მთავარი,სიახლეები

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სტუდენტი იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს

22.05.2018 • 3063
პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი სტუდენტი იტალიაში სასწავლებლად მიიწვიეს

ის 21 წლისაა. პირველად მიეცა საშუალება, ექვსთვიანი სასწავლო პროგრამით წასულიყო იტალიურ უნივერსიტეტში. ეს მის ცხოვრებაში პროფესიული ზრდისკენ გადადგმული პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა. სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამაზე სწავლობს.

იტალიურ სასწავლო პროგრამაში წარმატებული და მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტები იღებენ მონაწილეობას. ამ სიაში გიორგი ფაღავაც [სახელი შეცვლილია] მოხვდა, თუმცა, როცა ლექტორებმა მას ამ პროგრამის შესახებ აცნობეს, გიორგიმ წინასწარვე იცოდა, რომ უცხოეთში მისი წასვლა შეუძლებელი იქნებოდა – პრობაციონერია და პირობით სასჯელს იხდის. ოთხი წლის განმავლობაში მას ქვეყნიდან გასვლის უფლება არ აქვს. ყველა ლექტორს ამას ვერ უმხელს, ინტერვიუზეც ანონიმურად ჩაწერის პირობით დავითანხმეთ. ამბობს, რომ  სამართალდამრღვევის იარლიყი ამ ქვეყანაში ახალგაზრდას უკან ხევს.

ბევრს არ საუბრობს საკუთარ გამოცდილებაზე, თუმცა გამოუვალ შემთხვევებში უწევს ახსნა, რომ მეგობარს ეხმარებოდა შეყვარებულის მოტაცებაში. მისი თქმით, მაშინ არ იცოდა, რომ არასრულწლოვანს იტაცებდნენ, არც ის, რომ მოტაცება სამართალდარღვევაა და არც ის, რომ დანაშაულის გამო უამრავ აკრძალვასთან მოუხდებოდა შეგუება 4 წლის განმავლობაში.

„თბილისის დატოვების უფლება და საქართველოს სხვა ქალაქში წასვლა მხოლოდ ერთი კვირით შემიძლია, მშობლები და ოჯახი რაიონში არიან. ფუტკრები გვყავს, მაგრამ ჩემებს ვერ ვეხმარები, დიდი ხნით ვერ ჩავდივარ. სამი წელი ვერ გავალ ქვეყნიდან, ჯერ მხოლოდ 11 თვეა, რაც სასჯელს ვიხდი. უცხოეთში სასწავლო პროგრამით წასვლის შანსი ყოველ წუთს არ ჩნდება. ახლა გამოჩნდა ეს შესაძლებლობა და ისეთ დროს, როცა ეს შეუძლებელია“, – ამბობს გიორგი.

გიორგი არასამთავრობო ორგანიზაციებსა და დანაშაულის პრევენციის ცენტრს, პრობაციის სამინისტროს თხოვნით არ მიმართავს, რადგან იცის, რომ გამონაკლისის დაშვება და მისი შეწყალება შეუძლებელია. პირობითი სასჯელის მძიმე მუხლი აქვს. კანონში ადამიანის გატაცების მუხლი დიფერენცირებული არ არის – პირის გატაცება მძიმე დანაშაულია და 7-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გოგოს გატაცებაში მონაწილეობა, რა თქმა უნდა, გიორგის მძიმე დანაშაულად ეთვლება, მიუხედავად იმისა, რომ ის გამტაცებლის დამხმარე იყო.

როცა პირობითი სასჯელი დაეკისრა, თავიდან სწავლის შეწყვეტაზე ფიქრობდა. იცოდა, რომ საჯარო სამსახურებსა თუ კერძო კომპანიებში მაღალანაზღაურებად პოზიციებზე თითქმის ყველგან ითხოვენ ნასამართლობის საბუთს. ფიქრობდა, რომ ასეთ პირობებში სწავლაც და მისი ნებისმიერი ძალისხმევაც უშედეგო იქნებოდა. მერე სწავლის შეწყვეტა გადაიფიქრა და სამშენებლო მენეჯმენტის პროგრამას მალე დაამთავრებს.

„სწავლას მალე მოვრჩები, მაგრამ სად უნდა ვიმუშაო? სუპერმარკეტის კონსულტანტობაც კი პრობლემაა ჩვენთვის, პრობაციონერებისთვის, ყველას ვეზედმეტებით. მხოლოდ რამდენიმე თვით ვიმუშავე ერთ მარკეტში, ისიც მოვიტყუე: არ მითქვამს, რომ ნასამართლევი ვარ. როცა ეს ცნობა მოგვთხოვეს თანამშრომლებს, ავდექი და წამოვედი. მაინც გამომიშვებდნენ და რა აზრი ჰქონდა“.

გიორგი ამბობს, რომ ასეთ დროს, როცა პრობაციონერები დასაქმებისას პრობლემებს აწყდებიან, დიდი მნიშვნელობა აქვს მცირე ბიზნესის განვითარებას. დემოკრატიის ინსტიტუტმა მას „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მეფუტკრეობის წასახალისებლად საჭირო ხელსაწყოები შეუძინა. პროექტს დემოკრატიის ინსტიტუტი ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და სამეგრელო – ზემო სვანეთში.

გიორგი გვეუბნება, რომ თუ ქვეყანაში პრობაციონერების მიმართ სახელმწიფოსა და დამსაქმებლების დამოკიდებულება უფრო ჰუმანური არ გახდება, შესაძლოა სამომავლოდ სწორედ მეფუტკრეობა იქცეს მისი შემოსავლის მთავარ წყაროდ.

„არც ერთ ნორმალურ სამსახურში არ აჰყავხარ არავის, თუ ნასამართლევი წარსული გაქვს. გამოდის, რომ ტყუილად უნდა იწვალო, ისწავლო და საბოლოოდ არაფრისთვის. ისევ მეურნეობას თუ მოჰკიდებ ხელს, რომ გადარჩე“, – ამბობს გიორგი.

მისივე თქმით, არალოგიკურია, როცა კანონი აკრძალვებს უწესებს დასაქმების მსურველ პრობაციონერებს. ამბობს, რომ სასჯელს იმსახურებდა, მაგრამ ასეთს არა, რამაც მთელ მის პროფესიული და ცხოვრებისეული გეგმები შეცვალა.

მასალა მომზადებულია პროექტის – „ყოფილი პატიმრების, პატიმართა ოჯახებისა და პრობაციონერების მხარდაჭერის პროგრამა“  ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ა(ა)იპ „დემოკრატიის ინსტიტუტი“ და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
მასალაში გამოთქმული მოსაზრებები ავტორისეულია და შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის თვალსაზრისს.

___________

 ფოტო: unsplash.com

გადაბეჭდვის წესი


ასევე: