საკონსულო: მგზავრთა გადასაყვანად მძღოლებმა ერთწლიანი ნებართვა თურქეთში უნდა აიღონ

ბათუმში თურქეთის საკონსულოს განცხადებით, მძღოლებმა, რომელთაც თურქეთის ტერიტორიაზე მგზავრები გადაჰყავთ, სპეციალური ნებართვა თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უნდა მიიღონ.

საკონსულო ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქციას გამოეხმაურა, რომელიც ბათუმში 10 ივლისს გაიმართა. მძღოლები აცხადებენ, რომ მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებს, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ.

„როგორც ყველა ქვეყანაში, ასევე თურქეთშიც მგზავრთა გადაყვანა ექვემდებარება კონკრეტულ ნებართვებს. რამოდენიმე საქართველოს მოქალაქემ, რომლებიც შესაბამისი ნებართვის არ მქონე კერძო სატრანსპორტო საშუალებებით ეწეოდნენ კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანას, სახმელეთო მგზავრთა გადაყვანის რიგით 2918 ადმინისტრაციული კანონის თანახმად, თითოეულ ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმებული იქნა 1002 თურქული ლირის ოდენობით და აეკრძალა 15 დღის განმავლობაში გადაადგილება. მსგავსი რეგულაციები არსებობს საქართველოშიც და ჯარიმა განისაზღვრება 5000 ლარით. იმისათვის, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პრობლემები, მოგმართავთ თხოვნით, რომ თავი შეიკავოთ კომერციული მიზნით მგზავრთა გადაყვანის ნებართვის არმქონე მსუბუქი ავტომობილებით, მიკროავტობუსებითა და მსგავსი სატრანსპორტო საშუალებით გადაადგილებისგან“ – აღნიშნულია საკონსულოს განცხადებაში.

საკონსულოს განცხადებით, 1995 წელს თურქეთისა და საქართველოს რესპუბლიკების მთავრობებს შორის დადებული საერთაშორისო სახმელეთო გადაზიდვის ხელშეკრულების მეექვსე პუნქტში – მგზავრთა გადაზიდვა – მითითებულია, რომ ხელშეკრულების ერთი მონაწილე მხარის გადამზიდველმა უნდა განახორციელოს რეგულარული რეისები ან ტრანზიტული მომსახურება მეორე მონაწილე მხარის ტერიტორიაზე სპეციალური ნებართვების საფუძველზე, რომელიც გაცემულია მეორე მონაწილე მხარის კომპეტენტური ორგანოს მიერ.

„გადამზიდავმა  უნდა აიღოს ერთწლიანი ნებართვა, რათა მეორე ხელმომწერი მხარის ტერიტორიაზე განახორციელოს რეგულარული რეისები და რეგულარული ტრანზიტული მიმოსვლა. მგზავრთა რაოდენობას არ აქვს მნიშვნელობა. მგზავრთა კომერციული გადაყვანის განსახორციელებლად შესაბამისი ქვეყნის კომპეტენტური უწყებიდან შესაძლებელია ერთწლიანი ნებართვის აღება. თურქეთში ამ დოკუმენტის აღება შესაძლებელია თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის სამინისტროში,“ – აცხადებენ თურქეთის საკონსულოში.

კითხვაზე, კონკრეტულად რა დოკუმენტებია საჭირო ასეთი ნებართვის მისაღებად და რა ღირს ნებართვა, ამაზე საკონსულოში ვერ გვიპასუხეს, თუმცა გვითხრეს, რომ სამინისტროს უახლოესი წარმომადგენლობა ქალაქ ტრაპზონში მდებარეობს.

ხელშეკრულებაში, რომელიც 1995 წლიდან ივნისიდანაა ძალაში, ტერმინების განმარტებაში აღნიშნულია, რომ ტერმინი – „სატრანსპორტო საშუალება“ მგზავრთა გადაყვანის დროს ნიშნავს ავტობუსს ან ნებისმიერ ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელსაც გააჩნია არა უმცირეს 8 დასაჯდომი ადგილი მძღოლის ადგილის ჩაუთვლელად. ქართველი მძღოლები, რომელთაც ტურისტები გადაჰყავთ თურქეთში, ამბობენ, რომ მათ ექვსადგილიანი მინივენები ჰყავთ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
ნანა კვაჭაძე, ჟურნალისტი ელფოსტა: kvachadze.n@gmail.com