მთავარი,სიახლეები

რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს

10.07.2018 • 2463
რა უპასუხა თურქეთის საკონსულომ დაჯარიმებულ მძღოლებს

თურქეთის საკონსულთან ტურისტული კომპანიების მძღოლების საპროტესტო აქცია  კონსულთან შეხვედრის გარეშე დასრულდა. თურქეთის პოლიციის მიერ დაჯარიმებული მძღოლები კონსულთან შეხვედრას ითხოვდნენ.

„საკონსულოს წარმომადგენლებთან შეხვედრა ვერ მოხერხდა. ჩვენთან მოვიდა აჭარის მთავრობის წარმომადგენელი, რომელიც სიტუაციის გარკვევას დაგვპირდა. ხვალ გვექნება შეხვედრა მთავრობაში,“ – ამბობს ირაკლი ბარამიძე, ტურისტული კომპანია „ჰეფი თრეველის“ წარმომადგენელი.

ტურისტული კომპანიების მძღოლების თქმით, მათ თურქეთის პოლიცია უსამართლოდ აჯარიმებთ, როცა საქართველოდან ტურისტები ერთდღიანი ტურით თურქეთში შეჰყავთ. ამ დროისთვის 16 მინივენი საჯარიმო ავტოსადგომზეა გადაყვანილი.

მძღოლების საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით საკონსულომ მხოლოდ წერილობით განმარტა:

„მათ, ვისაც არ აქვს საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი, მათთვის შეუძლებელია თურქეთის ტერიტორიაზე გადაზიდვების განხორციელება. ეს არის საერთაშორისო რეგულაცია და საქართველოშიც ანალოგიურად მოქმედებს. ამ მდგომარეობაში მყოფი ყველა სატრანსპორტო საშუალება ჯარიმდება და ეს პირობა ვრცელდება ორივე მხარეს.“

რას გულისხმობს „საერთაშორისო გადაზიდვის შესაბამისი დოკუმენტი“ და რატომ არ აჯარიმებდნენ აქამდე სხვა მძღოლებს, ვინც ამ დრომდე საქართველოდან თურქეთში ტურისტების ტრანსპორტირებას ახორციელებდა? – თურქეთის საკონსულოში განმარტებაზე უარი გვითხრეს.

აქციის მონაწილე მძღოლების თქმით, ნებართვას საერთაშორისო გადაზიდვებზე მხოლოდ ავტობუსები საჭიროებს, „მინივენები“ კი, ავტობუსის კატეგორიაში არ გადის. მათთვის გაუგებარია, რატომ დაიწყო თურქეთის პოლიციამ ქართველი მძღოლების დაჯარიმება.

მძღოლები სარფში თურქული ავტობუსებისთვის გზის გადაკეტვას აპირებენ, თუკი ხვალ საკონსულოსგან და აჭარის მთავრობისგან პასუხს ვერ მიიღებენ.

 

 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: