მომავალი წლიდან აჭარის მთავრობას დეპარტამენტები აღარ ექნება

2019 წლის იანვრიდან აჭარის მთავრობას საქვეუწყებო დაწესებულებები აღარ ექნება. აჭარის კონსტიტუციის ახალი რედაქცია აღარ ითვალისწინებს „აჭარის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებების“ არსებობას.

ამ დროისთვის აჭარის მთავრობას უშუალოდ 4 დაწესებულება ექვემდებარება: აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი, აჭარის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების სამმართველო,  საარქივო სამმართველო და გზების დეპარტამენტი.

რას უპირებს ამ უწყებებს აჭარის მთავრობა? – მთავრობის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება ნაადრევია, რადგან ამ ეტაპზე მთავრობის ახალ თავმჯდომარეს ელიან.

ანნა მდინარაძე, საია-ს აჭარის ფილიალის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ კონსტიტუციური კანონი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის შესახებ აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს ავალებს ამ საკითხის მოგვარებას 2019 წლის პირველ იანვრამდე.

„ამ ეტაპზე ეს საკითხი ღიად არის დატოვებული. უმაღლესმა საბჭომ და აჭარის მთავრობამ ერთად უნდა უზრუნველყონ  აჭარის ხელისუფლების ორგანოების სტატუსის აჭარის კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოყვანა. უნდა შემუშავდეს ნორმატიული აქტი, რომელიც ამ საკითხს დაარეგულირებს,“ – გვითხრა ანნა მდინარაძემ.

რომელი სამინისტროების დაქვემდებარებაში უნდა გადავიდნენ მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულებები და რა ფორმით  –  იურისტის თქმით, კანონი კონკრეტულ დათქმას არ აკეთებს და ეს ხელისუფლების ხედვაზეა დამოკიდებული.

ვიდრე ქვეყნის პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი შეიცვლებოდა, აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე საუბრობდა იმაზე, რომ მთავრობაში განიხილებოდა ახალი სამინისტროების შექმნის საკითხი. „ბათუმელების“ ინფორმაციით, აჭარის მთავრობა ტურიზმის სამინისტროს შექმნას გეგმავდა. ახალი სამინისტროების შექმნის საშუალება აჭარის ახალმა კონსტიტუციამ გააჩინა.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი