სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობები

საქართველოს კანონმდებლობით, სიგარაბარი არის სპეციალური დაწესებულება, რომელიც მოწყობილია „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად გაცემული ნებართვის საფუძველზე და რომელშიც დაშვებულია მხოლოდ პაპიროსის, სიგარისა, სიგარილას მოწევა, ასევე სასმელის შეთავაზება. სიგარაბარის სანებართვო მოსაკრებელი 15 000 ლარია. სიგარაბარის მოწყობის ნებართვა კი 4 წლის ვადით გაიცემა.

სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ კანონი განსაზღვრავს. ნებართვის გაცემას, გაუქმებას, მასში ცვლილების შეტანას, უწყებრივ სანებართვო რეესტრში გატარებას და ამ ნებართვასთან დაკავშირებულ სხვა ღონისძიებებს ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მაძიებელმა ნებართვის მისაღებად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთვის წარსადგენ განცხადებას, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების გარდა, უნდა დაურთოს შემდეგი დოკუმენტები და ინფორმაცია:

  • შესაბამისი დაწესებულების (მეწარმე სუბიექტის) საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • დოკუმენტები, რომლებითაც დასტურდება, რომ სიგარაბარი განლაგებული იქნება იზოლირებულ შენობაში ან შენობის იზოლირებულ ნაწილში, შენობის სხვა ნაწილებთან დაკავშირებული იქნება ყრუ კედლით, ექნება ცალკე შესასვლელი, სავენტილაციო სისტემა და სიგარის კვამლი ვერ მოხვდება შენობის სხვა ნაწილში ან სხვა შენობა-ნაგებობაში;
  • შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი სავენტილაციო სისტემის გამართული მუშაობის თაობაზე;
  • ელექტროდამატენიანებელი აპარატის ფლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
  • ინფორმაცია შესაბამისი დაწესებულების თანამშრომლებისთვის (დასაქმებულებისთვის) თამბაქოს ნაწარმის რეალიზაციისა და მოხმარების წესების სწავლების თაობაზე.

მოქმედი კანონმდებლობით აკრძალულია:
  • სიგარაბარის მოწყობის ნებართვის სხვა პირისთვის გადაცემა.
  • სიგარაბარში ჩუქების, გაყიდვის ან გასინჯვის მიზნით მომხმარებლისთვის რაიმე პროდუქტის შეთავაზება, გარდა სიგარისა, აგრეთვე სასმელისა.
  • სიგარაბარში არასრულწლოვნის შეშვება.

სიგარაბარის მესაკუთრე [ნებართვის მფლობელი] ვალდებულია:
  • თვალსაჩინო ადგილას განათავსოს შესაბამისი სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საკონტაქტო ინფორმაცია.
  • სიგარაბარის მოწყობის ნებართვის გამცემს ნებართვის მიღებიდან 1 წლის შემდეგ და ყოველ მომდევნო წელს წარუდგინოს ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შესაბამისი წლის მიხედვით მისი წლიური ბრუნვის არანაკლებ 15 პროცენტს სიგარის რეალიზაციით მიღებული თანხა შეადგენდა.

სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ კანონით გათვალისწინებული სიგარაბარის მოწყობის სანებართვო პირობების შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით.

ჯარიმის დაკისრების მიუხედავად, სიგარაბარის მოწყობის ნებართვის მფლობელის მიერ სანებართვო პირობების კვლავ შეუსრულებლობა გამოიწვევს მის დაჯარიმებას „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის შესაბამისად [ჯარიმის ორჯერ გასამმაგება, ნებართვის გაუქმება].

სამართალდარღვევის ოქმის შედგენის და საქმის განხილვის უფლება აქვს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის ორგანოს.

სიგარაბარის მოწყობის სანებართვო მოწმობის ფორმა საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ორი დღის წინ, 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა.
ამავე თემაზე:
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი


ავტორი
თედო ჯორბენაძე, ჟურნალისტი მობ.: 599 139 412 ელ/ფოსტა: tedobatumi@gmail.com