდა იყვნენ ასეთი ადამიანები არა მხოლოდ საარჩევნო ადმინისტრაციაში, არამედ სხვაგანაც,“ – ასე აფასებს ბათუმის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე – ციალა შავაძე თავისი დის საარჩევნო ადმინისტრაციის წევრად არჩევას. ციალა შავაძის და – მზიური შავაძე ცესკომ ქედის საოლქო კომისიის წევრად აირჩია. ირაკლი გვარჯალაძე კი ბათუმის ოლქის ახალი წევრია. ის ციალა შავაძის მეგობარია.

საოლქო კომისიის დროებითი წევრები ცესკომ რამდენიმე დღის წინ შეარჩია. საუბარია თითოეულ საარჩევნო ოლქში თითო წევრზე, რომელიც კანონმდებლობის მიხედვით, აპოლიტიკური და პარტიულად მიუკერძოებული უნდა იყოს. საოლქო კომისიების დროებით წევრებს წინასაარჩევნოდ ცესკო კონკურსის წესით არჩევს.

საოლქო კომისიების წევრების არჩევაზე დღეს, 16 აგვისტოს, ბრიფინგი გაიმართა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის ოფისში.

„საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტებითა და მხარდამჭერებით, ასევე ბოლო პერიოდში დროებითი წევრები შერჩეულ იქნა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული პირების ახლობლებითა და ნათესავებით. რეალურად საოლქო საარჩევნო კომისიები დაკომპლექტდა პოლიტიკური ნიშნით,“ – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა აქტივისტმა, ირმა ხოროიშვილმა.

პარტიამ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მოუწოდა ოლქებში დამოუკიდებელი წევრების არჩევის საკითხი შეისწავლონ.

„ჩემმა დამ ისე შეიტანა განაცხადი, რომ ჩემთვის არც უკითხავს, რჩევაც არ უკითხავს. რა თქმა უნდა, მას ჰქონდა ამის სრული უფლება და იმის გამო, რომ ის ჩემი დაა, მისი დისკრედიტაცია არ უნდა მოხდეს. მას აქვს უბნებზე მუშაობის გამოცდილება, ჰქონდა ცესკოს სერტიფიკატი და შეეძლო, როგორც ნებისმიერ სხვა პირს, განეცხადებინა ოლქის დროებით წევრობაზე პრეტენზია. ოლქის დროებითი წევრის არჩევა არის ცესკოს პრეროგატივა,“ – გვითხრა ციალა შავაძემ, ბათუმის საოლქო კომისიის თავმჯდომარემ.

ციალა შავაძე ბათუმის ოლქის თავმჯდომარეა 2016 წლიდან. 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე იგი „ქართული ოცნების“ და ამავე პოლიტიკური გაერთიანების ბათუმის მერობის კანდიდატის, გიორგი ერმაკოვის სასარგებლოდ მუშაობდა. ის „ქართული ოცნების“ შტაბში გადაღებულ რამდენიმე ფოტოზე კოალიციის სარეკლამო მაისურითაა დაფიქსირებული.

ციალა შავაძის თქმით, მისი და „ქართული ოცნების“ ან რომელიმე სხვა პარტიის აქტივისტი არ ყოფილა.

„ჩემი და აქტივისტი არ ყოფილა, ის პედაგოგია. არანაირი შეხება მას არც ერთ პარტიასთან არ ჰქონია. ის არანაირ ღონისძიებაზე არასდროს არ ყოფილა. ამიტომაც ცესკო არჩევს აპოლიტიკურ ადამიანებს,“ – ამბობს ის.

ციალა შავაძემ დაგვიდასტურა, რომ მისი ოლქის წევრად დანიშნულ ირაკლი გვარჯალაძესთან მეგობრობს. ოლქის თავმჯდომარე ხაზს უსვამს იმას, რომ ცესკო დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებებს და მეგობრის არჩევაზე მას გავლენა ვერ ექნებოდა.

ციალა შავაძე: „ირაკლი გვარჯალაძე არის კომპეტენტური ადამიანი, ის არის ცესკოს სწავლების ცენტრის ტრენერი და წლების განმავლობაში იყო ტრენერი ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიაში, წლების განმავლობაში იყო ბათუმის საოლქო საარჩევნო კომისიის დროებითი წევრი, ეს არ არის პირველი შემთხვევა. ირაკლი გავიცანი აქ, ჩემი მუშაობის პერიოდში. უაღრესად კომპეტენტური, პასუხისმგებლიანი, ძალიან მოწესრიგებული ადამიანია და საარჩევნო კუთხით არის სამაგალითო პიროვნება. არჩევნების პერიოდში როცა მოდიან წევრები, პარტიული იქნება ეს თუ დროებითი წევრები, ჩვენ ყველასთან კარგი ურთიერთობა გვაქვს. იმის გამო ცესკოს არ აურჩევია ირაკლი, რომ ის ჩემი მეგობარია“.

„ქართულ ოცნებასთან“ კავშირს უარყოფს ხულოს საოლქო კომისიის ახალი წევრი – რამაზ აბულაძეც. ხულო საინტერესო აღმოჩნდა იმით, რომ აქ საოლქო კომისიის მაღალანაზღაურებადი წევრობა არავინ ისურვა რამაზ აბულაძის გარდა. „ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, რამაზ აბულაძე წინა არჩევნებზე სოფელ ვაშლოვანში „ქართული ოცნების“ კოორდინატორი იყო.

„არასდროს არ ვყოფილვარ მე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი და აქტივისტი, ეს სიცრუეა. „ქართული ოცნების“ პარტიულ რიგებში არასდროს ვყოფილვარ, მე ვარ უპარტიო და უმუშევარი. წინა არჩევნებზეც ვიყავი და წელს მარტო ერთი ვიყავი, სხვას არც ჰქონდა შეტანილი განცხადება. მე ვარ მიუკერძოებელი, ჩემი ვალია, რომ სწორად და ლამაზად ჩატარდეს არჩევნები,“ – აღნიშნა რამაზ აბულაძემ „ბათუმელებთან“.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, ქობულეთის ოლქში არჩეული ია ბერიძე ქობულეთის რკინიგზის სადგურის უფროსის – ირაკლი კვირკველიძის მეუღლეა, ხოლო შუახევის საოლქო კომისიის ახალი წევრი რომან დარჩიძე ოლქის თავმჯდომარის – თამაზ დავითაძის მეგობარი.

მთავარი ფოტო: ბათუმის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ციალა შავაძე, ქართული ოცნების შტაბში [მეორე რიგში მარცხნიდან მეორე]. ფოტო „ბათუმელების“ არქივიდან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: