აჭარის ჯანდაცვის გაზრდილი ბიუჯეტი და ახალი პროგრამები 2019 წლიდან

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტი წელს 1 062 686 ლარით გაიზრდება. აქედან 200 ათასი ლარი დაემატება „გულის ქირურგიის დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას, 500 ათასი ლარი – „ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების“ პროგრამას, 150 ათასი ლარი კი – „მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაციის“ პროგრამას, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამებით გაცილებით მეტი ბენეფიციარი ისარგებლებს.

დაგეგმილია „მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფისა“ და „შშმ და ხანდაზმულ პირთა სხვა დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის“ პროგრამების დაფინანსების გაზრდაც.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ კვარტალში, ჯანდაცვის პროგრამებით უკვე ისარგებლა 5 000-ზე მეტმა ბენეფიციარმა. პროგრამების დაფინანსება აჭარის ბიუჯეტში შესატანი ცვლილებების დამტკიცების შემდეგ გაიზრდება. ამ ცვლილებებს კი, ჯერ უმაღლესი საბჭოს კომიტეტებში განიხილავენ.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ 2019 წელს სამინისტროს ბიუჯეტი მიმდინარე წლის ბიუჯეტთან შეადრებით კიდევ გაიზრდება და 17 248 620 ლარი იქნება.

სამინისტრომ მომავალი წლისთვის ახალი პროგრამების ამოქმედებაც დააანონსა:

სოციალური დაცვის მიმართულებით: „მენჯ-ბარძაყის სახსრის დისპლაზიისა და თანდაყოლილი ამოვარდნილობის მქონე ბავშვთა რეაბილიტაცია“.

ფართოვდება მარტოხელა დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის პროგრამა, რომელსაც მომავალი წლიდან ბენეფიციარებად დაემატება სხვადასხვა პრობლემების მქონე დედები. ასევე, გაიზრდება სოციალური დაცვის თითქმის ყველა პროგრამის ბიუჯეტი და ბენეფიციართა რაოდენობა.

ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით:  200 ათასი ლარით გაიზრდება გულის ქირურგიის დაფინანსება, 500 ათასი ლარი დაემატება ავთვისებიანი სიმსივნით დაავადებულ პაციენტთა დამატებითი სამედიცინო მომსახურების პროგრამას, 150 ათასი ლარით გაიზრდება მოზრდილი მოსახლეობის სამედიცინო რეაბილიტაცია, ასევე 150 ათასი ლარით გაიზრდება ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის თანადაფინანსება, ამავე პროგრამით დაიწყება – შშმ პირების, 18 წლამდე ასაკის ბავშვების, ასაკით პენსიონერების 200 000 სარეიტინგო ქულით, 100 000 სარეიტინგო ქულის მქონე მოქალაქეებისა და უსახლკაროების ძვირადღირებული ქირურგიული ოპერაციების თანაგადახდა, სახელმწიფოს მიერ დამტკიცებული ტარიფის ფარგლებში.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის მიმართულებით კი დაგეგმილია შემდეგი სიახლეები:

  • 0-1 წლამდე ასაკის ბავშვთა ორთოპედიული გამოკვლევა, რენტგენოლოგიური დიაგნოსტიკა და მედიკამენტოზური პროფილაქტიკა.
  • მუნიციპალიტეტების სამედიცინო დაწესებულებებში პირველადი სკრინინგით გამოვლენილ, სმენის დარღვევების მქონე ახალშობილებში მეორადი სკრინინგის და საჭიროების შემთხვევაში ჩაღრმავებული კვლევების ჩატარება.
  • ჰელმინთებზე გამოკვლეული ბავშვებისათვის ოჯახის ექიმის/პედიატრის/პარაზიტოლოგის კონსულტაცია და ანტიჰელმინთური პრეპარატის სამკურნალო დოზის გადაცემა.
  • ბრონქული ასთმის დიაგნოსტიკისთვის ახალი სამიზნე ჯგუფის გამოვლენა ქალაქ ბათუმის საჯარო და კერძო სკოლების პირველ და მეორეკლასელთა შორის.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com